ლუკა ეხვაია დანიშვნიდან ორ თვეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აღარაა

მიხეილ ყაველაშვილი და ლუკა ეხვაია

დანიშვნიდან ორ თვეში ლუკა ეხვაიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დაუდასტურა.

ამ ეტაპზე უცნობია, მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა თუ გაათავისუფლეს. წასვლის მიზეზის დაზუსტება ეხვაიასთან და პრეზიდენტის პრესსამსახურთან ვცადეთ, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

რადიო თავისუფლება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცხელ ხაზსაც დაუკავშირდა და ეხვაიასთან გასაუბრება ითხოვა. პასუხად გვითხრეს, რომ ეხვაია უწყებაში აღარ მუშაობს.

მიხეილ ყაველაშვილმა ეხვაია ადმინისტრაციის უფროსად 2026 წლის 14 სექტემბერს დანიშნა. მანამდე იგი ყაველაშვილის მრჩეველი იყო საგარეო საკითხებში.

ასევე ნახეთ

ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლუკა ეხვაია, „ფუკოს ქანქარის“ დამფუძნებელი

დანიშვნის შემდეგ ეხვაია პრეზიდენტის მონაწილეობით გამართულ თითქმის ყველა ღონისძიებას ესწრებოდა. ბოლოს ის ყაველაშვილისა და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის შეხვედრას დაესწრო.

ეხვაია აღარ ჩანდა თურქეთის ქალაქ ანტალიაში, გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე ყაველაშვილის ვიზიტის ამსახველ ფოტოებში.

ვინ არის ლუკა ეხვაია

ლუკა ეხვაია ტიკტოკ-არხის, „ფუკოს ქანქარის“ თანადამფუძნებელია. მას სხვადასხვა დროს ეკავა პრეზიდენტის მრჩევლისა და თანაშემწის თანამდებობები. საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ყაველაშვილის მრჩევლად იგი 2025 წლის პირველ ნახევარში დაინიშნა.

ეხვაია აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაწყვეტას „დეკოლონიზაციის გზაზე დიდ ნაბიჯად“ მიიჩნევდა. ის ასევე მხარს უჭერდა საქართველოს ჩართვას რეგიონულ „3+3“ ფორმატში.

ლუკა ეხვაია

2025 წლის აპრილში აცხადებდა, რომ, მისი აზრით, „ქართულ ოცნებაში“ მზად იყვნენ იმისთვის, რომ აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეიცვლებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მისი დანიშვნისას გავრცელებულ ინფორმაციაში ეხვაია საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრად და სპეციალისტად იყო მოხსენიებული.

ასევე ნახეთ

ვფიქრობ, „ოცნებაში“ მზაობა არსებობს, რომ აშშ-ის დამოკიდებულება არ შეიცვლება - ყაველაშვილის მრჩეველი

ადმინისტრაციის ცნობით, მას კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული, ხოლო ბოლონიის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე - მაგისტრის ხარისხი.

ამავე ინფორმაციით, ეხვაია იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი გლობალური და რეგიონული კვლევების მიმართულებით, მოგვიანებით კი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი.

საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ყაველაშვილის მრჩევლად მუშაობისას ლუკა ეხვაიას ყოველთვიური ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6424 ლარი იყო.

ყაველაშვილმა არჩევის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დანიშნა.