„კამიუს „შავი ჭირის“ გაყიდვა 86%-ით გაიზარდა“ - შიში და მდუმარება ირკუტსკში 

დღემდე რაც დადასტურებით ვიცით, ისაა რომ, ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში მძიმე პნევმონიით 29 სექტემბერს მოათავსეს, 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.

თითქმის ორი კვირა გავიდა, ირკუტსკში ლაბორანტის გარდაცვალებით გამოწვეული შავი ჭირის, ოფიციალური ვერსიით, ცრუ განგაშიდან. კარანტინში მყოფი ადამიანები უკვე გამოუშვეს, ინსტიტუტიც, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა, კვლავ მოქმედია. თუმცა ისინი, ვინც ჯერ კიდევ ცდილობს გაიგოს, რა მოხდა, შეზღუდვების მოხსნამ ვერ დაამშვიდა.

ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომლის, დარია შიპილოვას მოულოდნელი გარდაცვალებისთანავე ელვისებურად გავრცელდა ხმები, რომ მისი სიკვდილი გატეხილ სინჯარას და შავი ჭირის ვირუსს უკავშირდებოდა. დღემდე რაც დადასტურებით ვიცით, ისაა რომ, ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში მძიმე პნევმონიით 29 სექტემბერს მოათავსეს, 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ანალიზებმა ის განსაკუთრებით საშიში პათოგენები ვერ გამოავლინა, რომლებსაც ინსტიტუტში იკვლევენ. ხელისუფლებამ ხელაღებით უარყო ლაბორატორიაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტიც. მიუხედავად ამისა, შიპილოვასთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი სამედიცინო კარანტინში მოათავსეს.

გვიჩიჩინებენ, არაფერი მომხდარა, სანახავი არაფერია, გაიარეთო. ამავე დროს, არც დოკუმენტებს გვაჩვენებენ, არც კვლევებს...

ირკუტსკელმა, რომელსაც აქ მისივე თხოვნით მხოლოდ ინიციალებით - ო. ბ.-ს ინიციალებით მოვიხსენიებთ, დარიას სიკვდილის შესახებ პირველად მეგობრისგან გაიგო, რომელიც იმ საავადმყოფოში მუშაობს, სადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. თუმცა მეგობარი მალევე დადუმდა.

„გაჩუმება აიძულეს; აღარავის ეკონტაქტება, ტელეფონიც მუდმივად გამორთული აქვს“, ამბობს ო. ბ.

ო. ბ. და და ადგილობრივი ჟურნალისტი ევგენია (სახელი მისივე თხოვნით შეცვლილია) გვიყვებიან, როგორ ცხოვრობს ირკუტსკი შავი ჭირის შესაძლო გავრცელებით გამოწვეული აურზაურიდან ორი კვირის შემდეგ: სიკვდილის მიზეზზე უპასუხოდ დარჩენილი კითხვები, ადამიანები, რომლებსაც ლაპარაკის ეშინიათ, ინტერნეტიდან საეჭვოდ გამქრალი ცნობები და ჭორები. რომლებიც თანდათან უფრო და უფრო ფანტასტიკის ელფერს იძენენ. როგორც მათი მონათხრობიდან ჩანს, ოფიციალური მტკიცების მიუხედავად, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა, ირკუტსკი ისევ „შიშსა და დუმილში“ ცხოვრობს - მით უმეტეს, რომ ჯერაც გაურკვეველია, საერთოდ რა საფრთხეზე იყო საუბარი. ქალაქში შიშები ვერც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებამ გააქარწყლა - 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინფექციის დამადასტურებელი მტკიცებულება არ აღმოჩენილა. თუმცა იქვე ხაზგასმით ფიქსირდება, რომ ამ დასკვნამდე ორგანიზაცია უშუალოდ რუსეთის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე მივიდა. პნევმონიის მიზეზი, რომელსაც ლაბორანტის სიცოცხლე ემსხვერპლა, WHO-სთვისაც დაუდგენელი რჩება.

