„ნათელია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ“, - განაცხადა ვუჩიჩმა 25 ოქტომბერს, გვიან საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.
„სტუდენტურმა სიამ გაიმარჯვა. მათ 135-დან 140-მდე მანდატი ექნებათ, ჩვენ - 105. პარლამენტში სხვა ვერავინ შევიდა“, - თქვა ვუჩიჩმა წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით. ამ დროს სტუდენტური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები ბელგრადში, ნოვი-სადსა და სხვა ქალაქებში გამარჯვებას ზეიმობდნენ.
ზოგიერთმა დამკვირვებელმა ვუჩიჩის მარცხი შეადარა აპრილის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთისადმი კეთილგანწყობილი ავტორიტარული ლიდერის, ვიქტორ ორბანის დამარცხებას უნგრეთში.
სერბეთის არჩევნებში სულ 18 საარჩევნო სია და 2400-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა. პარლამენტის 250 მანდატის განაწილების შემდეგ ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს.
„ახალი სახელმწიფოს“ შენება
„ხვალიდან ვიწყებთ მუშაობას სახელმწიფოს ასაშენებლად, სადაც კანონის უზენაესობა იქნება დაცული“, - განაცხადა "სტუდენტური სიის" წამყვანმა კანდიდატმა ილია სრდანოვიჩმა.
„ვაჩვენეთ, რომ ცვლილება შესაძლებელია, როცა ამის ნება არსებობს. ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ მომენტის ღირსნი ვართ. სტუდენტებმა გაიმარჯვეს. გვინდა, ერთად ავაშენოთ ქვეყანა, სადაც ყველას ექნება სიმართლის, საკუთარი ხმისა და მომავლის უფლება“, - დასძინა მან.
ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორმა და "სტუდენტური სიის" კანდიდატმა რადომირ საიჩიჩმა თქვა: „ძვირფასო სერბეთო, ამ საღამოს ხალხის ხმა ისმის. დღეს გამარჯვებას ვზეიმობთ, ხვალ კი მომავალს ვაშენებთ“.
შედეგებს მიესალმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტაც. მისი შეფასებით, ეს სერბეთს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლაში დაეხმარება.
„დღეს სერბეთის მოქალაქეები რეკორდული რაოდენობით მივიდნენ არჩევნებზე თავიანთი ქვეყნის მომავლის განსასაზღვრად. ვულოცავ "სტუდენტურ სიას" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას“, - დაწერა მან X-ზე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმაც განაცხადა: „მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის საჭირო რეფორმებს და ერთად ვიმუშაოთ ევროკავშირში სერბეთის მომავლის უზრუნველსაყოფად“.
ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა
არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ გამოცხადებული არ იყო, თუმცა დამოუკიდებელი დამკვირვებლების ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობას შესაძლოა ბოლო ათწლეულების უმაღლესი მაჩვენებლისთვის მიეღწია და 70 პროცენტს მიახლოებოდა. მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებთან გრძელი რიგები იყო ბალკანურ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 6,6 მილიონია.
ვუჩიჩი, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, სექტემბრის ბოლოს გადადგა. რადგან მესამე ვადით კენჭისყრის უფლება აღარ ჰქონდა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემდეგ პრემიერ-მინისტრობას იმედოვნებდა.
საზოგადოების დიდი ნაწილის არჩევანი ორ ძალას შორის იყოფოდა: ვუჩიჩის მმართველი "სერბეთის პროგრესული პარტიის" (SNS) მიერ წარდგენილ სიასა და "სტუდენტურ სიას" შორის. ეს უკანასკნელი ჩამოყალიბდა მრავალთვიანი საპროტესტო მოძრაობიდან, რომელიც 2024 წლის ნოემბერში ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევასა და 16 ადამიანის დაღუპვას მოჰყვა.
სერბეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ კორუფციულმა პრაქტიკამ რკინიგზის სადგურზე უხარისხო სამშენებლო სამუშაოები განაპირობა. სადგურის განახლება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პროექტი იყო და მას ჩინური კომპანიები ახორციელებდნენ.
„ბინძური საქმე“
მიუხედავად იმისა, რომ მარცხი მალევე აღიარა, ვუჩიჩმა შედეგის გამო გაღიზიანება გამოხატა. მისი თქმით, ეს იყო „ბინძური საქმის“ შედეგი, რომლის უკანაც იდგნენ აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები და ევროპის სხვა დედაქალაქების ლიდერები.
„მინდა, ხალხმა იცოდეს: ეს იყო ხალხის მიერ განხორციელებული რევოლუციის ლეგიტიმაცია, ევროპის სხვადასხვა ქვეყნისა და ამერიკული „დიპ სტეიტის“, იმ ძალის, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს უპირისპირდება, პირდაპირი მხარდაჭერით“.
