გახარიამ მითხრა, ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო - "ჩორჩანის საგუშაგოს" საქმეზე "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი დაკითხეს

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი, ყოფილი ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი "ჩორჩანის საქმეზე" 2 ნოემბერს დაკითხეს.

მაია ცქიტიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთადერთი ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც ადასტურებს, რომ ჩორჩანის საგუშაგოს აგებამდე ჰქონდა კომუნიკაცია შს ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიასთან, რომელმაც, ტერიტორიების დაკარგვის აღსაკვეთად, მას ტყეში გზის გაყვანის თხოვნით მიმართა.   

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი, რომელიც, 2019 წელს, ასევე ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა, 2 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მოწმის სტატუსით დაკითხეს.

“მაია ცქიტიშვილმა პირდაპირ ჩამოანგრია პროკურატურის ვერსია”, - განაცხადა ბრალდებულ გიორგი გახარიას ადვოკატმა და მისი პარტიის [“გახარია საქართველოსთვის”] აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ, სხდომის შემდეგ.

პროკურატურას პოზიცია არ შეუცვლია. ბრალდების მხარის თანახმად, გახარიამ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ააშენა, რის გამოც დაიძაბა ვითარება და საქართველომ დაახლოებით ასი ჰექტარი [მილიონი კვადრატული მეტრი] დაკარგა.

საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგოს 2019 წელს აგების საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული “ქართული ოცნების” ექსპრემიერს, გიორგი გახარიას, რომელიც 2019 წლის აგვისტოში, საგუშაგოს აგებისას, შს მინისტრის პოსტს იკავებდა.

თავად გახარია აცხადებს, რომ “ყველამ ყველაფერი იცოდა” და საგუშაგოს აგება 1800 ჰექტარი ტყის მასივის გადასარჩენად, დასწრების პრინციპით დაიგეგმა.

ასევე, 2 ნოემბერს, მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობები, მათ შორი - გიორგი გახარიას მოწმის სახით დისტანციური დაკითხვის შესახებ. მანამდე, გახარიას უარი უთხრეს - ბრალდებულის სტატუსით დისტანციურ მონაწილეობაზეც.

რას ამბობს მაია ცქიტიშვილი?

„ქართული ოცნების“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ, 2019 წლის აგვისტოს დასაწყისში, მას დაურეკა იმდროინდელმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ და, როგორც რეგიონული განვითარების მინისტრს - ჩორჩანის ტყეში გზის გასაყვანად „ბულდოზერი ან ტრაქტორი“ სთხოვა.

„მითხრა, რომ ჩორჩანაში მიმდინარეობს შემოღობვა და ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო”, - მაია ცქიტიშვილის თქმით, მისთვის ცნობილი იყო სოფელ ჩორჩანაში არსებული ვითარების შესახებ და ხეებზე გაჩენილი ყვითელი მონიშვნები მისთვისაც შემდგომი ბორდერიზაციის მომასწავებელი იყო.

გიორგი გახარიასგან სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, როგორც ცქიტიშვილი ჰყვება, შესაძლებლობების შესწავლის პროცესში, სხვადასხვა ეტაპზე - ჩაერთნენ მისი მოადგილეები. მათ შორის, მაია ცქიტიშვილმა ილია ბეგიაშვილს სთხოვა დაჰკავშირებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტს; ხოლო ირაკლი ქარსელაძისგან მიიღო ინფორაცია, რომ - 10-12 კმ-იანი გზის გაყვანას „ერთი ბულდოზერით ვერ შეძლებდნენ“ და სამუშაო, თავისი მოცულობით, ტენდერის ჩატარების საჭიროებდა.

ეს ინფორმაცია, მაია ცქიტიშვილის თანახმად, მიაწოდეს შს სამინისტროს და კერძოდ, მინისტრის [გიორგი გახარიას] მოადგილისგან, ლევან კაკავასგან მიიღეს პასუხი, რომ - „მოაგვარებს ამ საკითხს” და ამის შემდეგ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო პროცესში აღარ ჩართულა.

ლევან კაკავა სასამართლოში 30 სექტემბერს, დახურულ სხდომაზე დაკითხეს. პროკურატურის თანახმად,“მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა, რომ მან საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით რამე იცოდა“.