ირკუტსკელი ჟურნალისტი გვიყვება, რომ ახალგაზრდა ქალის დედასაც ესაუბრა, თუმცა მომხდარს ნათელი ვერც ამ საუბარმა მოჰფინა:

„დედამისს ველაპარაკეთ. ბევრი ვერაფერი გვითხრა. კარანტინში ჰყავდათ; შვილის სიკვდილის შესახებ დასკვნაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნანახი. დღემდე არ იცის, რისგან გარდაიცვალა მისი შვილი. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და საქმეც ჯერ არ გადაუციათ. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი გუბერნატორისთვის, გამოსულიყო და ომახიანად განეცხადებინა, რომ არანაირი შავი ჭირი არ დადასტურდა და მშვიდად უნდა ვიყოთ“.

ასევე ნახეთ

WHO რუსეთისგან დამატებით პასუხებს ითხოვს - არსებობს რისკი საქართველოსთვის?

დარია შიპილოვას გარდაცვალების შემდეგ ირკუტსკში გუბერნატორის, ძალოვანი უწყებებისა და რუსეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უწყების, „როსპოტრებნადზორის“, მონაწილეობით საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომაზე დასასწრებად ირკუტსკში პირადად „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი ჩაფრინდა, რომელიც იმავდროულად რუსეთის მთავარი სანიტარიული ექიმია. „ასეთი რამ მხოლოდ უკიდურესად მძიმე, საგანგებო ვითარების დროს ხდება“, ამბობს ევგენია.

„გვიჩიჩინებენ, არაფერი მომხდარა, სანახავი არაფერია, გაიარეთო. ამავე დროს, არც დოკუმენტებს გვაჩვენებენ, არც კვლევებს და არც იმას ამბობენ, რა დაავადებაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ხალხი ხვდება, რომ სიმართლეს არ ეუბნებიან, ხელისუფლება რაღაცას მალავს და რაღაც მართლაც მოხდა, თან ძალიან სერიოზული რამ, სხვაგვარად ამ შეზღუდვებს უბრალოდ არ დააწესებდნენ. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ხალხი შეეგუა იმას, რომ ხელისუფლება სიმართლეს არ ეტყვის. უბრალოდ იმედოვნებენ, ან თავს იმშვიდებენ, რომ საფრთხემ ჩაიარა“.

სპეციალური ნიღბები ჯერ გაძვირდა, მერე ფასი გაორმაგდა და 20 ათას რუბლს მიაღწია, ახლა კი საერთოდ დეფიციტშია, ძნელად თუ იშოვი...

ევგენიას თქმით, ინსტიტუტი მკაცრად კონტროლირებადი დაწესებულებაა. გარეშე პირები ვერ შედიან, იქ დასაქმება კი უაღრესად პრესტიჟულ კარიერულ შესაძლებლობად ითვლება.

ის იხსენებს, რომ, „როსპოტრებნადზორისა“ და გენერალური პროკურატურის პირველადი შემოწმებების შემდეგ ადგილობრივ მედიაში დაიწერა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. ვის წინააღმდეგ, არ დაკონკრეტებულა. შემდეგ კი ეს ცნობები მედიიდან და ინტერნეტიდან უბრალოდ გაქრა.

ჟურნალისტის თქმით, თავდაპირველად სხვა წყაროებში ციტატების ან გადაბეჭდილი მასალების სახით მაინც იძებნებოდა ინფორმაცია, მაგრამ მოგვიანებით ეს კვალიც გააქრეს.

„ხელისუფლება სამთავრობო მედიასთან ერთად ნებისმიერ ინფორმაციას ძალიან გულმოდგინედ და ზედმიწევნით შლის. ამ ამბის ხსენების კვალსაც კი აქრობენ“, ამბობს ევგენია.

დუმილი მხოლოდ ინსტიტუტით არ შემოიფარგლება. საუბარი შეწყვიტეს იმ ადამიანებმაც, რომლებიც თავდაპირველად ჟურნალისტებთან კონტაქტზე გამოდიოდნენ.

„ისინიც კი, ვინც თავიდან გველაპარაკებოდა, მისი თანაკურსელები, მეგობრები და ახლობლები, ახლა ყველა უარს ამბობს საუბარზე. ამბობენ, გვეშინია, გვაშინებენ და ჩვენს სატელეფონო საუბრებს უსმენენო. საგულისხმოა ისიც, რომ დარიასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები კარანტინში „ეფესბეს“ თანხლებით გადაჰყავდათ“.

დამაჯერებელი ვერსიის არარსებობის პირობებში, ვარაუდები და სპეკულაციები დიდი ხანია გასცდა თავდაპირველ კითხვას - რამდენად იყო დაცული იყო ლაბორატორიაში უსაფრთხოების წესები.

„ხალხმა დაიწყო ლაპარაკი, რომ ეს უკრაინის სპეცსამსახურების პროვოკაცია იყო: რომ აი, ჩვენ ხომ ძალიან შორს ვართ, ჰოდა, დრონებით აქამდე ვერ გვწვდებიან, ამიტომ რაღაც ბიოლოგიური იარაღი შემოიტანესო“, ამბობს ევგენია

"ეს პროპაგანდაც კი არ არის, ეს უკვე ფანტასტიკის სფეროა. როცა ღიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ არსებობს, ჭორები და კონსპირაციული თეორიები ნოყიერ ნიადაგს პოულობენ“.

ასევე ნახეთ

WHO: წინასწარი შეფასებით, ფილტვის ჭირის გავრცელების საფრთხე: რუსეთში - „დაბალი“, ევროპის რეგიონში - „ძალიან დაბალი“

ანალოგიურ სურათს ხატავს რადიო თავისუფლების მეორე რესპონდენტიც: მათ, ვინც კითხვებს სვამდა, გაჩუმება აიძულეს. მისთვის მთელმა ამ ამბავმა ღიად გროტესკული სახე მიიღო:

„სპეციალური ნიღბები ჯერ გაძვირდა, მერე ფასი გაორმაგდა და 20 ათას რუბლს მიაღწია, ახლა კი საერთოდ დეფიციტშია, ძნელად თუ იშოვი. გარდა ამისა, რუსეთში ერთ კვირაში შავი ჭირის შუა საუკუნეების ექიმის ნიღბების გაყიდვა 500%-ზე მეტით გაიზარდა. უბრალო ნიღბები 400 რუბლიდან ღირს, უფრო ძვირი მოდელების ფასი კი 18 500 რუბლს აღწევს. და ალბათ ყველაზე სიმბოლური რამ: ბოლო ერთ კვირაში ალბერ კამიუს რომანის, „შავი ჭირის“, გაყიდვაც 86%-ით გაიზარდა“.

სინამდვილეში არანაირი განსაკუთრებული ზომები არ მიუღიათ. უბრალოდ ხალხი კარანტინიდან გამოუშვეს...

ადგილობრივი მედიის ცნობით ყველაზე მეტი ეგზემპლარი მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში შეიძინეს. მათ მოჰყვება ირკუტსკის, ჩელიაბინსკის, ვორონეჟის ოლქები და კრასნოიარსკის მხარე.

მათთვის, ვინც ხელისუფლებას არ ენდობა, ამ ამბის საერთაშორისო რეზონანსი კიდევ ერთი ირიბი მტკიცებულებაა იმისა, რომ მათ სიმართლეს არ ეუბნებიან. ე. ო.-ს თქმით, ცნობამ, რომ დონალდ ტრამპი ამ შემთხვევაზე ვლადიმირ პუტინთან საუბარს აპირებდა, ირკუტსკიც მაცხოვრებლები დამშვიდების ნაცვლად, კიდევ უფრო შეაშფოთა. ვაშინგტონის ყურადღება მათ იმის ნიშნად მიიღეს, რომ ვითარება შეიძლება გაცილებით საშიში ყოფილიყო, ვიდრე ეუბნებოდნენ. „ჰგონიათ, რომ ამერიკამ ბევრად მეტი იცის... ეს აფრთხობთ“.

„ჩვენ კი რა ვუპასუხეთ? მოსკოვის პასუხი ასეთი იყო: ყველაფერს თვითონ მოვაგვარებთ, საფრთხე არ არსებობსო, და აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა მოხსნეს. სინამდვილეში არანაირი განსაკუთრებული ზომები არ მიუღიათ. უბრალოდ ხალხი კარანტინიდან გამოუშვეს. ახლა კი, როცა ვეკითხებით, რა ხდებაო, მოკლედ გვპასუხობენ: პანიკას ნუ აჰყვებითო...“ ამატებს ო. ბ.