"ვითხოვთ პასუხებს" - მთავრობის კანცელარიასთან ცხოველთა დამცველების საპროტესტო აქცია გაიმართა

ცხოველთა დამცველების პროტესტი მოჰყვა 31 ოქტომბერს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებს.

"ვითხოვთ პასუხებს, დასაჯეთ დამნაშავე ჩინოვნიკები" - ამ მოთხოვნით გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია.

"დადასტურდა ის, რაზეც თვეების განმავლობაში აქ, აქციებზე ვსაუბრობდით... აგრძელებენ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები მასობრივად, მიუსაფარი ძაღლების ხოცვა-ჟლეტას იმის ნაცვლად, რომ განახორციელონ მათი სტერილიზაცია-ვაქცინაცია და ამ ფორმით შეეცადონ მათი რიცხოვნობის შემცირებას. იმედია ახლა მაინც უფრო გააქტიურდება საზოგადოება, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით მრავალრიცხოვანი, ბუნებრივია, ისინი არ გაჩერდებიან", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ცხოველთა დამცველების პროტესტი მოჰყვა 31 ოქტომბერს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ გავრცელებულ კადრებს, რომლებშიც ჩანს, რომ ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე ღამით ძაღლების ნეშტებს მარხავენ სპეციალურად მოწყობილ ორმოში.

მასალის გავრცელების შემდეგ ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია გამოაქვეყნეს და საქართველოს პროკურატურას ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს.

1 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველთა სამარხებზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებასა, სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

პეტიციის ავტორები მიუთითებენ მოქალაქეთა მონათხრობებზეც ქვეყნის მასშტაბით ძაღლების საეჭვო გაუჩინარების შესახებ. მათი თქმით, სატელევიზიო კადრებში ისმის კომენტარი, რომ ერთ-ერთი ძაღლის ნეშტი ჯერ კიდევ თბილი იყო.

„ეს გარემოება თავისთავად არ ადასტურებს სიკვდილის მიზეზს, თუმცა აჩენს სერიოზულ კითხვებს ცხოველების სიკვდილის გარემოებებისა და ევთანაზიის პროცედურების კანონიერებისა და ჰუმანურობის შესახებ“, - ნათქვამია პეტიციაში.

ცხოველთა უფლებადამცველები პროკურატურისგან მოითხოვენ სამარხის დათვალიერებას, ნეშტების ამოღებასა და დამოუკიდებელი ვეტერინარულ-პათოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები და სავარაუდო დრო.

ისინი ასევე ითხოვენ ნეშტებზე მიკროჩიპებისა და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნების შემოწმებას, დაკარგული ძაღლების შესახებ მოქალაქეთა განცხადებებთან მონაცემების შედარებას და თითოეული ცხოველის სიკვდილის ან ევთანაზიის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლას.

პეტიციის კიდევ ერთი მოთხოვნაა ევთანაზიისთვის გამოყენებული პრეპარატების აღრიცხვისა და ცხოველთა სიკვდილიანობის ოფიციალური სტატისტიკის შემოწმება.

უფლებადამცველები მოითხოვენ, გამოძიებამ შეისწავლოს ცხოველთა მიმართ შესაძლო სასტიკი მოპყრობის, ქურდობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ოფიციალური მონაცემების შესაძლო გაყალბების ნიშნები.

„ჩვენ მოვითხოვთ არა ფორმალურ რეაგირებას, არამედ სრულყოფილ, დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას“, - აცხადებენ პეტიციის ავტორები.

მერია უარყოფს

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უარყოფს ბრალდებებს ძაღლების მასობრივი და მიზანმიმართული დახოცვის შესახებ.

სააგენტო გამოეხმაურა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებულ საგამოძიებო მასალას, რომელშიც ჩანს, როგორ მარხავენ ძაღლების ნეშტებს ღამით, ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე მოწყობილ ორმოში.

სააგენტოს განცხადებით, კადრებში ასახულია კანონმდებლობით დაშვებული პროცესი, ხოლო ტერიტორია განკუთვნილია თბილისში სხვადასხვა მიზეზით მომკვდარი ცხოველების ნეშტების დასამარხად.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაქტების ისე დამახინჯება, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს განმარტებით, სამარხში მოთავსებულია დაავადებების, ავტოსაგზაო და სხვა უბედური შემთხვევების შედეგად, ასევე ბუნებრივი მიზეზებით მომკვდარი ძაღლების ნეშტები.


ასევე ნახეთ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლების მასობრივ დახოცვაზე ბრალდებებს უარყოფს

ასევე ნახეთ

ძაღლების დამარხვის კადრების გავრცელების შემდეგ ცხოველთა დამცველები გამოძიების დაწყებას ითხოვენ