სასამართლოს ასეთივე ჩვენება მისცეს პროკურატურის სხვა მოწმეებმაც და მათ შორის - სუსის ყოფილმა უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა. ის ამბობს, რომ სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს აშენების შესახებ დაგვიანებით გაიგო - IPRM-ის „ცხელი ხაზის საშუალებით“.

ასევე ნახეთ

მოწმე ვახტანგ გომელაური სასამართლოში - როდის გაიგო სუსის მაშინდელმა უფროსმა "ჩორჩანის საგუშაგოს" აშენების ამბავი

2019 წელს მაია ცქიტიშვილი პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრიც იყო.

ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ მას ჰკითხა - უკვე ჩორჩანის საგუშაგოს დადგმის შემდეგ თუ გამოიხატა “რაიმე სახის შეშფოთება?“ მთავრობაში ან პარტიაში?

ცქიტიშვილი მსგავსს ვერაფერს იხსენებს და არც ვინმეს “მძაფრი რეაქცია“ აგონდება. ამბობს, რომ ეს არ ყოფილა ხელის შემშლელი ბარიერი არც 2019 და 2020 წლებში, როდესაც გიორგი გახარია ორჯერ გახდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ჩორჩანის საგუშაგოს აგების შემდეგ და მის კანდიდატურას საქებარი სიტყვებით ამკობდა პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც.

“მაია ცქიტიშვილმა პირდაპირ ჩამოანგრია პროკურატურის ვერსია, თითქოს გიორგი გახარიამ ერთპიროვნულად ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არავინ ამის [საგუშაგოს აგების] შესახებ არაფერი იცოდა… ახლა, ამხელა სუს-ის უფროსები, დაზვერვის უფროსები, თავდაცვის მინისტრები, თავს რომ ისულელებენ და იბრიყვებენ, თითქოს არავინ არაფერი იცოდა და იკადრეს, ბრალის შესახებ დადგენილებაში ჩაეწერათ, რომ ცხინვალის რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა გააგებინა ცხელი ხაზის მეშვეობით ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს აგების შესახებ, ეს არის უკიდურესი სირცხვილი, ერთი მხრივ და მეორე, ისეთი მიამიტობა, რომელსაც ვერავინ ვერ დაიჯერებს ამ ქვეყანაში”, - განაცხადა ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ სხდომის დასრულების შემდეგ.

ასევე ნახეთ

რატომ არ შეხვედით ტყეში? - "ჩორჩანის საგუშაგოს" საქმეზე გახარიას თანაგუნდელები დაკითხეს

პროკურატურისთვის კი მაია ცქიტიშვილის ჩვენება არაფერს ცვლის.

“მაია ცქიტიშვილმა სასამართლო პროცესზე ნათლად დაადასტურა, რომ მან ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით შეიტყო საჯაროდ, მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციით. წინასწარ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვა ხორციელდებოდა”, - განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, “გზის გაყვანა რომელიმე კონკრეტულ ლოკაციაზე ავტომატურად საგუშაგოს აღმართვას არ ნიშნავს” და “ეს სხვა მოწმეებმაც აღნიშნეს”.

იყო თუ არა ლაპარაკი საგუშაგოს აგებაზე?

პროკურორის შეკითხვაზე - ახსენა თუ არა გახარიამ მასთან სატელეფონო საუბრის დროს ჩორჩანაში საგუშაგოს აგების გეგმა, მაია ცქიტიშვილმა სასამართლო სხდომაზე უპასუხა, რომ - ვერ იხსენებს კონკრეტულად იყო თუ არა ნახსენები საგუშაგო, თუმცა გახარია მას “ტყის წაღების” საფრთხეზე ესაუბრა, ხოლო ჩორჩანაში არსებული ვითარება იმ დროს ფართოდ შუქდებოდა მედიის მიერ.

ცქიტიშვილმა სხდომაზე ასევე თქვა, რომ ჩორჩანის საგუშაგოს აგების შესახებაც მედიისგან შეიტყო.

