- სტუდენტების ინიციატივით შექმნილმა ახალმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა მოძრაობამ, „სტუდენტურმა სიამ“, სერბეთში 25 ოქტომბერს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეძლო ყოფილი პრეზიდენტის, ვუჩიჩის მმართველი „პროგრესული პარტიისა" და მისი მოკავშირეების დამარცხება.
ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებმა ანტონიუ კოშტამ და ურზულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში თავიანთ ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულ ერთნაირი შინაარსის ტექსტში ხაზი გაუსვეს სერბეთის ხალხის სარეკორდო აქტივობას საკუთარი ქვეყნის მომავლის ფორმირებისთვის და „სტუდენტურ სიას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.
კოშტა და ფონ დერ ლაიენი მზადყოფნას აცხადებენ, მხარი დაუჭირონ რეფორმებს კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების სფეროებში და ითანამშრომლონ ევროკავშირში სერბეთის მომავლის წინსვლისთვის.
„სტუდენტურ სიას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ევროკომისარმაც გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა. მისი განცხადებით, სერბეთისთვის შესაძლოა დაიწყოს ახალი თავი, ევროკავშირის კარი ღიაა და მზად არიან წინ ერთად იარონ.
- სერბეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, „სტუდენტურმა სიამ“ ხმების 52%-ზე მეტი მიიღო, 250-წევრიან პარლამენტში სავარაუდოდ, 140 დეპუტატი ეყოლება და მთავრობის ფორმირებას შეძლებს.
- ვუჩიჩის პოლიტიკურმა გაერთიანებამ ხმების 39% მოიპოვა.
ასევე ნახეთ
ვუჩიჩმა წააგო, სტუდენტებმა გაიმარჯვეს - რა ელის სერბეთს?პროტესტი, ვუჩიჩის გადადგომა, ვადამდელი არჩევნები
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა სავარაუდო კორუფციისა და მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ სტუდენტების მიერ ორგანიზებული, თითქმის ორწლიანი საპროტესტო აქციების შედეგად.
საპროტესტო მოძრაობას ბიძგი მისცა ქალაქ ნოვი-სადში 2024 წელს მომხდარმა ტრაგედიამ, როცა რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სერბეთის ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება 2026 წლის სექტემბრის დასაწყისში მიიღო. სექტემბრის ბოლოს ალექსანდარ ვუჩიჩი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, რათა არჩევნებში თავისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში მთავრობის მეთაური გამხდარიყო.
„სტუდენტური სია" მასობრივი საპროტესტო აქციების დროს შეიქმნა. თავად საპროტესტო მოძრაობის ლიდერები საარჩევნო სიაში არ შესულან. საარჩევნო სიაში, რომლის პირველი ნომერი კარდიოლოგი ილია სრდანოვიჩია, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან.
ასევე ნახეთ
სერბეთი ევროკავშირსა და რუსეთს შორის - რა საერთო აქვს საქართველოსთან?სერბეთს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს 2012 წლიდან.
2014 წელს ოფიციალური მოლაპარაკებებიც გაიხსნა, თუმცა შემდეგ პროცესი შეაფერხა სერბეთის ხელისუფლების ანტიდემოკრატიულმა და პრორუსულმა პოლიტიკურმა კურსმა.