რუსეთმა რაკეტებით და დრონებით ისევ დაარტყა უკრაინას, მათ შორის კიევს

რუსეთის საჰაერო შეტევით გამოწვეული ნგრევა კიევში. 2026 წლის 30 ოქტომბერი

რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე. შეტევა 29-დან 30 ოქტომბრის ღამით დაიწყო.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ 30 ოქტომბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა.

დედაქალაქის დნეპრის რაიონში ნაწილობრივ დანგრეული და დამწვარია ერთსართულიანი შენობა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ამ შენობაში მაღაზია იყო. ამავე რაიონში დაზიანებულია სახლები. დარნიცკის რაიონში დარტყმა იყო საწყობებზე.

უკრაინის კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ის ინფორმაციით, რუსეთის დარტყმებით გამოწვეულმა დაზიანებებმა სისტემაში გამოიწვია ავარია, რომლის გამოც კიევში, მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე რაიონებში გრაფიკის დაცვა ვეღარ ხერხდება და ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეწყდა.

ენერგოობიექტებზე დარტყმა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქშიც. რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ დნიპროს და მიმდებარე რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ქალაქში ვეღარ მუშაობს ელექტროტრანსპორტი.

ასევე ნახეთ

რუსეთში დრონებით შეტევა იყო მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა შეტევისას, რომლის ძირითადი მიმართულებები იყო კიევის, დნეპროპეტროვსკის და პოლტავის ოლქები, გამოიყენა 113 დრონი, 4 მართვადი საავიაციო რაკეტა და ბალისტიკური რაკეტები. ბალისტიკური რაკეტების რიცხვი არ დაუკონკრეტებიათ.

საჰაერო ძალების თანახმად, ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 96 დრონის და 3 მართვადი საავიაციო რაკეტის მოგერიება და მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებებით პირდაპირი დარტყმა 17 ადგილზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 30 ოქტომბერს დილით განაცხადა, რომ დრონებით და რაკეტებით კიევში და კიევის ოლქში დაარტყეს „კიევის რადიოქარხანას“ და საამქროს, რომლებიც დრონებს და მათ დეტალებს აწარმოებენ და ელექტროქვესადგურ „ნოვოკიევსკაიას“, ხოლო დნეპროპეტროვსკის ოლქში ელექტროქვესადგურ „სვეტლოეს“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს სადგურები ელექტროენერგიით ამარაგებენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს და როგორც წესი, არაფერს ამბობს ზიანზე, რომელსაც მშვიდობიან მოსახლეობას აყენებს.

ასევე ნახეთ

ფრონტზე “გაჭედილი” კრემლის ტერორი – რას ბომბავს რუსეთი უკრაინაში და რა მიზნით?