ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას, შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ ცნობით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და „ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე“ ისაუბრეს:

  • „ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს“.
  • „ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ“.

ისრაელის ელჩი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე

პრესსამსახურის ცნობით:

  • ბიძინა ივანიშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
  • შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების შესახებ.

ბიძინა ივანიშვილი და ლევან ქარუმიძე

განახლება:

მოგვიანებით, შეხვედრის თაობაზე სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში ისრაელის საელჩომ.

მასში ნათქვამია, რომ "ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია, მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, გამართული შეხვედრისთვის".

  • საელჩოს თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელს შორის ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებზე და განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.
  • ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
  • ისრაელის საელჩო იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესების მიმართულებით თანამშრომლობა კვლავაც განვითარდება და განმტკიცდება.


შეხვედრას ასევე დაესწრო ლევან ქარუმიძე - „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, რომელიც აგვისტოში გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილი იშვიათად მართავს შეხვედრებს უცხოელ დიპლომატებთან და ოფიციალურ პირებთან.

2025 წლის მაისში ივანიშვილმა უარი თქვა საქართველოში აშშ-ის მაშინდელ ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა შეხვედრა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს თხოვნით მოითხოვა, რათა ივანიშვილისთვის ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი გადაეცა. ივანიშვილმა უარი მის მიმართ განხორციელებული, როგორც თავად უწოდებდა, „პირადი შანტაჟით“ ახსნა.

ასევე ნახეთ

ივანიშვილი: აშშ-ის ელჩს ჩემ ნაცვლად კობახიძესთან შეხვედრა შევთავაზე, თუმცა მან უარი განაცხადა

2026 წლის 6 აპრილს ივანიშვილმა თბილისში, ბიზნესცენტრში მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ

ერთი დღის შუალედით - ალიევის თბილისური ვიზიტი და ბაქოსთვის მიუღებელი სადიგოვის გაძევება

მანამდე, 2025 წლის 19 სექტემბერს, ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს, შეხვდა.

ასევე ნახეთ

ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა
  • მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, რის შემდეგაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
  • 2018 წელს ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა. 2021 წლის იანვარში მან კვლავ განაცხადა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, თუმცა 2023 წლის დეკემბერში დაბრუნდა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.
  • 2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ვაშინგტონმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ივანიშვილის ქმედებები რუსეთის სასარგებლოდ ძირს უთხრიდა საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მომავალს.