„უკრაინას ომის მერე ოდნავ განსხვავებული ფორმა ექნება“ - აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას მოელის (CBS News) და მისი ამ ნათქვამის საპასუხოდ კრემლი “მიწაზე რეალობებზე” ლაპარაკობს. რას გულისხმობს ტრამპი, რომელიც ამასთან თვლის, რომ მოსალოდნელი შეთანხმებით „ყველა აღფრთოვანებული დარჩება", არავინ იცის. რაც ცხადია ამ ეტაპზე, არის ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმს და უკრაინის ოთხ რეგიონს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი რეკომენდაციაა, პრეზიდენტ ტრამპს მიმართონ შეკითხვით, რას გულისხმობს "განსხვავებული ფორმა". „რაც შეეხება უკრაინის ფორმას, გეოგრაფიის თვალსაზრისით, ეს უკვე სხვა ქვეყანაა. მიწაზე რეალიები აშკარაა და ამას ვერავინ უარყოფს“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ
„გეოგრაფიის თვალსაზრისით" უკრაინა „უკვე სხვა ქვეყანაა" - პესკოვიპესკოვი „რეალიებში” არსებულ სიტუაციას და იმას გულისხმობდა, რომ 2014 წლიდან რუსეთს თავის ტერიტორიად აქვს გამოცხადებული უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული, ხოლო 2022 წლის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ - უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები, რომლებსაც მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებს.
ასევე ნახეთ
„ცოტა განსხვავებული ფორმა" ექნება - ტრამპი უკრაინაზეამასობაში, "ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა" (ISW) ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარები 2026 წლის ოქტომბერში განაგრძობდნენ პოზიციების დაკარგვას ბრძოლის ველზე და განიცადეს ყველაზე დიდი ყოველთვიური დანაკარგი მთელი ომის განმავლობაში.
ამასთანავე, ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის სამხედრო სარდლობა ცდილობს დანაკარგების დამალვას და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას წარუდგენს „ლამაზ ანგარიშებს“ რუსული ძალების თითქოსდა წარმატებების შესახებ.
ასეთია 10-11 ნოემბრის მოლაპარაკების წინა დღეების ვითარება.
ოქტომბერში, რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინსა და ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი მზადაა, განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასთან აშშ-ის შუამავლობით.
ტრამპმა ჟურნალისტთან საუბრისას გაიმეორა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არ იქნებოდა, მაშინ ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო.
თეთრმა სახლმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ევროპული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტი, რომელიც უკრაინისთვის გარანტიებს შეიცავს. ამ დროს უკრაინასა და რუსეთთან სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადება ტრამპის ადმინისტრაციას დაწყებული ჰქონდა.
როგორც რუსეთის მხარემ, პრესმდივანმა პესკოვმა დაადასტურა, უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი პუტინის მრჩეველი ვლადიმირ მედინსკი იქნება.
ტრამპის წარმომადგენელმა, მისი ოჯახის წევრმა და სიძემ, ჯარედ კუშნერმა, ეს ინიციატივა უსაფრთხოების შესახებ დეტალურად ჩამოაყალიბა სოციალურ ქსელში 5 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში - ბრიუსელში უკრაინის, ევროპული ქვეყნებისა და ნატოს წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
კონცეფცია, ამერიკული მხარის განცხადებით, ითვალისწინებს მუდმივ კონსულტაციებს უსაფრთხოების საკითხებზე, კრიზისულ სიტუაციებში ურთიერთქმედების მექანიზმებს, გამჭვირვალობის ამაღლებას სამხედრო სფეროში, ორმხრივ ზომებს ესკალაციის საფრთხის შესამცირებლად, ასევე გრძელვადიან შეთანხმებებს ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
Your browser doesn’t support HTML5
Ukraine's Quiet Counteroffensive: Inside Operation Vivaldi
ეს იქნება მსხვილი შეთანხმება და ის შეეხება არა მხოლოდ უკრაინას
კუშნერმა განაცხადა, რომ ინიციატივა პატივს სცემს თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასთან, არცერთ სახელმწიფოს არ ექნება ვეტოს უფლება უსაფრთხოების სფეროში სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებსა თუ ალიანსებზე. მან დასძინა, რომ ნატო წინანდებურად ცენტრალურ როლს ითამაშებს ევროპის კოლექტიურ თავდაცვაში.
ეს განცხადება მოჰყვა 5 ნოემბერს ტრამპის შეხვედრას თეთრ სახლში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან. ტრამპმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, „დიდი, მშვენიერი შეთანხმება“ უკვე ახლოსაა, და ივარაუდა, რომ მან შესაძლოა მოიცვას არა მხოლოდ უკრაინა, არამედ „მთელი ევროპა“. „ეს იქნება მსხვილი შეთანხმება და ის შეეხება არა მხოლოდ უკრაინას“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და იწინასწარმეტყველა, რომ „ყველა აღფრთოვანებული დარჩება“.
