მასირებული შეტევა იყო რუსეთის ქალაქ ვორონეჟზე

საჰაერო შეტევით გამოწვეული ხანძარი ვორონეჟში. 2026 წლის 26 ოქტომბერი

26 ოქტომბერს მასირებული შეტევა იყო რუსეთის ვორონეჟის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ ვორონეჟზე და ახლომდებარე რაიონებზე.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა მსხვერპლი და ხანძრები სამრეწველო და სხვა ობიექტებზე. მონიტორინგის უკრაინული არხების ცნობით, სამიზნეებს შორის იყო სამხედრო დანიშნულების საწარმოები.

ვორონეჟის ოლქში უკრაინული დრონებით შეტევის საფრთხე 26 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 03:00 საათისთვის გამოაცხადეს, ორი საათის შემდეგ კი - სარაკეტო საფრთხეც.

ოფიციალური ცნობები

დილით ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დაიღუპა 2 და დაიჭრა 17 ადამიანი.

გუსევის თანახმად, საჰაერო თავდაცვამ „აღმოაჩინა და გაანადგურა” 113 უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 70-ზე მეტი ქალაქ ვორონეჟის თავზე.

გუბერნატორის ცნობითვე, ხანძრები გაჩნდა რამდენიმე საწარმოში, მრავალბინიან სახლში, ქალაქ ვორონეჟის იმ რაიონში, რომელსაც საქმიან ცენტრს უწოდებენ, სკოლის სტადიონზე და აგარაკების ორ დასახლებაში. ფასადები და ფანჯრები დაზიანებულია ქალაქის თითქმის ყველა რაიონში.

გუსევს არ დაუსახელებია კონკრეტული საწარმოები, სადაც ხანძრები გაჩნდა.

რუსეთის რკინიგზის ინფორმაციით, ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე დარტყმის ქვეშ მოექცა სამგზავრო მატარებელი, რომელიც ანაპა-მოსკოვის რეისს ასრულებდა. დაშავდა სულ მცირე 5 მგზავრი. სარკინიგზო მომოსვლა შეჩერებულია.

სხვა წყაროები

მონიტორინგის უკრაინული არხის Supernova+-ის წინასწარი მონაცემებით, ვორონეჟში დარტყმა იყო ნავთობქიმიურ საწარმოზე „ვორონეჟსინთეზ კაუჩუკი“, საავიაციო ტექნიკის მწარმოებელ ქარხანასა და ჩრდილოეთის ხიდზე. ხანძრები გაჩნდა საცხოვრებელ რაიონებშიც. ამ არხის თანახმად, შეტევა იყო როგორც დრონებით, ისე რაკეტებით.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული დამოუკიდებელი გამოცემის, ASTRA-ს ცნობით, ქალაქ ვორონეჟში დაზიანებულია ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „ურიცკი“. დრონი მოხვდა ბიზნეს-ცენტრ „ჩიჟოვის გალერეას“.

უკრაინას ვორონეჟზე შეტევის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ

უკრაინის დრონებმა შეუტიეს ბელგოროდს და პერმის მხარეს
  • რუსეთი თავის ტერიტორიაზე უკრაინის შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.
  • უკრაინა აცხადებს, რომ ეს არის პასუხი რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომზე და გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლებით სარგებლობს.