- 31 ოქტომბერს სტამბოლში გაიმართა ზელენსკის და ერდოანის შეხვედრა. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც პრეზიდენტებმა განიხილეს, სამშვიდობო პროცესში თურქეთის ჩართვის შესაძლებლობა იყო.
- სამი დღით ადრე თურქეთის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს. ერდოანმა, მისი პრესსამსახურის ცნობით, ტრამპს უთხრა, რომ თურქეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური პროცესის განახლებაში.
- თურქეთში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი წინ უძღოდა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების განახლებას. სამი ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრის მორიგი რაუნდი ნოემბერშია დაგეგმილი.
სამმხრივი ფორმატით ლიდერების შეხვედრა თურქეთში?
თურქეთში ვიზიტის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ CNN Türk-ს, რომელიც ეთერში პირველ ნოემბერს გავიდა.
ზელენსკიმ ამ ინტერვიუში განაცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს და საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება, სულ მცირე, იმისთვის, რომ ომის ცხელი ფაზა დიპლომატიურ ფაზაზე გადავიდეს. ზელენსკი მიიჩნევს, რომ მათი ურთიერთობები ერდოანთან და ერდოანის ურთიერთობები ტრამპსა და პუტინთან შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს.
პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, პრეზიდენტ ერდოანთან განიხილა სამმხრივი ფორმატით ლიდერების თურქეთში შეხვედრის შესაძლებლობა და თუ თურქეთი ამას მიაღწევს, უკრაინა მოხარული იქნება.
ასევე ნახეთ
ტრამპი: „ძალიან მალე" შეხვედრა იქნება პუტინსა და ზელენსკისთანზელენსკი G20-ის სამიტზე?
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიწვეულია აშშ-ში, მაიამიში, სადაც 14-15 დეკემბერს დაგეგმილია „დიდი ოცეულის“(G20) წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი. ჩავა თუ არა პუტინი აშშ-ში, ჯერჯერობით უცნობია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელსაც ჟურნალისტებმა პირველ ნოემბერს ჰკითხეს, ხომ არ აპირებს G20-ის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევასაც, ეს არ გამორიცხა.
CNN Türk-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტზე დასასწრებად ოფიციალური მიწვევა არ მიუღია, თუმცა იყო გარკვეული სიგნალები და საუბარი იმაზე, რომ ტრამპმა შესაძლოა, სამიტზე მიიწვიოს და წარმოადგინოს ინიციატივა ომის დასასრულებლად.
2026 წლის სექტემბერში, როცა ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მაიამის სამიტზეა მიწვეული, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის, ომის დასასრულებლად პუტინს აშშ-ში შეხვდეს. მაშინ ეს გამორიცხა კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა.
- უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით 2026 წლის იანვარში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები.
- იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
- 2026 წლის 20 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართა მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ხოლო 21 ოქტომბერს - სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
- მოლაპარაკებებში ონლაინ მონაწილეობდა ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მისი სიძე ჯარედ კუშნერი.
- ამ შეხვედრების შემდეგ გამოცხადდა, რომ ნოემბერში აბუ-დაბიში განახლდება აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები.
- უმთავრესი, რასაც რუსეთი მოითხოვს, დონბასზე მისი კონტროლის აღიარებაა. დღემდე უკრაინას არაერთხელ უთქვამს, რომ თავისი ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.