ასევე ნახეთ

ვიცოდი, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო, ვვარაუდობ, გადაწყვეტილება საფრთხეების ანალიზმა განაპირობა - ექსმინისტრი

2025 წლის ივნისში, როდესაც პროკურატურაში გამოკითხეს, მაია ცქიტიშვილმა დაადასტურა, რომ ჰქონდა ინფორმაცია ჩორჩანის საგუშაგოს აგების შესახებ. გამოკითხვის ოქმში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, ცქიტიშვილი აღნიშნავს შემდეგს:

  • “2019 წლის აგვისტოს თვის დასაწყისისათვის (ზუსტი თარიღი არ მახსოვს), ჩემთვის შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის გიორგი გახარიასგან, სატელეფონო კომუნიკაციის გზით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული „ბორდერიზაციის“ პროცესი უფრო დაჩქარდა, არსებობდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიის მიტაცების საფრთხე, რის გამოც მისი პოზიცია იყო ის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საჭირო იყო საპოლიციო საგუშაგოს განთავსება”.
  • “ამავე სატელეფონო კომუნიკაციის დროს, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მომმართა თხოვნით, სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს განთავსების მიზნით, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მხრიდან ტყეში გზის გაყვანის თაობაზე”.
  • “არ მახსოვს აღნიშნულ დროს ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს აღმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკვე მიმდინარეობდა თუ არა”.


2025 წლის ივნისში, პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ, ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა შემდეგი:

„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო, ასევე ის, რომ გზის გაყვანის საჭიროება იყო, რადგან არსებობდა როგორც ტერიტორიების მიტაცების რისკი, ასევე ბორდერიზაციის აქტიური პროცესები“.

რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი, ყოფილი ვიცე-პრემიერი, ბრალდების მხარეების ნაცვლად, საბოლოოდ - დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხაში მოხვდა.

2 ნოემბერს, სხდომის შემდეგ, მაია ცქიტიშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

უარი გახარიას მოსმენაზე

2 ნოემბრის სხდომაზე, მოსამართლე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიორგი გახარიას მოწმის სახით დისტანციურად დაკითხვის შესახებ. დემეტრე ჯინჯოლიამ აღნიშნა, რომ ბრალდებულის დისტანციურად დაკითხვა კანონმდებლობით დაშვებულია, მაგრამ ამისათვის ის პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა იმყოფებოდეს; ხოლო რადგან გახარია ძებნილად ითვლება - მისი უფლებები, ამ შემთხვევაში, მოწმისას ვერ გაუტოლდება.

დაცვის მხარემ ასევე უარი მიიღო კიდევ ერთ შუამდგომლობაზე - გიორგი გახარიას დაკითხვის ოქმის გამოკვლევაზე სხდომაზე წაკითხვის გზით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო, საწყის ეტაპზე, დაეთანხმა დაცვის მხარის მიერ ბრალდებულის გამოკითხვის ოქმის საქმის მასალებში ჩადებას.

პროკურორ თამარ იაკობიძის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება სრულიად მართებულია.

გიორგი გახარიას მეორე ადვოკატის, დავით ნაღებაშვილის თქმით კი - მოსამართლის გადაწყვეტილება ბრალდებულს თავის დაცვის უფლებებს უზღუდავს.

“დამნაშავეა თუ უდანაშაულო, გახარიას არ ჰკითხეს”, - ადვოკატის თქმით, მანამდე გახარიას სასამართლომ უარი უთხრა სხდომებში დისტანციურ მონაწილეობაზეც.

“ქართული ოცნების” ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის ოპოზიციურ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ გამამტყუნებელი განაჩენი წყალს მხოლოდ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წისქვილზე დაასხამს.

ჩორჩანის საგუშაგოს აღება უკვე არაერთხელ მოითხოვეს ცხინვალიდან.

"არის სერიოზული იმედი, რომ ამ ქართულ საგუშაგოს მალე აიღებენ და გაიტანენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან", - განაცხადა ოსური მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეგორ კოჩიევმა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) 29 სექტემბერს გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

“ჩორჩანის საგუშაგოს” აშენების საქმეზე გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით [333-ე მუხლის მე-2 ნაწილი], რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. გახარია ბრალდებულია ასევე "20 ივნისის" საქმეზე - ორი ან ორზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება [25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი] - სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას 13 წლამდე ვადით.

ასევე ნახეთ

"ჩორჩანის საგუშაგოს" საქმე - ივანიშვილის მუქარა გახარიას დაცვის მხარის მტკიცებულებებში

​