„ოცნებამ“ ივანიშვილის „მედიის მტაცებლებში“ მოხვედრა „გლობალური ომის პარტიას“ დაუკავშირა

საქართველო „არაფორმალური ოლიგარქიული ძალების ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებს“ და ამიტომ ივანიშვილს სჯიან, - აცხადებს „ქართული ოცნება“.

„ქართული ოცნება“ გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF), მიერ „მედიის თავისუფლების მტაცებელთა სიაში“ ბიძინა ივანიშვილის კვლავ მოხსენიებას და ეს ამბავიც „გლობალური ომის პარტიაზე“ შეთქმულების თეორიაში ჩაწერა.

2026 წლის 3 ნოემბერს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ RSF-ი არის „გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ერთ-ერთი ინსტრუმენტი“, ხოლო პუბლიკაცია – „აბსურდი“.

პარტია ამას „ზეწოლის მცდელობად“ აფასებს „ეროვნული ძალის წინააღმდეგ“, – ეროვნული ძალისა, რომელიც „არაფორმალური ოლიგარქიული ძალების ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებს“ და, კირცხალიას სიტყვებით:

  • „ომის ნაცვლად – მშვიდობას,
  • მორჩილების ნაცვლად – თავისუფლებას,
  • უცხო ძალების გავლენით დიქტატის მოქმედების ნაცვლად კი – სუვერენიტეტს ირჩევს“.

ასევე ნახეთ

აქ „დიპ სტეიტმა“ სძლია ტრამპის ადმინისტრაციას, ბრძოლა გრძელდება - კობახიძე „მეგობარი აქტის“ მიღებაზე

„საჭადრაკო დაფა“

პარტიის პოზიციით, ამ სიაში ბიძინა ივანიშვილის შეყვანა „სხვა არაფერია, თუ არა საზღაური, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, საქართველოში ყველაზე დიდი პოლიტიკური, – და არა მხოლოდ პოლიტიკური, – ავტორიტეტის მქონე ფიგურა პირადი მაღალი რისკის ფასად იხდის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ეროვნულ ინტერესსა და სუვერენიტეტს გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად არ თმობს და საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე“.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად ახსენებენ „გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფას“, – რაც ემთხვევა პოლონელ-ამერიკელი დიპლომატის, ნეოკონსერვატორი ზბიგნევ ბჟეზინსკის წიგნის, „დიდი საჭადრაკო დაფის“, (1997) სათაურს.

მაგალითად, პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, 26 ოქტომბერს, წერდა:

„ჩვენ, ჩვენს ნამდვილ ამომრჩევლებთან ერთად დავუპირისპირდით არა მხოლოდ შიდა, რევანშისტულ და დესტრუქციულ ძალებს, ნაცმოძრაობის იდეოლოგიით გაჟღენთილ მრუდე ოპოზიციას, არამედ მათ წარმმართველ, საგარეო გლობალისტურ ძალებს, რომელთაც საქართველოსთვის, გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე, შესაწირი პაიკის როლი დიდი ხნის დაწერილი აქვთ“.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი: "ნამდვილი საქართველო დაუპირისპირდა ქვეყნის გარეთ ჩაბუდებულ მრუდე ძალებს"

RSF-ის „მედიის თავისუფლების მტაცებლები“

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წელსაც მოხვდა RSF-ის მიერ გამოქვეყნებულ „მედიის თავისუფლების მტაცებელთა სიაში“.

ამ სიის გამოქვეყნებით „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ 2 ნოემბერს აღნიშნავს „ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობის აღმოფხვრის დღეს“.

სიაშია „მედიის თავისუფლების მტაცებელი“ 30 პირი, რომელთა სამიზნედაც 2026 წელს მედია იქცა.

ამ სიაში, ბიძინა ივანიშვილის გარდა, შეიყვანეს:

  • რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი;
  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი;
  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ;
  • ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი;
  • თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი;
  • არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი;
  • ნიკარაგუის ლიდერი დანიელ ორტეგა;
  • ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათა ალ-სისი და სხვები.

ასევე ნახეთ

ბიძინა ივანიშვილი რჩება RSF-ის "მედიის თავისუფლების მტაცებელთა სიაში"

რა წერია ივანიშვილზე

ბიძინა ივანიშვილის შესახებ RSF-ის მომზადებულ პროფილში წერია:

  • „მილიარდერი ოლიგარქი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი რჩება რეალურ ხელისუფლად პარტიის უკან;
  • მისი ბიზნესიმპერია და ზეგავლენის ქსელი აძლევს შესაძლებლობას, მკაცრად აკონტროლოს ქვეყნის მედიაგარემო, განსაკუთრებით პროსამთავრობო „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ მსგავსი სატელევიზიო არხების საშუალებით;
  • მისი ზეგავლენით, ეკონომიკური რესურსები და სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენება დამოუკიდებელი მედიის მოხრჩობის პოლიტიკის გასატარებლად: ფინანსური ზეწოლით, რეპრესიული კანონებით, ცენზურითა და სამართლებრივი მოქმედებით;
  • მიმდინარეობს დამოუკიდებელი ჟურნალისტების სტიგმატიზაცია, დაშინება და გაჩუმება“.

ასევე ნახეთ

ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის სიაში მოხვდა

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა 2022 წლის შემდეგ განავითარეს შეთქმულების თეორია „გლობალური ომის პარტიაზე“;

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მოახლოებასთან ერთად, „გლობალური ომის პარტია“ ტერმინ „დიპ სტეიტით“ ჩანაცვლდა და მასთან ერთად გამოიყენება.

თეორიის თანახმად, „გლობალური ომის პარტია“, - რომლის მიზანია მსოფლიო მოსახლეობის 10-ჯერ შემცირება, - აკონტროლებს აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და მრავალი წელია ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც „აგენტოკრატია დაასრულა“.

ამავე შეთქმულების თეორიის მტკიცებით, გლოპ-მა მოახდინა 2008 წელს რუსეთის საქართველოში ინტერვენციის პროვოცირება და მათი მარიონეტები არიან მიხეილ სააკაშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სალომე ზურაბიშვილი და სხვა მრავალი ფიგურა თუ ორგანიზაცია, რომლებიც „ქართული ოცნების“ „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბრობენ.

ასევე ნახეთ

მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან