მოსკოვის სასამართლომ ეკონომიკის ანალიტიკოსსა და პუბლიცისტს, ბორის გროზოვსკის დაუსწრებლად ორი წლით მიუსაჯა კოლონიაში პატიმრობა, "არასასურველი ორგანიზაციის" მუშაობაში მონაწილეობის მიღების მუხლით. საქმე ეხება გროზოვსკის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც ანალიტიკოსი ლაპარაკობდა რუსეთის მოქალაქეების კრედიტების პრობლემაზე.
როგორც გამოცემა "მედიაზონა" სასამართლოს დარბაზიდან იუწყება, მოწმემ, ანდრეი კუპჩენკოვმა თქვა, რომ გროზოვსკის მოუსმინა რადიო თავისუფლების გადაცემაში, რომლის სახელიც არ ახსოვს. კუპჩენკოვის თქმით, გროზოვსკი "უარყოფითად აფასებდა რუსეთში მიმდინარე მოვლენებს" და ლაპარაკობდა "საკრედიტო-ფულადი პოლიტიკის ვარდნაზე". კითხვას, რას მიიჩნევს მოწმე დადებით მოვლენად, მან უპასუხა - "ყველაფერს, რასაც ტელევიზიით აჩვენებენ". მან დააზუსტა, რომ რადიო თავისუფლებას რეგულარულად უსმენს.
პროკურორი გროზოვსკის სასჯელად მოითხოვდა პატიმრობას სამი წლისა და 11 თვის ვადით. ადვოკატი ითხოვდა პუბლიცისტის გამართლებას, რადგან, მისი თქმით, გამოძიებამ ვერ დაამტკიცა განზრახვა. ადვოკატმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა მოსაზრება, რომ რუსეთის ეკონომიკის პერსპექტივაზე ერთი სპეციალისტის მოსაზრება ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის პრობლემას.
გროზოვსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაცია 6 ოქტომბერს გავრცელდა.
2024 წლის დეკემბერში ამავე სასამართლომ გროზოვსკი დააჯარიმა ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში, ე.წ. "არასასურველ ორგანიზაციასთან" კავშირის გამო. საქმე ეხებოდა რადიო თავისუფლებას, პროტოკოლი შეადგინეს გროზოვსკის მონაწილეობაზე გადაცემაში სათაურით "არქეოლოგია". გარდა ამისა, გროზოვსკი დაჯარიმებულია პროტოკოლებით ე.წ."უცხოეთის აგენტისადმი" მოქმედი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე - როგორც მონაწილე მედიაპროექტისა "ქვეყანა და მსოფლიო", რომელიც აკადემიკოს ანდრეი სახაროვის ფონდს ეკუთვნის. 2023 წელს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ეს ორგანიზაციაც "არასასურველად" გამოაცხადა.
რადიო თავისუფლება რუსეთში 2024 წლის 20 თებერვალს გამოცხადდა "არასასურველ ორგანიზაციად".