პროკურატურა ადასტურებს, რომ დავით ფეიქრიშვილს ციხის საკანში სცემეს

ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელსა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ამირან გულუაშვილის ცნობით, გლდანის ციხეში პატიმარ დავით ფეიქირშვილს სცემეს. იმის მიუხედავად, რომ პატიმარი, მისი დედა და ადვოკატი მომხდარ ძალადობაზე ბოლო სამი კვირაა საუბრობენ, სახელმწიფო უწყებებმა მხოლოდ ახლა დაადასტურეს.

ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელსა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს.

ასევე ნახეთ

ვინ არიან და რატომ დააკავეს ძმები ფეიქრიშვილები

ვინ სცემა დავით ფეიქრიშვილს?

პროკურატურამ დაადასტურა ნაცემი პატიმრის დავით ფეიქირშვილის ინფორმაცია, რომელსაც „პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფდა“. გამოძიების მიხედვით, დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად იძალადეს ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ.

ამირან გულუაშვილის თქმით, ძალადობა ოთხი დღის განმავლობაში 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე გრძელდებოდა:

„განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით“.

ასევე ნახეთ

ვატო ყიფიანი vs ძმები ფეიქრიშვილები – დაპირისპირების ისტორია

როგორ მოხვდნენ ყიფიანი, ბილანიშვილი და სხვები ფეიქრიშვილის საკანში?

  • 16 ოქტომბერს ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.
  • გამოძიების ცნობით, საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, „ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს“.

ასევე ნახეთ

ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი („კაწრო“) დააკავეს

საქართველოს გენერალურმა პროკურორის მოადგილემ პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსისა და მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორის გადაწყვეტილება შეაფასა კანონისა და ციხის დებულების უხეშ დარღვევად.

რას ედავებიან პენიტენციურის ყოფილ მაღალჩინოსნებს?

გენერალური პროკურორის მოადგილემ თქვა, რომ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალი წაუყენეს პენიტენციური სამსახურის ყოფილ უფროსსა და გლდანის მე-8 ციხის ყოფილ დირექტორს:

  • პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის;
  • №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

ორივე მათგან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გარდა ამისა, ბრალი წაუყენეს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ იმ ბრალდებულებს, რომლებიც დავით ფეიქრიშვილის საქმეში ფიგურირებენ:

  • ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ედავებიან ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას - დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობით ისჯება.

„საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, - თქვა გულუაშვილმა.

მასალა განახლდება