ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე იობის მისამართით გამონათქვამები სცილდება ქრისტიანულ მორალს

ფოტოკოლაჟი. ანდრია ჯაღმაიძე (მარცხნივ) და მეუფე იობი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება მეუფე იობის მიერ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ქადაგების შემდეგ მასზე მედიაში გავრცელებულ შეფასებებს.

„ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მეუფე იობის მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.

საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი“, - უთხრა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“. მან რადიო თავისუფლების ზარებს არ უპასუხა.

რა იქადაგა რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა

10 ნოემბერს მეუფე იობმა ქადაგებით მრევლს მიმართა და ხელისუფლება და ის სასულიერო პირები გააკრიტიკა, რომელთა „უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა“.

„დღეს რას ვხედავთ. დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის“, - თქვა მან და სასულიერო პირების კრიტიკით განაგრძო საუბარი.

მისი თქმით, „დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის“.

„და რაში გამოიხატება ეს?! - გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. დღეს, ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა. თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრავლისთვის რთული გასაგებია, ქადაგებ, რომ გაჭირვება, ქადაგებ სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ - აი, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები. ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ

მიტროპოლიტი იობი: დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება

განცხადებები მეუფე იობის ქადაგებაზე

მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, მარიამ ლაშხს, ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა ეს ქადაგება, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

„ღმერთმა შეუნდოს“, - თქვა პასუხად დეპუტატმა.

ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და წლების წინ ამ პარტიის პიარ-კონსულტანტიც იყო, სოციალურ ქსელში დაწერა: „იობ ტვაიუ მაწ რა“.