პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 10 ნოემბერს, დაახლოებით 07:55 საათზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გევორგიანისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
„დღეს, დაახლოებით დილის 7:55 საათზე, "ნუბარაშენის" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს 1980 წელს დაბადებული პატიმრისთვის. დაახლოებით დილის 8:30 საათზე სასწრაფო დახმარების პერსონალმა დაადასტურა დაკავებულის ბიოლოგიური სიკვდილი“, - იტყობინება სასჯელაღსრულების დაწესებულების საინფორმაციო სამსახური და ამტკიცებს, რომ არსენ გევორგიანს ციხეში „ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს“.
გევორგიანი 21 ოქტომბერს, სომხეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებით, კანდიდატმა და მისი საარჩევნო გუნდის წევრებმა ათობით ამომრჩეველს ქრთამი მისცეს, ხოლო კიდევ 30 ამომრჩევლისთვის განკუთვნილი სიები და თანხა უკვე მომზადებული ჰქონდათ. გევორგიანი ბრალდებას უარყოფდა.
ასევე ნახეთ
ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სომხეთში ოპოზიციონერები დააკავესპარტია „ძლიერი სომხეთი“ 25 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში 19 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ სტეპანავანში მონაწილეობდა. მან ხმების დაახლოებით 20% მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა. ყველაზე მეტი ხმა პარტია „მეწარმემ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი „სამოქალაქო ხელშეკრულება“ გავიდა.
ოპოზიციურმა ძალებმა გევორგიანის გარდაცვალებაში ხელისუფლება დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ის „ცილისმწამებლური კამპანიის ფარგლებში“ იყო დაკავებული.
„კიდევ ერთი ოპოზიციონერის ციხეში გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვისი ბრძანებითაც იგი უსაფუძვლოდ დისკრედიტაციისა და ასობით ადამიანის მსგავსად დაპატიმრების მსხვერპლი გახდა“, - ნათქვამია პარტია „ძლიერი სომხეთის“ განცხადებაში.
ოთხი წლის წინ, ოპოზიციონერი არმენ გევორგიანი სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მოულოდნელად გარდაიცვალა. წელს მმართველი პარტიის, „სამოქალაქო ხელშეკრულების“ პლაკატის ჩამოხევისთვის დაკავებულმა არმენ ჰოვჰანსიანმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სომხეთის ხელისუფლება ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ოპოზიციის ბრალდებებს თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ. „ძლიერი სომხეთის“ გუნდის რამდენიმე წევრი 2026 წლის ივნისში საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია აცხადებდა, რომ ხელისუფლება მათ უსამართლოდ ესხმოდა თავს, საგამოძიებო კომიტეტი კამპანიის დროს თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებდა სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს და აცხადებდა, რომ ოპოზიციური ძალები ამომრჩევლის მოსყიდვაში იყვნენ ჩართულნი.
ასევე ნახეთ
ოპოზიციური „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს, სამველ კარაპეტიანს, ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდესმსგავსი ბრალდება არ წარუდგენიათ მმართველი პარტიის არცერთი წევრისთვის, რომლებსაც სომხეთის ოპოზიცია ხალხის ფულით ამომრჩევლის მოსყიდვას სდებდა ბრალად. აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმა ჩაწერეს, რომ სომხეთში არსებობს „კანონის შერჩევითად აღსრულება“.