უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკის ერთ-ერთი ქუჩა

უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში(რუსულად ალეშკი), რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. მიზანი ადგილობრივ მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება და სურვილის შემთხვევაში, მათი ევაკუაციაა.

უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა დაადასტურა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა 27 ოქტომბერს, კიევის დროით 03:00 საათიდან. დმიტრო ლუბინეცი ჰუმანიტარულ მისიას ხელმძღვანელობს რუსეთის წარმომადგენელთან ადამიანის უფლებების საკითხებში იანა ლანტრატოვასთან ერთად, აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობითა და კოორდინაციით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ ალეშკის რაიონში ჰუმანიტარული ოპერაციის მოსამზადებლად და ჩასატარებლად მოსკოვის დროით 04:00 საათიდან ამოქმედდა „სიჩუმის რეჟიმი“.

ჰუმანიტარული კატასტროფა ოლეშკიში

ოკუპირებული ოლეშკი მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ქალაქ ხერსონთან, რომელიც მარჯვენა ნაპირზეა და უკრაინის კონტროლქვეშ რჩება.

კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ ოლეშკიზე მუდმივ დარტყმებში, რომელთა გამოც ქალაქის მცხოვრებთათვის შეუძლებელია საჭირო პროდუქტების მიწოდება.

ქალაქსა და მის მეზობელ სოფლებში ჰუმანიტარული კატასტროფაა.

მოხალისეთა ჯგუფების მონაცემებით, 2026 წლის შემოდგომისთვის ქალაქ ოლეშკიში დარჩენილია დაახლოებით 1500-1700 ადამიანი, მეზობელი სოფლების ჩათვლით კი - დაახლოებით 6000, მათ შორის 200-მდე ბავშვი.

ასევე ნახეთ

შიმშილი ოკუპირებულ ქალაქში - უკრაინა ოლეშკისათვის საკვების მიწოდებას დრონებით ცდილობს 

23 ოქტომბერს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მონაწილეობით რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე ოლეშკის რაიონში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მომზადდეს მოსახლეობის ევაკუაცია.

ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფისკენ რუსეთს და უკრაინას მოუწოდა რომის პაპმა ლეონ XIV-მ.

ოლეშკიში შექმნილი ვითარების გამო შიმშილობა გამოაცხადა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, იტალიელმა პინა პიჩერნომ.

ასევე ნახეთ

“იცით, რას წარმოადგენს ოლეშკის მორგი?” - როგორი სახე აქვს ჰუმანიტარულ კატასტროფას