მან დასძინა, რომ მისი მოწინააღმდეგეები „უბრალოდ ასრულებენ სხვის მიერ მოფიქრებულ ბინძურ საქმეს სუვერენული ქვეყნის დასამხობად. დროებით გამოგივიდათ. ვნახოთ, რამდენ ხანს“.
„მარტისთვის ან აპრილისთვის რუსეთის ფედერაციას სანქციებს დაუწესებთ. ნახავთ. ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რაზეც თქვენთან საუბარი არ უნდოდათ, ყველაფერს, რაზეც გატყუებდნენ, რადგან, ვიმეორებ, მხოლოდ სხვის გეგმებს ასრულებენ“.
სერბეთს რუსეთთან ხანგრძლივი ეთნიკური და რელიგიური კავშირები აქვს. ქვეყანაში კვლავ ბევრია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი და კრემლის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწინააღმდეგე. ხელისუფლებაში ყოფნისას ვუჩიჩი მრავალჯერ შეხვედრია პუტინს.
ის ამავე დროს ხშირად აქებდა ტრამპს. გასულ თვეში გაეროში გამოსვლისას ვუჩიჩმა განაცხადა: „სერბეთი მხარს უჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებს და მის საქმიანობაში ხედავს მსოფლიოში უფრო სამართლიანი წესრიგის დამყარებისა და სერბეთისადმი, ორივე მსოფლიო ომში ამერიკის ახლო მოკავშირისადმი, უფრო პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების შესაძლებლობას“.
თუმცა სერბეთში დემოკრატიის მდგომარეობის გამო შეშფოთება როგორც რესპუბლიკელმა, ისე დემოკრატმა კანონმდებლებმა გამოთქვეს. აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენელთა ორპარტიული ჯგუფი უფრო მკაცრ რეაგირებას მოითხოვს იმაზე, რასაც სერბეთში დემოკრატიულ უკუსვლას, კორუფციასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მზარდ გავლენას უწოდებს.
ოდესღაც ულტრანაციონალისტი ვუჩიჩი სერბეთის პოლიტიკაში 14 წელზე მეტხანს დომინირებდა. ამ პერიოდში მან ძალაუფლება განიმტკიცა და თავი რეფორმატორად წარმოაჩინა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას რუსეთსა და ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებას უთავსებდა.
გამოხმაურებები აშშ-დან
თეთრ სახლს შედეგებზე დაუყოვნებლივი რეაქცია არ ჰქონია, თუმცა აშშ-ის სხვა წარმომადგენლები მათ მიესალმნენ.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, ვუჩიჩის ხანგრძლივმა კრიტიკოსმა და ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, რადიო თავისუფლებას უთხრა: „სერბმა ხალხმა ეს უდიდესი გამარჯვება საკუთარი შეუპოვრობითა და ქვეყანაში კანონის უზენაესობის აღდგენისადმი ერთგულებით მოიპოვა“.
„ეს გულისხმობს ჩინეთის კომუნისტური პარტიის დამაზიანებელი გავლენის განდევნასა და ენერგომომარაგების დივერსიფიცირებას რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად. სერბეთისთვის ახალი დღე თენდება - ქვეყანა დასავლურ ცივილიზაციაში თავის ადგილს იმკვიდრებს. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დიქტატორები უკან იხევენ“.
ვაშინგტონში მოქმედი „დემოკრატიის დაცვის ფონდის“ მკვლევარმა ივანა სტრადნერმა რადიო თავისუფლებას უთხრა: „სერბეთში ახლა ისეთივე ენერგიას ვხედავთ, როგორსაც სლობოდან მილოშევიჩის დამხობისას ვხედავდით“.
„მაგრამ ისტორია არ უნდა განმეორდეს: ვუჩიჩის ჩამოშორება მხოლოდ დასაწყისია. ახლა სერბეთმა უნდა დაშალოს კორუფციისა და ავტორიტარული კონტროლის სისტემა, რომელიც მის მმართველობას ამყარებდა, და მხოლოდ სათავეში მყოფი ადამიანები არ შეცვალოს“.
„ეს სერბეთის შანსია, შექმნას მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტები და ქვეყანა მტკიცედ დააყენოს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე“, - დასძინა მან.
სტრადნერის თქმით, ვუჩიჩი „მოსკოვსა და პეკინთან მჭიდრო კავშირებს ამყარებდა და სერბეთი ევროპაში მათ ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად აქცია. ახლა რუსეთმა და ჩინეთმა შესაძლოა ევროპაში მნიშვნელოვანი მოკავშირე და გავლენის ძლიერი საყრდენი დაკარგონ“.
მასალაში გამოყენებულია რადიო თავისუფლების ვაშინგტონის უფროსი კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს რეპორტინგი.
ფორუმი