ძაღლების დამარხვის კადრების გავრცელების შემდეგ ცხოველთა დამცველები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

ველის სასაფლაო, 3 მარტი, 2026 წელი

ცხოველთა უფლებადამცველები საქართველოს პროკურატურას მიმართავენ და ძაღლების შესაძლო უკანონო დახოცვისა და მათი დამარხვის გარემოებების გამოძიებას ითხოვენ.

უფლებადამცველთა მოთხოვნა მოჰყვა 31 ოქტომბერს, ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებულ საგამოძიებო მასალის ანონსს, რომელშიც, უფლებადამცველების განცხადებით, ჩანს, როგორ მარხავენ მკვდარ ძაღლებს ღამით, ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ ორმოში.

ცხოველთა უფლებადამცველები ავრცელებენ პეტიციას, რომლითაც მოითხოვენ პროკურატურისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას, ექსპერტიზასა და ცხოველების სიკვდილის გარემოებების დადგენას.

პეტიციის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოქალაქეები საუბრობენ მათ მზრუნველობაში მყოფი ძაღლების საეჭვო გაუჩინარების შემთხვევებზე.

სატელევიზიო სიუჟეტში ისმის კომენტარი, რომ ერთ-ერთი ძაღლის სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო.

„ეს გარემოება თავისთავად არ ადასტურებს სიკვდილის მიზეზს, თუმცა აჩენს სერიოზულ კითხვებს ცხოველების სიკვდილის გარემოებებისა და ევთანაზიის პროცედურების კანონიერებისა და ჰუმანურობის შესახებ“, - ნათქვამია პეტიციაში.

უფლებადამცველები მოითხოვენ, გამოძიებამ შეისწავლოს შესაძლო დანაშაულის ნიშნები, მათ შორის ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა, შესაძლო ქურდობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან სამსახურებრივი გულგრილობა, ასევე ოფიციალური მონაცემების შესაძლო გაყალბება ან დამალვა.

პეტიციის ავტორები პროკურატურისგან ითხოვენ:

  • ველის სასაფლაოზე არსებული ორმოს დათვალიერებას, ყველა მკვდარი ცხოველის ამოღებასა და ინდივიდუალურ აღრიცხვას;
  • დამოუკიდებელი ვეტერინარულ-პათოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები, სავარაუდო დრო და შესაძლო დაზიანებები;
  • მიკროჩიპების, საყელოებისა და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნების შემოწმებას;
  • დაკარგული ძაღლების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების შესწავლასა და მათი მონაცემების აღმოჩენილი ნეშტების მონაცემებთან შედარებას;
  • ევთანაზიის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და გამოყენებული პრეპარატების აღრიცხვის შემოწმებას.


ამასთან, უფლებადამცველები ითხოვენ დადგინდეს, ვინ გასცა ძაღლების დამარხვის განკარგულება, ვინ გადაიტანა და დამარხა, და შეესაბამებოდა თუ არა ეს პროცედურა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

პეტიციის კიდევ ერთი მოთხოვნაა ცხოველთა სიკვდილიანობისა და ევთანაზიის ოფიციალური სტატისტიკის შემოწმება, რათა გამოირიცხოს მონაცემების გაყალბება, დამალვა ან არასრულად აღრიცხვა.

„საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რამდენი ცხოველი დაიღუპა და რა ვითარებაში; რა მეთოდით და რა პრეპარატებით ჩატარდა ევთანაზია; ვინ მიიღო გადაწყვეტილება ცხოველების ევთანაზიისა და ნეშტების დამარხვის შესახებ; რამდენად შეესაბამება ოფიციალური სტატისტიკა რეალურ მონაცემებს და რატომ ხდებოდა ნეშტების ღამით და ფარულად დამარხვა“, - აცხადებენ პეტიციის ავტორები.

ისინი პროკურატურისგან მოითხოვენ არა ფორმალურ რეაგირებას, არამედ სრულყოფილ და დამოუკიდებელ გამოძიებას.

31 ოქტომბერს, გვიან საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლილოში, ველის სასაფლაოს სიახლოვეს, აქტივისტებმა დამატებით იპოვეს ძაღლების სამარხი.

ისინი აღნიშნულის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებენ.

ტერიტორიაზე, სადაც აქტივისტებმა ძაღლების ნეშტები აღმოაჩინეს, სამართალდამცავები მივიდნენ.

"გავარკვევთ ყველაფერს და ეტაპობრივად მოგახსენებთ, ყველაფერს", - უთხრეს ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ტვ პირველს.

ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს, მათ შორის, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, განცხადებები არ ჰქონდათ გავრცელებული.

ძაღლების მასობრივად შესაძლო დახოცვის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილშიც გავრცელდა.

მაშინ სახელმწიფო უწყებები გამოეხმაურნენ მიუსაფარი ძაღლების მასობრივად დახოცვისა და გორის თავშესაფარში ცხოველების შესაძლო ცოცხლად დაწვის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს.

1 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უარყო ინფორმაცია, თითქოს მიუსაფარი ძაღლები მასობრივად დასახოცად გადაჰყავდათ და განაცხადა, რომ სახელმწიფო პროგრამა ცხოველების სტერილიზაციას, ვაქცინაციასა და რეგისტრაციას ითვალისწინებდა.

2 აპრილს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა ავალიანმა, უარყო გორის თავშესაფარში ცხოველების ცოცხლად დაწვის შესახებ ბრალდებები და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები მტკიცებულებებით უნდა დადასტურებულიყო.

იმავე დღეს შიდა ქართლის მიუსაფარი ცხოველების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბექა გიუნაშვილმაც უარყო ცხოველების უკანონო განადგურების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებდა.

ასევე ნახეთ

ქუჩის ძაღლების ევთანაზიას ემხრობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი „ნეიტრალური საქართველო“