მანამდე, შეხვედრის შესახებ გაცხადებების გაკეთებამდე, ტრამპმა თქვა, რომ მას არ მიაჩნია, რომ პუტინი ატყუებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „არავინ ყოფილა უფრო ხისტი რუსეთის მიმართ“, ვიდრე ის. მაგალითად ტრამპმა მოიყვანა „ვაჭრობა, სანქციები და ყველაფერი დანარჩენი“.
ჯარედ კუშნერმა აღნიშნა, რომ კონსულტაციები გაგრძელდება ე.წ. შელ-ბეის ფორმატის ფარგლებში უკრაინის, ნატოს, ევროპის კავშირისა და სხვა პარტნიორების მონაწილეობით და რომ რუსეთიც მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
უსაფრთხოების საკითხები
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ შეიძლება რუსული მხარის მიერ იყოს ნაკარნახები, ხოლო არმიის შეზღუდვა და უკრაინის სუვერენიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება. ზელენსკი ასევე გამოვიდა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების წინააღმდეგ. ზელენსკი თვლის, რომ რუსეთისთვის “გაერთიანებული და მშვიდობიანი ევროპა მტერია". ამის შესახებ მან ბერლინში განაცხადა გასულ კვირაში, როცა იქ უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა.
"ომის შემსწავლელ ამერიკულ ინსტიტუტში" (ISW) მანამდე აცხადებდნენ, რომ კრემლის დაინტერესება მოლაპარაკებებით მოჩვენებითია და მიზნად ისახავს არა უკრაინაში ომის შეწყვეტას, არამედ შეერთებული შტატებისგან ეკონომიკური დათმობების მიღებას, რათა რუსეთმა შეძლოს ამ ომის შემდგომი დაფინანსება.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებულმა დაკავშირებამ ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურასთან ექსპერტებში გააჩინა შეკითხვები ამ ინიციატივის მასშტაბებსა და ნატოსთვის მის შესაძლო შედეგებზე.
ასევე ნახეთ
ზელენსკის იმედი აქვს, რომ გზა გაიხსნება ლიდერთა დონეზე სამმხრივი ფორმატისთვისგლენ ჰოვარდმა, ფონდ „სარატოგას“ პრეზიდენტმა და რუსეთის საკითხებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ კუშნერის გამოსვლა შესაძლოა მიმართული ყოფილიყო იმისკენ, რომ დაერწმუნებინათ უკრაინა და ევროპელი მოკავშირეები: ვაშინგტონი არ ამბობს უარს მათ დასაცავად, პარალელურად კი ახორციელებს ზეწოლას რუსეთზე მოლაპარაკებების წინ. თუმცა ჰოვარდმა აღნიშნა, რომ ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურის ხსენება შეშფოთებას იწვევს.
მან მიუთითა კრემლის საგარეო პოლიტიკური მრჩევლის, იური უშაკოვის გამონათქვამებზე, რომელმაც წინა კვირაში მოწოდება გამოთქვა ნატოს 1997 წლამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებისკენ, ალიანსის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნების ხარჯზე გაფართოებამდე ვითარების აღდგენისკენ. „როდიდან აქვს რუსეთს ხმის უფლება ნატოს მომავლისა და აღმოსავლეთ ფლანგის შემცირების საკითხებში?“ - დასვა შეკითხვა გლენ ჰოვარდმა და ასევე დაფიქრდა იმაზე, თუ რა დათმობებს შესთავაზებს რუსეთი სანაცვლოდ.
ექსპერტის თანახმად, ნატოს საკითხის მოლაპარაკებების მაგიდაზე გამოტანამაც კი შესაძლოა პრეცედენტი შექმნას რუსეთისა და აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციებისთვის. მან ეს პოტენციური მიდგომა შეადარა 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებას, რომელმაც ნაცისტურ გერმანიას უფლება მისცა, მოეხდინა ჩეხოსლოვაკიის ნაწილის ანექსია ჰიტლერის დაპირების სანაცვლოდ, რომ შემდგომ ტერიტორიულ პრეტენზიებს არ წამოაყენებდა. რამდენიმე თვეში ნაცისტებმა ეს დაპირება დაარღვიეს.
გლენ ჰოვარდმა გაიხსენა ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთთან დაკავშირებით პოზიციის შესახებ არსებული კიდევ უფრო დიდი შეშფოთება. მან საგანგაშო მაგალითად მოიყვანა პენტაგონის მაღალი თანამდებობის პირის, ელბრიჯ კოლბის კომენტარები, რომლებითაც ის ბალტიისპირეთის ქვეყნებს ანტირუსული
რიტორიკის შემსუბუქებისკენ მოუწოდებდა.
ჰოვარდმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთისა და ბრიტანეთის მზადება უკრაინაში სამშვიდობო ძალების შესაძლო განლაგებისთვის, ასევე ამერიკელი ელჩების მიერ
რუსეთიდან ევროპაში უკრაინის გავლით გაზის მიწოდების აღდგენის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა მოლაპარაკებებთან დაკავშირებული უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი იყოს.
ჯონ ჰერბსტს, აშშ-ის ყოფილ ელჩს უკრაინაში და ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის უფროს დირექტორს, მომავალი მოლაპარაკებების მიმართაც არ გამოუთქვამს განსაკუთრებული ოპტიმიზმი.
მან მოიყვანა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ბოლოდროინდელი განცხადება იმის შესახებ, რომ მოსკოვი კომპრომისზე არ წავა, ასევე ახსენა ფაქტი, რომ ვლადიმირ მედინსკი აბუ-დაბიში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშნეს.
მედინსკი რუსეთის მოლაპარაკებების გუნდებს ადრეც ხელმძღვანელობდა, თუმცა ვერანაირ დიპლომატიურ გარღვევას ვერ მიაღწია.
ჰერბსტმა აღნიშნა, რომ ევროპის მონაწილეობა შესაძლოა დაეხმაროს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შენარჩუნებას და უბიძგოს ვაშინგტონს, უფრო ხისტი პოზიცია დაიკავოს მოსკოვის მიმართ. თუმცა მან გაფრთხილება
გამოთქვა, რომ ევროპის მხრიდან ტრამპის დმინისტრაციაზე ზემოქმედების მცდელობებს შესაძლოა მხოლოდ შეზღუდული ეფექტი ჰქონდეს კრემლის ანალოგიურ მანევრებთან შედარებით.
ეს მიუღწეველი ამოცანაა
ჰერბსტის თქმით, ჩნდება შეკითხვა: რატომ ამახვილებს ვაშინგტონი ყურადღებას ომისშემდგომი უსაფრთხოებისა და დეესკალაციის მექანიზმებზე ისე, რომ რუსეთისგან არ მიუღია რაიმე არსებითი ვალდებულება საბრძოლო
მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით? ექსპერტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთის მიერ დათმობებზე უარის თქმამ ტრამპის ადმინისტრაციას უბიძგა, წინსვლა მოეძებნა სხვა სფეროებში და არ განეხორციელებინა უფრო ძლიერი ზეწოლა კრემლზე.
მისი თქმით, ამოცანა ის არის, რომ შემუშავდეს საკმარისად ძლიერი გარანტიები ხელმძღვანელობის დასამშვიდებლად, მაგრამ არა იმდენად ფართომასშტაბიანი, რომ რუსეთმა უარი თქვას. „ეს მიუღწეველი ამოცანაა“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი. ის ამტკიცებს, რომ მოსკოვი არ არის დაინტერესებული იმით, რომ კიევს უსაფრთხოების სერიოზული გარანტიები მისცეს, მაშინ როდესაც უკრაინას ისინი სჭირდება თავისი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, გადარჩენისთვის.
ჰერბსტის აზრით, მნიშვნელოვანი გარღვევა იქნებოდა რუსეთის მხრიდან მკაფიო ვალდებულების აღება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რაც მას
ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია. მისი თქმით, პუტინი კვლავ ისწრაფვის, კონტროლი დაამყაროს უკრაინაზე და სურს, რომ ტრამპმა დაარწმუნოს კიევი, დათმოს უკრაინის კონტროლის ქვეშ დარჩენილი დონბასის რაიონები. რადგან მას არ აქვს ამ ტერიტორიის სამხედრო გზით მიტაცების შესაძლებლობა, პუტინმა შესაძლოა განაგრძოს თავდასხმა უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რათა აიძულოს კიევი დათმობაზე წავიდეს, მიიჩნევს ჰერბსტი.
მოლოდინები აბუ-დაბისთან დაკავშირებით
სამმხრივი მოლაპარაკებები აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის დაგეგმილია 10–11 ნოემბრისთვის. ეს იქნება პირველი მსგავსი სამშვიდობო მოლაპარაკებები თებერვლის შემდეგ.
მოლაპარაკებების წინა რაუნდი აბუ-დაბიში. 2026 წლის 23 იანვარი
მარკ ტემნიცკიმ, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის შტატგარეშე მეცნიერ-თანამშრომელმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ელის ეტაპობრივ პროგრესს, მაგრამ არა გარღვევას მოლაპარაკებებზე. მისი თქმით,
ძირითად დაბრკოლებებად კვლავ რჩება ტერიტორიული დავები და ომის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების საკითხი.
იმისთვის, რომ უსაფრთხოების გარანტიები დამაჯერებლად გამოიყურებოდეს, ვაშინგტონი და ევროპის ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორ განხორციელდება ისინი და ვინ დააფინანსებს უკრაინის აღდგენას.
მსოფლიო ბანკის ჯგუფი, ევროკომისია, გაერო და უკრაინის მთავრობა დანგრეულის აღსადგენად საჭირო სახსრების მოცულობას თითქმის 588 მილიარდ დოლარად აფასებენ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.
ტემნიცკიმ გაფრთხილება გამოთქვა, რომ ვაშინგტონს არ შეუძლია შესთავაზოს უკრაინას ევროკავშირში წევრობა კონფლიქტის დარეგულირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში. ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს.
მაღალი რანგის ორმა ევროპელმა დიპლომატმა ვაშინგტონში რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ევროპელ ლიდერებს არ სჯერათ რუსეთის მზადყოფნისა, წავიდეს რეალურ დათმობებზე უკრაინასთან დაკავშირებით ან
ევროპული უსაფრთხოების საკითხებში.
პარალელური დიპლომატიური ძალისხმევა
ბოლო დიპლომატიური მოქმედებები დაემთხვა რიგ სხვა ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია კონფლიქტის მოგვარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნისკენ.
5 ნოემბერს აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები ექვსდღიანი ზავის აღსანიშნავად, რომლის ორგანიზებასაც მან ხელი შეუწყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშიკიში, ხერსონის ოლქში.
საბრძოლო მოქმედებების შეჩერების დროს,
რომელიც ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდა, ევაკუირებული იქნა თითქმის 800 ადამიანი. „ჩვენ ჰუმანურობა ვამჯობინეთ ომს“, - განაცხადა მელანია ტრამპმა და მოუწოდა მხარეებს, ისარგებლონ ამ ინიციატივით, რათა სამოქალაქო
მოსახლეობაზე ზრუნვიდან გამომდინარე, გამონახონ საერთო პოზიცია.
ამასობაში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა ესპანეთში უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე მოლაპარაკებებისთვის და იბერო-ამერიკული სამიტის კულუარებში შეხვედრებისთვის. მან განაცხადა,
რომ აბუ-დაბის მოლაპარაკებებამდე დაგეგმილია შემდგომი კონტაქტები აშშ-ის ოფიციალურ პირებთან. „ჩვენ ვუთანხმებთ მოქმედებებს ჩვენს პარტნიორებს, რათა მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს უსაფრთხოების
საკითხებში და განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები მშვიდობისაკენ მიმავალ გზაზე“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში.
ასევე მიიპყრო ყურადღება ტრამპის შეხვედრამ დმიტრიევთან, რადგან რუსეთის წარმომადგენელი კვლავ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციების ქვეშ
იმყოფება. აშშ-ის ერთ-ერთმა მოხელემ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ეს არ იყო ტრამპისა და დმიტრიევის პირველი შეხვედრა თეთრ სახლში და უარყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ სანქციებმა ხელი შეუშალა დმიტრიევს აშშ-ში ჩასვლაში. ჩვენი თანამოსაუბრის მონაცემებით, ვიზიტის გასაადვილებლად გაიცა
სანქციებისგან გამონაკლისის დაშვების ნებართვები.
ოფიციალური გადაწყვეტილება დმიტრიევის სანქციების სიიდან ამოღების შესახებ გამოცხადებული არ ყოფილა.
უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია გაემგზავრა აბუ-დაბიში (აგს) დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, რომელთა მიზანიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებაა.
„ამავე დღეებში აბუ-დაბიში იქნებიან ევროპული ქვეყნების, კერძოდ, E4-ის ფორმატის (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია), ასევე ნატოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები. ევროპელ პარტნიორებთან ჩავატარებთ საკოორდინაციო შეხვედრებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მჭიდრო კოორდინაცია ყველა ჩვენს საკვანძო პარტნიორთან, უზრუნველვყოთ პოზიციების შეთანხმებულობა და შემდგომი ნაბიჯების ერთობლივი გაგება მოლაპარაკების პროცესში. როგორც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ არის განსაზღვრული, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ევროპა იყოს დიპლომატიური პროცესის მონაწილე“, — დაწერა უმეროვმა Telegram-ში 9 ნოემბერს.
უფრო ადრე ევროკომისიამ დაადასტურა, რომ ევროპულ საბჭოსთან ერთად გააგზავნის ერთობლივ დელეგაციას აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე. იქ ასევე იქნებიან საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები.
გაურკვეველი იყო, მიიღებდნენ თუ არა ევროპელი წარმომადგენლები უშუალო მონაწილეობას რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებში. კრემლში აცხადებდნენ, რომ ეს იქნება მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით, ხოლო ევროპელებს ექნებათ ცალკე კონსულტაციები უკრაინასა და აშშ-სთან.