სააგენტოს თანახმად, პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობით თბილისი დასავლეთის ზეწოლას უპირისპირდება და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ახერხებს.
9 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატიის სათაურია - „ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოზე დასავლეთის ზეწოლას ანეიტრალებს“.
რას წერს „რესი“
სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ აშშ და ევროკავშირი ცდილობენ, საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია შეარყიონ და პოლიტიკური რეჟიმის შეცვლას მიაღწიონ. მისი შეფასებით, დასავლეთს საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევა და რუსეთის წინააღმდეგ ინსტრუმენტად გამოყენება სურს.
საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ მიჰყვება პრაგმატულ, მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკას".
„რესის“ თანახმად, დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის ეკონომიკურ ბერკეტებს, პერსონალურ სანქციებსა და ფინანსური დახმარების შეჩერებას იყენებს.
„(თუმცა) საქართველოს ხელისუფლება არ ექვემდებარება ევროატლანტიკური წრეების მუქარას და მტკიცედ მიჰყვება პრაგმატულ, მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკას სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად“, - წერს სააგენტო.
სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მას დასავლეთის ზეწოლის ალტერნატივად განიხილავს.
„სანამ დასავლეთი შანტაჟით ცდილობს საქართველოს საკუთარ კონტროლქვეშ დაბრუნებას, თბილისი თანმიმდევრულად ავითარებს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც დასავლური ზეწოლის რეალურ ალტერნატივად იქცევა“, - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი მიმოიხილავს თბილისისა და პეკინის ეკონომიკურ თანამშრომლობას. კერძოდ, საუბარია:
- თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და უვიზო მიმოსვლაზე;
- ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ საქართველოს მონაწილეობასა და შუა დერეფნის განვითარებაზე;
- ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობაზე, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის პროექტსა და მონაცემთა დამუშავების ცენტრების შექმნის გეგმებზე;
- საქართველოში ჩინური ელექტრომობილების წარმოების შესაძლო დაწყებასა და თბილისის მეტროსთვის ჩინური ვაგონების დამზადებაზე.
ასევე ნახეთ
„უკან, კულისებში ჩანს“ - „შუა დერეფანი“, მისი აქტორები და საქართველოს პოზიციონირებასტატიაში მოყვანილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ციტატაც, რომელმაც 8 ნოემბერს ჩინეთთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო ჩინური ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას გააგრძელებს.
სააგენტო აღნიშნავს იმასაც, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
თბილისი აჩვენებს, რომ შეუძლია ეროვნული ინტერესების დაცვა".
სტატია შემდეგი დასკვნით სრულდება:
„აშშ-ისა და ევროკავშირის მტრული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს იზოლაციისა და შანტაჟისკენ არის მიმართული, მიზანს ვერ აღწევს. თბილისი აჩვენებს, რომ შეუძლია ეროვნული ინტერესების დაცვა ჩინეთთან თანასწორი და ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობების დამყარებით“.
ავტორის შეფასებით, პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს სუვერენული განვითარების მყარ საფუძველს ქმნის და „გარე დიქტატის მცდელობებს უპერსპექტივოს ხდის“.
ასევე ნახეთ
თბილისში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდაჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში
„რესის“ სტატიის გამოქვეყნებას წინ უძღოდა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
ხან ჭენგი თბილისში 6 ნოემბერს ჩამოვიდა და ქვეყანა 8 ნოემბერს დატოვა. ეს ჩინეთის ამ რანგის თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი იყო საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში ხან ჭენგმა შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან. 7 ნოემბერს იგი საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდა.
შეხვედრა მიხეილ ყაველაშვილთან
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ურთიერთობების „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანამ“ ორ ქვეყანას თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები გაუხსნა.
მან ყურადღება გაამახვილა სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე და განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის, მეტი ქართული პროდუქცია შეიძინოს და ჩინური კომპანიების საქართველოში ინვესტირებას ხელი შეუწყოს.
„ქართული ოცნების“ შეფასებები
9 ნოემბერს „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთთან ურთიერთობებსა და ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის ვიზიტის შედეგებს.
ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი აეროპორტში გააცილა.
„ხაზი გაესვა საქართველოსთვის ისეთი ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის არსებობის მნიშვნელობას, როგორიც ჩინეთია“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა და ოპოზიცია ამ საკითხზე დუმილის გამო გააკრიტიკა.
მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერების დუმილი ადასტურებს, რომ ისინი „კოორდინირებულად, ერთი ხელით ქვეყნის გარედან იმართებიან“.
ასევე ნახეთ
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდასტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა.
2023 წლის ივლისში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს, თბილისმა და პეკინმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს.
2023 წლის სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა, ხოლო 2024 წლის მაისიდან ჩინეთმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შემოიღო.
2026 წლის ივნისში თბილისმა და პეკინმა ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ, „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ დონეზე აიყვანეს.
ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება მიმდინარეობს საქართველოს ტრადიციულ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე.
ასევე ნახეთ
საქართველო თეთრი სახლის ანგარიშში - ჩინეთიდან აშშ-ში „დიდი სატრანზიტო თაღლითობის სქემაში“კამბოლოვი და მოსკოვთან უფრო მჭიდრო ინტეგრაცია
2026 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტად მარატ კამბოლოვი „აირჩიეს“. რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი რეგიონში მოსკოვიდან ჩავიდა. მანამდე კამბოლოვი რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე იყო და „კურჩატოვის ინსტიტუტს“ ხელმძღვანელობდა.
მარატ კამბოლოვი
კამბოლოვი ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებასა და ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას ასახელებს. თანამდებობის დაკავების შემდეგ მან დე ფაქტო მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები განახორციელა და მაღალ თანამდებობებზე რუსეთში ნამუშევარი ყოფილი მაღალჩინოსნები დანიშნა.
კერძოდ, ე.წ. პრემიერ-მინისტრად დაინიშნა სოსლან მარგიევი, რომელიც 20 წელზე მეტხანს რუსეთის სასამართლო სისტემაში მუშაობდა; პირველ ვიცე-პრემიერად - რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე და დაღესტნის მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერი ეკატერინა ტოლსტიკოვა; ხოლო ვიცე-პრემიერად - ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილე დმიტრი გლადსკი.
ასევე ნახეთ
ცხინვალში „ვიცე-პრემიერად“ დანიშნეს ბელგოროდის ყოფილი ვიცე-გუბერნატორიკამბოლოვი დე ფაქტო პრეზიდენტი მას შემდეგ გახდა, რაც 2026 წლის ივნისში, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ალან გაგლოევმა თანამდებობა დატოვა. სექტემბერში ჩატარებულ რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კამბოლოვმა, დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, ხმების 84,95% მიიღო.
საქართველოს ხელისუფლება და მისი საერთაშორისო პარტნიორები ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებენ.