ლემონჯავამ ბათუმში, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული არგუმენტები რუსეთის ე.წ. ახალი რეალობის დოქტრინას იმეორებს.
მისი თქმით, სარჩელში მოყვანილი ორი თეზისი - 2007 წელს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრების ხელოვნურად აღდგენისა და 2008 წლის ომის საქართველოს მიერ დაწყების შესახებ - რუსეთის პოზიციას ემთხვევა.
გიგა ლემონჯავა
„თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ თეზისებს ფაქტად დაადგენს, საქართველოს სახელმწიფო ორგანო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მისცემს რუსულ ნარატივს შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ ლეგიტიმაციას“, - განაცხადა ლემონჯავამ.
ასევე ნახეთ
„ოცნების“ სარჩელი რუსეთის აგრესიის გამართლებას ემსახურება - ბეჟაშვილინადარაიამ მისი მსჯელობა პოლიტიკურ შეფასებად მიიჩნია და განაცხადა, რომ ასეთი არგუმენტები სასამართლოსთვის რელევანტური არ არის.
„ეს თქვენი პოლიტიკური შეფასებები სასამართლოსთვის არ არის რელევანტური... არ გაწყვეტინებთ, მაგრამ როდესაც ყველანაირ ზღვარს ცდებით, ეთიკურობისაც მათ შორის, ეს კატეგორიულად მიუღებელია“, - უთხრა მან ლემონჯავას.
როდესაც პოლიტიკოსმა საუბარი სერგეი ლავროვის განცხადებებზე გააგრძელა, ნადარაიამ კვლავ შეაწყვეტინა:
„ლავროვის განცხადებები რაში აინტერესებს სასამართლოს?.. ლავროვის განცხადებას განიხილავს სადმე სასამართლო? სადმე ჩაწერს, სადმე მოიხსენიებს?“
დისკუსიაში ჩაერთო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი როინიშვილიც. მან ლემონჯავას მოუწოდა, ყურადღება დასაბუთებულ გარემოებებზე გაემახვილებინა.
„თქვენ რაზეც გვეუბნებით, ჩვენ ეს უნდა ავსახოთ, როგორც ფაქტობრივი გარემოებები გადაწყვეტილებაში, ასევე მერე უნდა შევაფასოთ სამართლებრივად. სასურველია, რომ ისეთ რაღაცებზე გვესაუბროთ, რაც ასახვადია“, - განაცხადა როინიშვილმა.
ლემონჯავას განმარტებით, მას სურდა ეჩვენებინა, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს სარჩელის დაკმაყოფილებამ. მისი შეფასებით, სარჩელში მოყვანილი გარემოებებისთვის სამართლებრივი ძალის მინიჭება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლსაც ეწინააღმდეგება, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება.
ასევე ნახეთ
ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე? - კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებსრას ითხოვს „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას ითხოვს.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და პოლიტიკური კონკურენციის მოსპობაა.