ორბანის მთავრობის ყოფილ მინისტრს 20 მლნ დოლარზე მეტი უპოვეს, ფულის ნაწილი ტყეში იყო დამარხული

მიკლოშე შესტაკი. კიშვარდა, 6 ნოემბერი, 2020.

უნგრეთში ეროვნული განვითარების ყოფილ მინისტრს, მიკლოშ შესტაკს ნაღდი ფულის სახით ამოუღეს 5 071 632 000 ფორინტი, 2 658 350 ევრო და 1 257 100 დოლარი (თანხის საერთო რაოდენობა თითქმის 20 მლნ დოლარს შეადგენს). ამის შესახებ უნგრეთის სააგენტო MTI იუწყება.

თანხა ამოიღეს კორუფციის საქმეზე შესტაკის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას. ჩხრეკა 12 და 13 ნოემბერს ჩატარდა ბუდაპეშტსა და პეშტის, ბეკეშისა და ნოგრადის ოლქებში მდებარე რამდენიმე მისამართზე.

ფული გადამალული იყო სასოფლო-სამეურნეო, სასაწყობო და საცხოვრებელ ნაგებობებში, ნაწილი კი ტყეში იყო დამარხული.

უნგრეთის ფინანსთა მინისტრის, ანდრაშ კარმანის თქმით, ამოღებული ნაღდი ფულის დასათვლელად სახელმწიფო ხაზინის 12 თანამშრომელს რვა საათი და ფულის სათვლელი ხუთი აპარატი დასჭირდა.

2014-2018 წლებში შესტაკს ეროვნული განვითარების მინისტრის პოსტი ეკავა ვიქტორ ორბანის მთავრობაში. გამოძიების ვერსიით, ამ პერიოდში მან და სახელმწიფო აქტივების მართვის კომპანიის ხელმძღვანელმა, ნორბერტ სივეკმა სახელმწიფო საავტობუსო გადამზიდავ კომპანია Volánbusz-თან დაკავშირებული კომპანიებისგან ქრთამის სახით აიღეს 11 მლრდ ფორინტზე (33 მლნ დოლარზე) მეტი.

შესტაკი სექტემბრის ბოლოს დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს. მას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს. ყოფილი მინისტრი ყველა ბრალდებას უარყოფს.

ასევე ნახეთ

რას აღნიშნავენ უნგრეთში, რომელსაც ირაკლი კობახიძე სტუმრობს