დვალიშვილი-ნურმაგომედოვის ინციდენტზე პოლიციამ 10 პირი დააკავა - ყველანი პოლიციაში რჩებიან

ინციდენტის შემდეგ 10 ადამიანია დაკავებული. გავრცელებული ცნობებით, განყოფილებაში არიან დვალიშვილი და ლაზიშვილიც

ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა.

„როიტერსი“ ციტირებს აბუ-დაბის პოლიციის განცხადებას, რომლის თანახმადაც:

  • დააკავეს „რვა პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ სასტუმროს შესასვლელთან მომხდარ ჩხუბში“ და
  • „პოლიციამ ასევე დააკავა ორი პირი, რომლებმაც ინციდენტი ვიდეოზე აღბეჭდეს, და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გაატარა“.

აბუ-დაბიში დახურულ სივრცეში გადაღება აკრძალულია.

„როიტერსის“ ამ ცნობაში არ არის დაზუსტებული, არიან თუ არა „დაკავებულებს“ შორის თავად მერაბ დვალიშვილი და მისი თანმხლები საბა ლაზიშვილი.

ასევე ნახეთ

თავდასხმა დვალიშვილზე - მხარდამჭერი პოსტები და ნურმაგომედოვებთან დაპირისპირების ისტორია

ამ ეტაპზე ციხეში რჩებიან დვალიშვილი და ლაზიშვილიც

ამასთან, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ დვალიშვილიც და ლაზიშვილიც ამ დრომდე რჩებიან პოლიციის განყოფილებაში.

12 ნოემბერს საბა ლაზიშვილის ძმამ, ზვიად ლაზიშვილმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობს:

„სამწუხაროდ, ჩემი ძმა, საბა და მერაბი, ორივენი ამ დრომდე ციხეში არიან. ჯერ არ გამოუშვიათ და ამბობენ, რომ შესაძლოა 48 საათის განმავლობაში იყვნენ“.

მისი თქმით, სავარაუდოდ, „მოსამართლე გადაწყვეტს, როგორ განვითარდება მოვლენები“, რაც, მისი აზრით, უსამართლოა, რადგან ჩემს ძმებს არაფერი დაუშავებიათ და თავს იცავდნენ“.

„გთხოვთ, ვისაც აქვს შესაძლებლობა ან რაიმე კავშირები, დაეხმაროთ მათ, ხმამაღლა გამოხატეთ და დაეხმარეთ. უკვე რამდენიმე ქართველმა ბიჭმა, ძალიან კარგი მეგობრები, გამოგვეხმაურნენ და ცდილობენ ძალიან კარგი ადვოკატების პოვნაში დახმარებას და ვითარების მოგვარებას“, - ამბობს ის ვიდეოში.


MMA-ის საკითხებზე მომუშავე ვეტერანმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმა X-ზე დაწერა, რომ დვალიშვილი-ლაზიშვილიც კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

„როგორც მეუბნებიან, თითქმის 24 საათის შემდეგ, გუშინდელ ჩხუბში მონაწილე ყველა პირი — მათ შორის მერაბი და მისი მეგობარი საბა — კვლავ ადგილობრივი სამართალდამცავების მიერ არიან დაკავებულნი“.

„სეტანტას“ ცნობით, კიკბოქსერმა გიგა ჭიკაძემ, - რომელიც დღეს დილას ჩაფრინდა აბუ-დაბიში, - RAF-ის პრესკონფერენციაზე 12 ნოემბერს თქვა:

„სამწუხაროა, რომ მერაბი ახლა ჩვენთან ერთად არ იმყოფება. აბუ-დაბიში რომ უფრო ადრე ჩამოვსულიყავი, ახლა მეც მასთან ერთად პოლიციაში ვიქნებოდი. ცუდია, როდესაც ხედავ, ვიღაც უკნიდან ურტყამს. ჩვენ ასე არ გავზრდილვართ და ჩვენთვის ეს არავის უსწავლებია“.

ასევე ნახეთ

„უკნიდან მოვიდნენ“ - მერაბ დვალიშვილის თქმით, აბუ-დაბიში ძმები ნურმაგომედოვები თავს დაესხნენ