ქნესეთის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუსა და აიზენკოტის ბლოკებს მოუწევთ მთავრობის ფორმირებისთვის სხვა პარტიებთან კონსულტაციები

ისრაელის ქნესეთის არჩევნების შემდეგ თითქმის ყველა ხმა დათვლილია საარჩევნო უბნებს მიღმა მიცემული ხმების გარდა.

მოქმედი პრემიერმინისტრის - ბენიამინ ნეთანიაჰუს გარშემო გაერთიანებულ ბლოკს ყველაზე მეტი მანდატი ექნება, რამდენიმე ხმით მეტი, ვიდრე მთავარ ოპოზიციურ ბლოკს გადი აიზენკოტის თაოსნობით, თუმცა ვერ ახერხებს უმრავლესობის - 61 ადგილის მოპოვებას.

ისრაელში საარჩევნო უბნებს მიღმა მიცემული ხმების რაოდენობა დაახლოებით 600 ათასია, მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 10%. მათი დათვლა, ბი-ბი-სის თანახმად, ხუთშაბათს დასრულდება. ისრაელში უბნებს მიღმა ხმის მიცემის უფლება აქვთ საზღვარგარეთ მყოფ დიპლომატებსა და სახელმწიფო წარგზავნილებს, ქვეყნის შიგნით კი სამხედრო მოსამსახურეებსა და რეზერვისტებს, პატიმრებს, შშმ პირებსა და საავადმყოფოებში მყოფ პაციენტებს. რაოდენობრივად, ყველაზე მეტი ბიულეტენი სამხედროებისა და რეზერვისტებისაა.

ასევე ნახეთ

ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რომ თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი საარჩევნო ციკლი“.

ისრაელის პრეზიდენტი პასუხისმგებელია იზრუნოს ქვეყნის ეფექტიანად მართვისთვის მთავრობის ფორმირების შესაძლებლობების გაზრდაზე და მოუწოდოს ლიდერს, რომელიც ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მისი შეხედულებით, ყველაზე ეფექტიანად მოახერხებს უმრავლესობის ფორმირებას ქნესეთში, იზრუნოს ამაზე.

ჰერცოგის განცხადებით, „გუშინდელი არჩევნები ნამდვილად შთამბეჭდავი იყო, ბოლო ათწლეულების განმავლობაში უდიდესი აქტივობით. ეს გამოარჩევს ისრაელის საზოგადოებას და შესანიშნავი იყო იმის ხილვა, როგორი ღრმაა დემოკრატიისადმი სწრაფვა ისრაელში“.

ისრაელის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შედეგების მიღების შემდეგ, ის შეუდგება კონსულტაციებს - მოუსმენს ყველა ფრაქციას და გამართავს დისკუსიებს.

არაბთა “ერთიანი სიის“ ლიდერმა იუსეფ ჯაბარინმა განაცხადა, რომ მისი ბლოკი (წინასწარი მონაცემებით, ხმების 9%-ზე მეტით) „მზად არის გაკვალოს გზა ნეთანიაჰუს მთავრობის გადაყენებისკენ“. ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ერთიან სიას“ შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება კოალიციური მთავრობის შექმნის პროცესში.

ჯაბარინმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „სისხლის ღვრის მთავრობის პირისპირ და უზენაესობის, რასიზმისა და გარიყვის პოლიტიკის პირისპირ, გთავაზობთ სრულიად განსხვავებულ ალტერნარივას“. მისივე სიტყვებით, „ცვლილება გადის ებრაულ-არაბულ პარტნიორობაზე - ჭეშმარიტ და თანასწორ პარტნიორობაზე. არც მეტი, არც ნაკლები“.

ოთხშაბათსვე „დემოკრატების“ ლიდერმა, ისრაელის თავდაცვის ძალების თადარიგის გენერალ-მაიორმა იაირ გოლანმა განაცხადა, რომ ოპოზიციურმა ბლოკმა მთავრობის ფორმირებისთვის უნდა იმუშაოს არაბთა პარტიებთან. არჩევნებამდე გადი აიზენკოტი გამორიცხავდა ასეთ თანამშრომლობას.

ასევე ნახეთ

ისრაელში ქნესეთის არჩევნებში უმრავლესობა ვერცერთმა ბლოკმა ვერ მოიპოვა - ხმების დათვლა გრძელდება, წინ პარტიებს შორის მოლაპარაკებებია

27 ოქტომბერს ისრაელში გაიმართა ქნესეთის არჩევნები, რომელშიც ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა უმრავლესობა - მინიმუმ 61 ადგილი. არჩევნების წინასწარი მონაცემები სულ უფრო ამყარებს მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შესაქმნელად ბარიერგადალახულ პარტიებთან კონსულტაციებისა და თანამშრომლობის აუცილებლობას.

ისრაელის კანონმდებლობით, თუკი პოლიტიკური ძალები მთავრობის ფორმირებას ვერ მოახერხებენ, ეს შეიძლება გახდეს ქნესეთის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი.