შეჩერებული ევროინტეგრაცია, კანონები, პარტიების აკრძალვა - რა ჰკითხეს კობახიძეს Euronews-ის ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე

ირაკლი კობახიძე Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობს.

საქართველოს მიერ შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი, მიღებული კანონები და ოპოზიციური პარტიების აკრძალვა - ეს იყო მთავარი საკითხები, რაზეც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე ჰკითხეს. ინტერვიუერი მარია ტადეო იყო.

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ევროკომისიამ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ პოლიტიზებული ანგარიში მოამზადა. მისი სიტყვებით, „დარწმუნებულები ვართ, რომ ვართ მართლები. ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს“, ამიტომ ის ევროპული კომისიის წევრებს „საჯარო დებატებს“ სთავაზობს.

„მოდით, ვიკამათოთ გავმართოთ საჯარო დებატები ევროპული კომისიის წარმომადგენლებთან. ეს არის პოლიტიზებული ანგარიში...“ - თქვა კობახიძემ და ქვეყანაში ეკონომიკის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

ანგარიშის პრეზენტაცია ხვალ, 4 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება. მანამდე კი მასში გამოკვეთილ საკითხებზე კითხვები ირაკლი კობახიძეს სამიტის ფარგლებში დაუსვეს.

„თქვენ გონიერი ადამიანი ხართ - შეიძლება გქონდეთ ეკონომიკაში 10%-იანი ზრდა, მაგრამ იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც გაქვთ, პროცესი წინ არ წავა...“ - უთხრა პრემიერს ინტერვიუერმა.

კანონები („აგენტების კანონი“, ე.წ. „ქართული ფარა“, „გრანტების კანონი“), რომელსაც საქართველოს პარტნიორები სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების შემზღუდველად მიიჩნევენ, კობახიძის თქმით, „სრულიად პასუხობს იურიდიულ სტანდარტებს“.

„ევროპელი ბიუროკრატები ამბობენ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ეს კანონები“, - თქვა კობახიძემ.

- „მინდა გავიგო, ვინ არიან ბიუროკრატები? [ევროკავშირის] 27 ქვეყანა? ვენეციის კომისია? - 27 ქვეყნის ლიდერმა, რომლებმაც მიიღეს ეს ანგარიში ბიუროკრატები არიან? რად გინდათ მაშინ წევრობა?!“ - იკითხა ინტერვიუერმა, მარია ტადეომ.

- „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი შეიცვლებიან...“ - კითხვას კობახიძემ ღიმილით უპასუხა.

წამყვანმა წაიკითხა ევროკავშირის გაფართოების შესახებ დოკუმენტიდან ამონარიდი, რომლის მიხედვითაც, „ხელისუფლება ცდილობს ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას“ და „ამბობენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება“.

„თქვენ ხართ ქვეყანა, რომელშიც მიდის პარტიების აკრძალვის პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში. არის ეს ის, რასაც ძლიერ დემოკრატიაში აკეთებენ?.. ეს პრობლემას არ შეგიქმნით?!“

კობახიძის თქმით, მსგავსი შემთხვევები იყო მოლდოვასა და უკრაინაშიც, რაზე წამყვანმა უთხრა, რომ ისინი არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

ასევე ნახეთ

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც 5 პარტიის აკრძალვას განიხილავენ

ვინ არის მარია ტადეო?

ირაკლი კობახიძესთან ინტერვიუს უძღვებოდა მედიაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე მარია ტადეო. მან განათლება ლონდონში მიიღო. ფლობს ოთხ ენას.

მარია ტადეო მაღალი დონის პოლიტიკურ ღონისძიებებში, როგორც ჟურნალისტი, მოდერაციას უწევს დისკუსიებს. მათ შორის: საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასა და ბრიუსელის ეკონომიკურ ფორუმზე.

2026 წლის გაფართოების პაკეტი

4 ნოემბერს ევროკომისია წარადგენს „2026 წლის გაფართოების პაკეტს“, რომელშიც საუბარი იქნება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების (მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, თურქეთი და საქართველო) წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესი.

საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია

უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის 23 ივნისს მიიღეს, საქართველომ კი წელიწად-ნახევრის შემდეგ, 2023 წლის 14 დეკემბერს.

2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაც გადაწყვიტა, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსი გარკვეული რეფორმების განხორციელების პირობით მიანიჭა.

2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა.

ასევე ნახეთ

კარი ღიაა, მაგრამ საქართველო ევროკავშირის ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

ევროკავშირის განმარტებით, ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და დემოკრატიული უკუსვლა გახდა.

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა, რასაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ გაამკაცრა აქციების გამართვის წესი და ზოგიერთ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნის პირობაც კი შექმნა.

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ სურს, თუმცა ბრიუსელისგან დამოკიდებულების შეცვლას ელოდება.

12 ოქტომბერს კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელობა საქართველოს მიმართ კვლავ „ხისტი დამოკიდებულებით“ გამოირჩევა. მისი თქმით, „ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია თუ გადაიხედება, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ურთიერთობები“.

ასევე ნახეთ

კალასი: არ გვინდა მხარი დავუჭიროთ მთავრობას, გვსურს საქართველოს ხალხის მხარდაჭერა. კობახიძე: ამ სამარცხვინო თამაშებს არავითარი ფასი არ აქვს
  • „ქართული ოცნების“ ლიდერებს არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას არაერთი პარამეტრით უსწრებს, თუმცა ბრიუსელი თბილისს „უსამართლოდ ეპყრობა“. ევროკავშირის წარმომადგენლები კი მუდმივად მიუთითებენ საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიის კუთხით, არსებულ უკუსვლაზე.