პოლონეთი და ბულგარეთი უარს ამბობენ უკრაინისთვის აშშ-ის შეიარაღების შესყიდვის მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე

ბულგარეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები, რუმენ რადევი (მარცხნივ) და დონალდ ტუსკი. 29 აპრილი, 2017.

ბულგარეთი უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვის დაფინანსების მორიგ რაუნდში მონაწილეობას არ მიიღებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა დუბლინში, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე. ბულგარული გამოცემა BNT-ის ცნობით, რადევმა თავისი ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი მოიმიზეზა და აღნიშნა, რომ ბულგარეთი კიევს საბრძოლო მასალას ჯერჯერობით აღარც საკუთარი საწყობებიდან მიაწვდის.

პროგრამა PURL-ის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნები კიევისთვის აშშ-ში იარაღს ყიდულობენ, პარასკევს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმაც განაცხადა. მან ეს გადაწყვეტილება ასევე დაასაბუთა ფინანსური სირთულეებითა და პოლონეთის არმიის ახალი შეიარაღებით უზრუნველყოფისთვის გაწეული დიდი ხარჯებით. ამასთან, როგორც რადევმა, ისე ტუსკმა უარყვეს მოსკოვის მიერ მორიგ ჯერზე გაჟღერებული წინადადება იმ ქვეყნებიდან ნატოს სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ, სადაც ისინი 1997 წლის შემდეგ გაჩნდა, რასაც რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების პირობად აყენებს.

ნოემბრის დასაწყისში ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ილიანა იოტოვამ, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.

ბულგარეთი კვლავაც რჩება მსხვილ მწარმოებლად საბჭოთა ნიმუშის საბრძოლო მასალებისა, რომლებსაც უკრაინის არმია იყენებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტოდორ ტაგარევი ადრე Financial Times-თან საუბარში აცხადებდა, რომ უკრაინას პირდაპირ ან შუამავლების მეშვეობით მიეწოდება ბულგარული სამხედრო წარმოების შეიარაღების ნახევარზე მეტი.

ბულგარეთის ხელისუფლება ასევე იძიებდა ქვეყანაში საბრძოლო მასალების საწყობებში გასულ წლებში მომხდარი აფეთქებების სერიაში რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობას. დამოუკიდებელი გამოძიებების მონაცემებმა აჩვენა, რომ საბოტაჟის ამ აქციებში, ისევე როგორც იარაღის მწარმოებელი კომპანია EMCO-ს მფლობელის, ემელიან გებრევის საწამლავ „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში, რუსეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.

პოლონეთისა და უკრაინის ურთიერთობები 2026 წლის გაზაფხულზე გამწვავდა მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ცალკეული სპეციალური ოპერაციების ცენტრ „ჩრდილოეთისთვის“ მიენიჭებინა საპატიო სახელწოდება „უპა-ს (უკრაინის მეამბოხეთა არმიის) გმირების სახელობისა“. პოლონეთში უკრაინის მეამბოხეთა არმიას პასუხისმგებლად მიიჩნევენ მეორე მსოფლიო ომის წლებში ვოლინში პოლონელი სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებისთვის.

ასევე ნახეთ

ბულგარეთმა რუსეთს მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე გადასცა