ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნოდარ ჩაჩუას ცოლს საპროცესო გაუფორმდა

ნოდარ ჩაჩუა და ლალო ბერია

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ყოფილი ჟურნალისტის, ნოდარ ჩაჩუას მეუღლეს, ასევე ყოფილ ჟურნალისტ ლალო ბერიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ინფორმაციას მისი ადვოკატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებენ.

შსს-ს ცნობით, ბერიამ „სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული“, რის შემდეგაც მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა შემდეგი პირობებით:

  • 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით,
  • 3 წლით პირობითი მსჯავრი,
  • 3 000-ლარიანი ჯარიმა.

უწყება აცხადებს, რომ პირადი ჩხრეკისას ბერიამ სამართალდამცველებს უთხრა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს საცხოვრებელ ბინაში ინახავდა და ნებაყოფლობით მიუთითა მათი ზუსტი ადგილმდებარეობა.

ჩაჩუა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტია, ბერია კი ტელეკომპანია POSTV-ში მუშაობდა.

ჩაჩუა ზეწოლაზე საუბრობდა, შსს უარყოფს

მანამდე ნოდარ ჩაჩუამ პატიმრობიდან განცხადება გაავრცელა, რომელშიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მასზე და მის ოჯახზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მეუღლის დაკავების მიზანი მისგან სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიღებაა.

„ერთ თვეზე მეტია, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას მძევლად ჰყავს აყვანილი ჩემი ცოლი. ზუსტად 42 დღეა, ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს. ტყვეობაში ჰყავთ ჩემი მეუღლე, რომლის წინააღმდეგაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მისი 42-დღიანი ტყვეობის მთავარი მიზეზი ჩემზე ზეწოლის მოხდენაა“, - წერს ჩაჩუა.

მისი განცხადებით, დაკავებისას, ჩხრეკის დაწყებამდე, სახლში თითქმის ორი საათის განმავლობაში ემუქრებოდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ჩაჩუა ამტკიცებს, რომ ამაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორი მაღალჩინოსანი მონაწილეობდა, რომელთა ამოცნობაც შეუძლია.

ასევე ნახეთ

ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ჩაჩუას თქმით, სამართალდამცველები მისგან ითხოვდნენ ჩვენებას პირების წინააღმდეგ, რომელთა ნაწილიც მისი მეგობარია, ნაწილს მხოლოდ მისალმებით იცნობს, ნაწილთან კი ურთიერთობა საერთოდ არ აქვს. ჩაჩუა ასევე აცხადებდა, რომ მის მეუღლეზე აღიარების მოსაპოვებლად ზეწოლა მიმდინარეობდა.

„ცდილობენ, ათქმევინონ, რომ ჩემი ჩხრეკისას ამოღებული მთელი 5 გრამი აკრძალული ნივთიერების შესახებ მან იცოდა - ახლა მათთვის ესეც საკმარისია“, - წერს ჩაჩუა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება კანონის დაცვით ჩატარდა.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებები საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ეფუძნება, მათ შორის - მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოპოვებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერს. სამინისტროს მტკიცებით, ჩანაწერში ასახულია ჩაჩუას მიერ კოკაინის რეალიზაცია, რასაც მისი მეუღლეც ესწრებოდა.

უწყების ცნობით, ჩაჩუა და ბერია სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს თბილისში, მათი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ შეაჩერეს. ბინის ჩხრეკისას, სამინისტროს ინფორმაციით, ამოიღეს კოკაინი, მეტადონი, მდმა, ალფა-პვპ და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი, ასევე - ნივთიერებების დასაფასოებლად საჭირო მასალები და ნივთები, მათ შორის ელექტროსასწორი, კოლბები და წებოვანი ლენტები. საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ორივე დააკავეს.

ნოდარ ჩაჩუას ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაცია, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა. ლალო ბერიას ბრალდება კი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას უკავშირდებოდა.

ოქტომბერში ჩაჩუას ადვოკატი აცხადებდა, რომ დაკავებული „ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი“ გახდა, რომელიც მისმა მეგობარმა მოუწყო - „ალბათ, საკუთარი თავის გადარჩენის სანაცვლოდ“.