30 ოქტომბერს დაიწყო უკრაინის სამხრეთში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მცხოვრებლების ევაკუაცია. ისინი ქალაქიდან ავტობუსებით გაიყვანეს. ევაკუაცია უკრაინისა და რუსეთის ერთობლივი ჰუმანიტარული ოპერაციის ფარგლებში მიმდინარეობს. ეს ომის განმავლობაში მსგავსი თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა.
აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობით მიღწეული ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარების კოლონა ჩავიდა, რომელმაც მოსახლეობას საკვები პროდუქტები და მედიკამენტები ჩაუტანა.
ასევე ნახეთ
შიმშილი ოკუპირებულ ქალაქში - უკრაინა ოლეშკისათვის საკვების მიწოდებას დრონებით ცდილობსრუსეთის ადამიანის უფლებათა კომისრის, იანა ლანტრატოვას, განცხადებით, ქალაქის დატოვების მსურველები, რომელთა ნაწილს რუსეთში გამგზავრება სურდა, ნაწილს კი -უკრაინაში დაბრუნება, თავდაპირველად რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში გადაიყვანეს. ამისთვის 25 ავტობუსი და სასწრაფო დახმარების ცხრა ავტომობილი გამოიყენეს. მოგვიანებით ევაკუირებულები სხვადასხვა მიმართულებით მიმავალ კოლონებად დაიყვნენ.
უკრაინის პარლამენტის წევრის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინაში დაბრუნების მსურველებს ყირიმიდან რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ანაპაში გადაიყვანენ.
იქიდან ისინი თვითმფრინავით ბელარუსში გაემგზავრებიან, შემდეგ კი ავტობუსებით უკრაინაში დაბრუნდებიან. მარშრუტის საერთო სიგრძე 1 000 მილს, ანუ დაახლოებით 1 600 კილომეტრს აღემატება.
მოსახლეობის ნაწილი ოლეშკიში დარჩა
ჯერჯერობით უცნობია, რამდენმა ადამიანმა გადაწყვიტა ოლეშკიში დარჩენა. ქალაქი, რომელიც ომის შედეგად ძლიერ დაზიანდა, 2023 წელს კახოვკის კაშხლის განადგურების შემდეგ მასშტაბურად დაიტბორა.
ოლეშკის მცხოვრებლები მძიმე პირობებში გადარჩენის შესახებ ჰყვებიან. მათი თქმით, საკვებისა და წყლის მოსაპოვებლად სიცოცხლის რისკის ფასად უწევდათ დანაღმულ გზებზე გადაადგილება. ერთ-ერთ ასეთ გზას ადგილობრივები „სიკვდილის გზას“ უწოდებენ.
ზოგიერთი მცხოვრებლის განცხადებით, დღეში მხოლოდ ერთი ჭიქა ბრინჯის ან წიწიბურის იმედად უწევდათ არსებობა.
„პრობლემა ის არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რჩება“, - უთხრა ერთ-ერთმა ქალმა უკრაინის სახალხო დამცველს, დმიტრო ლუბინეცს, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა და ჰუმანიტარულ ოპერაციას რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისართან, იანა ლანტრატოვასთან ერთად კოორდინაციას უწევდა.
„მითხრეს, რომ ეს მათი საკუთარი არჩევანია“, - უპასუხა ლუბინეცმა. „სულ მცირე, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა მათთან ჰუმანიტარული დახმარება როგორმე მივიდეს“.
უკრაინამ და რუსეთმა აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს შეთანხმების მიღწევაში შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადეს. პროცესში მონაწილეობდა რომის პაპი ლეოც.
აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებიც ცხრა თვეა შეჩერებულია, ნოემბერში უნდა განახლდეს.
რუსეთმა ქალაქი ოლეშკი 2022 წელს, ომის პირველივე დღეებში დაიკავა.
ჰუმანიტარული კოლონის ჩასვლამდე ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები ჩატარდა. რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისრის, იანა ლანტრატოვას, განცხადებით, ამ სამუშაოების დროს დაიღუპნენ რუსი გამნაღმველი და კიდევ ერთი ადამიანი.