„ფართო დისკუსია არ იყო საჭირო“ - კობახიძე „საერთაშორისო აზარტული ტურნირების“ ჩატარების შესახებ კანონზე

ირაკლი კობახიძე

საქართველოში „საერთაშორისო აზარტული ტურნირების“ ორგანიზებასთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მედიასთან საუბრისას, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ცვლილება იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ფართო დისკუსიას არ საჭიროებდა.

„მე საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით“, - თქვა კობახიძემ დღეს, 30 ოქტომბერს, მედიასთან საუბარში შესაბამისი შეკითხვის პასუხად.

საკანონმდებლო ინიციატივის საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდათ საქართველოს საპატრიარქოსა და სახალხო დამცველს.

„ამ კანონპროექტს არავითარი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს. საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად, პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა. საუბარია აქ კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე. არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტები ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს. დიდი ფული თუ სადმე შეიძლება შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში საბოლოოდ", - თქვა კობახიძემ.

28 ოქტომბერს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღეს. მას 73 დეპუტატი მიემხრო, 5 წინააღმდეგი იყო.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებდა, რომ საკანონმდებლო პაკეტზე "ფართე მსჯელობა არ გამართულა", თუმცა "საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება".

ასევე ნახეთ

საპატრიარქო განზე ვერ დარჩება - ჯაღმაიძე სამორინეებში „საერთაშორისო აზარტული ტურნირების“ დაშვების ინიციატივაზე

დაჩქარებული წესით განსახილველ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, 27 ოქტომბერს, გამოხატა სახალხო დამცველმა და მმართველ გუნდს მოუწოდა, არ მიეღო ის.

ასევე ნახეთ

სამორინეებში „საერთაშორისო აზარტული ტურნირების“ დაშვებას გეგმავენ – ომბუდსმენი წინააღმდეგია

საკანონმდებლო ცვლილებებით, სამორინეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოაწყონ საერთაშორისო აზარტული ტურნირები, რომლებში მონაწილეთა რაოდენობის არანაკლებ 80%-ს შეადგენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს და საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი აღემატება 3 000 000 (სამი მილიონი) ლარს, იგი არ იხდის "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს.

ორგანიზატორს უფლება აქვს, საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარების შედეგად მიიღოს შემოსავალი. საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ.