აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცოლმა, მელანია ტრამპმა 5 ნოემბერს თეთრ სახლში მიიღო უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები, იმ მიზნით, რომ შეჯამებულიყო ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული მისია. უკრაინის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავიდ არახამია და უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი, რუსეთის მხრიდან - პრეზიდენტის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი და ადამიანის უფლებების საკითხებში რწმუნებული, იანა ლანტრატოვა.
აშშ-ის პირველი ლედის თქმით, მან ოლეშკიში ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ შეიტყო სექტემბერში და იკისრა შუამავლის ფუნქცია მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად. მელანია ტრამპის თქმით, იგი პირადად მონაწილეობდა დაგეგმვის ყველა ეტაპში, ქალაქისკენ მიმავალი გზების განაღმვის შესახებ დისკუსიებში, ევაკუაციის, სამედიცინო დახმარების, ოპერაციების თარიღების თაობაზე განხილვებში. მან გაააქტიურა კავშირები, რომლებიც შემუშავებული იყო წინა მისიების დროს, ბავშვების თავიანთ ოჯახებში გასაერთიანებლად უკრაინასა და რუსეთში.
"იმედი მაქვს ის, რაც ოლეშკიში გავაკეთეთ, მხარეებს უბიძგებს უფრო ფართო სამშვიდობო პროცესისკენ" - თქვა მელანია ტრამპმა.
უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებმა აშშ-ის პირველ ლედის და ზოგადად ამერიკის მხარეს მადლობა გადაუხადეს შუამავლობისთვის. დავიდ არახამიამ პირველ ლედის გადასცა მოციქულთასწორი ოლღას I ხარისხის ორდენი, რომლითაც იგი დააჯილდოვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კირილ დმიტრიევმა პირველ ლედის ჩაუტანა ოლეშკიდან რუსეთში ევაკუირებული გოგონას ნახატი.
პირველმა ლედიმ სტუმრებს აჩვენა თეთრი სახლის რამდენიმე რელიკვია, მათ შორის აფთიაქის ყუთი, რომელიც შენობიდან გაიტანეს მაშინ, როცა მას 1812 წელს ბრიტანეთის არმიამ ცეცხლი წაუკიდა. მელანია ტრამპის თქმით, ეს ყუთი მან მშვიდობის სიმბოლოდ აირჩია - აშშ და დიდი ბრიტანეთი ოდესღაც მტრები იყვნენ, ხოლო ახლა მოკავშირეები არიან.