ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ჟურნალისტი გურამ როგავა მიიჩნევს, რომ „რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია“

„ფორმულას“ ყოფილ ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციებისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს, გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამასთან, მას სამი წლით შეუზღუდეს საქმიანობის უფლება.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა, რაც 2026 წლის 12 ნოემბერს საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ აცნობა დაზარალებულად ცნობილ ჟურნალისტს. როგავას ცნობით, მანამდე პროკურატურას ჟურნალისტთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

გურამ როგავას თქმით, მისი მოლოდინი იყო, რომ განაჩენის გამოცხადებამდე, საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულის სტატუსით უნდა გამოკითხულიყო, თუმცა, ის არ გამოუკითხავთ.

განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქმის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ პროკურატურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ფეისბუქზე დაწერა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებდა. საქმე პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ გადაიბარა.

ასევე ნახეთ

„არ უკავშირდება კონკრეტულ საქმეს“ - პროკურატურიდან წასული გიორგი ნადირაძე

ჟურნალისტი გურამ როგავა საქმეში არსებულ მასალებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მტკიცებულებები „ცარიელი ფურცლებია“.

ჟურნალისტი საქმის დახურულ რეჟიმში განხილვას სწორედ ამით ხსნის და ამბობს, რომ პროკურატურამ საზოგადოებას დაუმალა სიმართლე:

„რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო, რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს“, - მიიჩნევს ჟურნალისტი.

ასევე ნახეთ

IPI: ჟურნალისტებზე თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება

თავდასხმა როგავაზე

2026 წლის 7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს სამ ადამიანზე ძალადობის ბრალდებით ხუთ ადამიანს უყენებდნენ ბრალს.

ერთ-ერთი ეს საქმე სწორედ გურამ როგავაზე თავდასხმა იყო. საქმე სასამართლოში დახურულ რეჟიმში განიხილებოდა.

  • 2024 წლის 29 ნოემბერს, დედაქალაქში მასშტაბური აქციების ძალადობრივად დაშლის მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა გურამ როგავაზე იძალადა.
  • ამ დროს როგავა „ფორმულის“ პირდაპირ ეთერში მუშაობდა და აქციაზე პოლიციელების მხრიდან გამოჩენილ ძალადობას აღწერდა.
  • მკურნალი ექიმის შეფასებით, გურამ როგავას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა. ის რამდენიმე დღით დატოვეს კლინიკაში.

„ფორმულის“ ჟურნალისტური გამოძიება

ორი დღით ადრე, 5 მაისს კი „ფორმულამ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც 2024 წლის ნოემბრის აქციებისას როგავაზე, სავარაუდოდ, იძალადა ახალგაზრდა სპეცრაზმელმა, ინიციალებით ი.შ..

  • „სპეცრაზმის“ ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) ამბობდა, რომ ეს სახელი „პირველად ესმის“.
  • ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურამ გამოჰკითხა ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი, რომლის საავტორო გადაცემაშიც გავიდა საგამოძიებო სიუჟეტი.
  • გაირკვა, რომ როგავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული სხვა ადამიანი იყო.

7 მაისს პროკურატურის პრესცენტრში განაცხადეს, რომ ელისო ჯარიაშვილის მიერ დასახელებული ადამიანის „რაიმე სახის კავშირი როგავას საქმესთან არ დასტურდება“.

იქვე თვეს, რომ ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელი პირი - აწ უკვე მსჯავრდადებული - „უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე“ იყო იდენტიფიცირებული და დაკავებული.

ასევე ნახეთ

„ზღვაში წვეთია“, „დამკვეთებზე უნდა გავიდნენ“ - ნაცემი დემონსტრანტი და ჟურნალისტი 5 სპეცრაზმელის დაკავებაზე