ყაველაშვილის ადმინისტრაციაში ცვლილებები ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს უკავშირდება

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი და ლუკა ეხვაია

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას, თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება.

არსებული ინფორმაციით, ათონელის სასახლეში დელეგაციის სტუმრობისას დაშვებული პროტოკოლური ხარვეზის გამო, ეხვაიას გარდა, ადმინისტრაციის დატოვება პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელსაც მოუწია.

ინციდენტის ზუსტი გარემოებების გადამოწმება რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპზე ვერ შეძლო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ლუკა ეხვაია სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ.

ათონელის სასახლეში მისულ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტსა და დელეგაციას 6 ნოემბერს მიხეილ ყაველაშვილის ნაცვლად ლუკა ეხვაია დახვდა და სასახლეში შეაცილა. ამას შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალაც ადასტურებს.

ყაველაშვილი სტუმარს უკვე შენობის შიგნით შეხვდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ადმინისტრაცია დატოვა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამთა იაშაგაშვილმაც, თუმცა უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი წასვლა ჩინური დელეგაციის ვიზიტს.

ლუკა ეხვაიას წასვლის შესახებ რადიო თავისუფლებამ ინფორმაცია 12 ნოემბერს მოიპოვა - ადმინისტრაციას ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ასევე ნახეთ

ლუკა ეხვაია დანიშვნიდან ორ თვეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აღარაა

სტუმრის დახვედრის ფორმატი ვიზიტის კატეგორიისა და თანამდებობრივი რანგის მიხედვით განსხვავდება.

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს 6 ნოემბერს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში ხან ჭენგს პირადად ირაკლი კობახიძე მიესალმა.

8 ნოემბერს კი პრემიერ-მინისტრმა ჩინელი სტუმარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა და საქართველოს ჩინეთიდან ამ დრომდე ყველაზე მაღალი დონის დელეგაცია სტუმრობდა.

ასევე ნახეთ

თბილისში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა

ხან ჭენგის ვიზიტი და შეხვედრები თბილისში

ყაველაშვილმა ხან ჭენგთან შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, "შუა დერეფანსა" და პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოებაზე ისაუბრეს.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს ლუკა ეხვაიაც.

ეხვაია აღარ ჩანდა თურქეთის ქალაქ ანტალიაში, გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე ყაველაშვილის ვიზიტის ამსახველ ფოტოებში.

სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა.

2023 წლის ივლისში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს, თბილისმა და პეკინმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს.

2023 წლის სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა, ხოლო 2024 წლის მაისიდან ჩინეთმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შემოიღო.

2026 წლის ივნისში თბილისმა და პეკინმა ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ, „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ დონეზე აიყვანეს.

ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება მიმდინარეობს საქართველოს ტრადიციულ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე.

ასევე ნახეთ

ჯო უილსონი: ჩინეთის „ინვესტიციები“ ყოველთვის საზიანოა

ვინ არის ეხვაია და რას ამბობდა ჩინეთზე

ლუკა ეხვაია TikTok-ისა და YouTube-არხის „ფუკოს ქანქარის“ თანადამფუძნებელია. სხვადასხვა დროს პრეზიდენტის მრჩევლად და თანაშემწედ მუშაობდა. საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად 2025 წლის პირველ ნახევარში დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მისი ყოველთვიური ანაზღაურება 6424 ლარი იყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მას საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრად და სპეციალისტად წარადგენდა. ადმინისტრაციის ცნობით, ეხვაიას ბაკალავრის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, მაგისტრისა - ბოლონიის უნივერსიტეტში; დოქტორანტურაში კი ჯერ ლაიფციგის, შემდეგ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდა.

ეხვაია აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაწყვეტას „დეკოლონიზაციის გზაზე დიდ ნაბიჯად“ მიიჩნევდა და საქართველოს რეგიონულ „3+3“ ფორმატში ჩართვას უჭერდა მხარს. 2025 წლის აპრილში ამბობდა, რომ, მისი აზრით, „ქართულ ოცნებაში“ მზად იყვნენ აშშ-ის დამოკიდებულების უცვლელად დარჩენისთვის.

ჩინეთის მზარდ ეკონომიკურ გავლენას ეხვაია დადებითად აფასებდა. 2024 წლის მარტში პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ იგი ამბობდა, რომ აფრიკაში ჩინეთის ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა დასავლეთს კონკურენციის გაწევისკენ უბიძგა. მისი შეფასებით, ჩინეთთან თანამშრომლობით აფრიკულმა ქვეყნებმა დასავლეთთან ურთიერთობაში წონასწორობა შექმნეს, რაც საქართველოსთვისაც გასათვალისწინებელი იყო. „ვალის ხაფანგის“ შესახებ კრიტიკას კი „გამოგონილ მითს“ უწოდებდა.

2023 წლის დეკემბერში, გადაცემაში „უცნობის კიდობანი“, ეხვაია ამბობდა, რომ ჩინეთი რეგიონში ჯერ საკმარისად ფართოდ არ იყო წარმოდგენილი საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლობის მოლოდინისთვის. ამ შესაძლებლობას პარტნიორობის გაღრმავებასა და მსხვილ პროექტებს უკავშირებდა:

„თუ ეს სერიოზულ პარტნიორობაში გადაიზრდება და მეგაპროექტები განხორციელდება, - თუნდაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, - მაშინ უკვე ამაზე საუბარი შეიძლება“.

ასევე ნახეთ

„ოცნება“ გვაჩვევს იდეას, რომ ჩინეთი შეიძლება გახდეს საქართველოს „შუამავალი“ რუსეთთან

2026 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სტატუსით აღარ ჩაერთვებოდა.