Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში ქნესეთის არჩევნებში უმრავლესობა ვერც ერთმა ბლოკმა ვერ მოიპოვა - ხმების დათვლა გრძელდება, წინ პარტიებს შორის მოლაპარაკებებია

ისრაელში დასრულდა საკანონმდებლო ორგანოს - 26-ე მოწვევის ქნესეთის არჩევნების დღე. ისრაელის მთავარი მაუწყებლის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, მოქმედი პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკმა მიიღო 50 ადგილი, გადი აიზენკოტის ბლოკმა - 53 ადგილი. 17 მანდატი ერგო ბლოკებს მიღმა მყოფ არაბების პოლიტიკურ პარტიებს. შესაბამისად, უმრავლესობა ქნესეთში - 61 ადგილი ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა. ცალკეული პარტიების შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე „ლიქუდია“. ბი-ბი-სი წერს, რომ ეგზიტპოლების შედეგები ადრე ქცეულა არასწორი პროგნოზების საფუძვლად, ქნესეთში უმრავლესობის ბედი კი შეიძლება რამდენიმე მანდატმა გადაწყვიტოს.

27 ოქტომბრის არჩევნები ამომრჩევლის მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკში მისივე პარტია „ლიქუდის“ გარდა გაერთიანებულია კიდევ ექვსი - მემარჯვენე, რადიკალი მემარჯვენე და ულტრა-ორთოდოქსული პარტია.

ოპოზიციის ბლოკში გაერთიანებულები არიან გადი აიზენკოტის ცენტრისტული პარტია „იაშარი“, იაირ გოლანის მემარცხენე „დემოკრატები“, ყოფილი პრემიერმინისტრის ნაფტალი ბენეტის ცენტრისტული პარტია „ბ’იაჩადი“, ყოფილი ფინანსთა მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის მემარჯვენე პარტია „ისრაელ ბეითენუ“. ოპოზიციურ ბლოკს, რომელშიც მთავარ ფიგურად გადი აიზენკოტი მოიაზრება, აერთიანებთ ნეთანიაჰუს მთავრობის შეცვლის ამოცანა.

სამთავრობო და ოპოზიციური ბლოკები არჩევნებამდე ერთმანეთს აკრიტიკებდნენ ქნესეთში უმრავლესობის მოსაპოვებლად ისრაელის არაბთა პარტიების იმედად ყოფნაში. ზოგიერთი პროგნოზით, ხმების სრულად დათვლის შემდეგ, შესაძლებელია ისრაელის არაბთა პარტიების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა გაიზარდოს კიდეც.

საარჩევნო ხმების დათვლას დღეები დასჭირდება, ქნესეთში უმრავლესობის კოალიციის შესაქმნელად პარტიებს შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ კვირებს გასტანს.

ისრაელის მოქალაქეები ქნესეთს ოთხი წლით ირჩევენ. 18 წლის ასაკიდან ყველა მოქალაქეს აქვს ხმის მიცემის უფლება, 21 წლიდან კი ისრაელის მოქალაქეს შეუძლია გახდეს არჩევითი ორგანოს წევრი. ქნესეთის არჩევნები იმართება ერთი დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისრაელის სახელმწიფო ერთ საარჩევნო ოლქად არის მიჩნეული. ამომრჩევლები ხმას აძლევენ პარტიულ სიებს. ქნესეთში მოსახვედრად კანდიდატების სიის მხარდამჭერთა რაოდენობა საერთო ხმების 3,25%-ზე მეტი უნდა იყოს. მე-13 მოწვევის ქნესეთის არჩევამდე საარჩევნო ბარიერი 1% იყო, შემდეგ ის 1,5%-მდე გაიზარდა. მე-17 მოწვევის ქნესეთის არჩევის წინ - 2%-მდე; 2014 წლის მარტში კი საარჩევნო ბარიერად 3,25% დაწესდა.

ქნესეთი შეიძლება ვადის ამოწურვამდე დაიშალოს, მისი წევრების უმრავლესობის (მინიმუმ 61 წევრის) მიერ მიღებული კანონის საფუძველზე; ეს აგრეთვე შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ვერ მოხერხდება მთავრობის ფორმირება, ბიუჯეტის დროულად მიღება ან თუ პრემიერმინისტრი პრეზიდენტის თანხმობით დაითხოვს ქნესეთს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG