Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აღნიშნავენ უნგრეთში, რომელსაც ირაკლი კობახიძე სტუმრობს

ფოტოკოლაჟი: მარცხნიდან კობახიძე-ორბანი და მადიარი
ფოტოკოლაჟი: მარცხნიდან კობახიძე-ორბანი და მადიარი

70 წლის წინ საბჭოთა კავშირმა სისხლში ჩაახშო უნგრეთის აჯანყება. უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აპირებს აღადგინოს ისტორიული სამართლიანობა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს დამახინჯდა.

2026 წლის 23 ოქტომბერს პეტერ მადიარმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მოაწყო ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა 1956 წლის ანტიკომუნისტური და ანტისაბჭოთა უნგრეთის აჯანყების 70-ე წლისთავს.

აჯანყება საბჭოთა ჯარებმა სისხლში ჩაახშეს, თავად უნგრეთში კი ამ ტრაგიკულ მოვლენებს რევოლუციას უწოდებენ.

1956 წლის რევოლუცია თანამედროვე უნგრეთის ისტორიაში საზოგადოების ერთიანობის ერთ-ერთი იშვიათი გამოვლინება იყო: სტუდენტები, ინტელიგენცია და მუშები ერთად აღუდგნენ წინ საბჭოთა ტოტალიტარიზმსა და პოლიტიკურ რეპრესიებს.

1989 წლის 16 ივნისს რევოლუციის მთავარი ლიდერის, იმრე ნადის და მისი თანამებრძოლების ნეშტების გადასვენების დღეს, ბუდაპეშტის გმირთა მოედანზე წარმოთქმული შთამბეჭდავი სიტყვით დაიწყო ვიქტორ ორბანის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა. მაშინ ახალგაზრდა ორბანმა უნგრეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანა მოითხოვა, თუმცა, გავრცელებული მითის საპირისპიროდ, ორბანი პირველი არ ყოფილა. ორბანამდე რამდენიმე წუთით ადრე აჯანყების აქტიურმა მონაწილემ, შანდორ რაცმა, რომელიც 1956 წლის ნოემბერში მუშათა ცენტრალურ საბჭოს ედგა სათავეში, განაცხადა, რომ საჭიროა „დავეხმაროთ საბჭოთა კავშირს, რაც შეიძლება წრაფად გაიყვანოს თავისი ჯარები ჩვენი უნგრული სამშობლოს ტერიტორიიდან“.

თუმცა, როგორც პოლიტიკის მკვლევრები შენიშნავენ, წლების შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ ვიქტორ ორბანმა და მისი სისტემის პროპაგანდისტებმა სულ უფრო აქტიურად დაიწყეს 1956 წლის აჯანყების საზოგადოებრივი აღქმის შეცვლა მათთვის ხელსაყრელი მიმართულებით.

როგორც ჩანს, მოსკოვის გაღიზიანების თავიდან აცილების სურვილით, ორბანი 23 ოქტომბრისადმი მიძღვნილ გამოსვლებში ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლებად საუბრობდა საბჭოთა იმპერიალიზმის სისხლიან როლზე, ვიდრე ეს თემა თითქმის მთლიანად არ გაქრა მისი რიტორიკიდან. მაგალითად, პორტალმა Telex-ის მიხედვით, 2025 წლის 23 ოქტომბრის გამოსვლაში ორბანმა ბრიუსელი 21-ჯერ ახსენა, მოსკოვი კი - არც ერთხელ. სიტყვა „რუსული“ ორჯერ წარმოთქვა, ხოლო „საბჭოთა“ - მხოლოდ ერთხელ.

ორბანის უნგრეთისა და „ქართული ოცნების“ საქართველოს ურთიერთობაც ძირითადად ევროკავშირის ხშირ და კრიტიკულ ხსენებაზე იყო დაშენებული. მაგალითად, 2026 წლის მარტში, საპარლამენტო არჩევნების წინ ბუდაპეშტში სტუმრობისას ირაკლი კობახიძემაც მწვავედ გააკრიტიკა ბრიუსელი და მხურვალედ აქო ბრიუსელთან დაპირსიპირებული ვიქტორ ორბანი:

“სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც მოკლებულია სუვერენიტეტს, ვერ გუობს ვერცერთ სუვერენულ მთავრობას, რომელიც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტრადიციულ ღირებულებებს იცავს. მათთვის მიუღებელია, ეწვიო ამ ქვეყანას და იხილო ავთენტური უნგრეთი, იმ მრავალი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებმაც არსებითად დაკარგეს საკუთარი იდენტობა. მათთვის მიუღებელია, რომ უნგრეთი, თავისი პატრიოტული მთავრობის წყალობით, ეფექტიანად იცავს თავს გენდერული პროპაგანდისგან, მიგრაციისგან და სხვა მანკიერებებისგან, რაც თანამედროვე ევროპისთვის ეგზისტენციალურ პრობლემას წარმოადგენს. <…> ვიმედოვნებთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადამწყვეტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპის მომავლისთვისაც, გაიმართება ბრიუსელის ბიუროკრატიის უხეში ჩარევის გარეშე. დემოკრატიამ უნდა სძლიოს გარე ჩარევას უნგრეთის დემოკრატიულ არჩევნებში”.

ორბანის უნგრეთსა და “ქართული ოცნების” საქართველოს ასევე მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდათ რუსეთ-უკერაინის ომთანაც: ბალაჟ ორბანი, ორბანის ახლო თანამებრძოლი და მისი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი: „თუ 1956 წლის გაკვეთილებიდან ამოვალთ, ჩვენ ისე არ მოვიქცეოდით, როგორც ზელენსკი მოიქცა, რადგან ეს უპასუხისმგებლობაა“. ი, ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2022 წელს: „პრობლემა ისაა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ვერ აიცილა ომი უკრაინაში... ყველაზე მეტად უკრაინას უნდა აეცილებინა ეს ომი თავიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ აიცილა.“

თუმცა არჩევნებში, როგორც ცნობილია, გაიმარჯვა მადიარმა, რომელიც, პოლიტიკის ადგილობრივი მიმომხილველების თქმით, აპირებს არამხოლოდ შეცვალოს 1956 წლის მოვლენების აღქმა უნგრეთის საზოგადოებრივ ცნობიერებაში, არამედ უნგრულ საზოგადოებას, რომელიც ორბანის 16-წლიანი მმართველობის განმავლობაში ღრმად გაიხლიჩა, ეროვნული ერთიანობის განცდაც დაუბრუნოს. უფრო მეტიც, როგორც "გერმანული ტალღა" წერს, მადიარი ვიქტორ ორბანის სისტემის დაცემას განიხილავს 70 წლით ადრე დაწყებული პროცესების დასრულებად - 2026 წლის მშვიდობიან რევოლუციად და პოლიტიკური სისტემის შეცვლის დასაწყისად. ამიტომ 1956 წლის მოვლენების ხსოვნას ის უშუალოდ უკავშირებს ორბანის ეპოქის პოლიტიკურ შეფასებას.

„70 წლის შემდეგ ვხედავთ, რომ უნგრელმა ერმა საბოლოოდ მიაღწია იქ, საითაც 1956 წლის რევოლუციონერები ისწრაფოდნენ. ჩვენმა სამშობლომ საკუთარი ნებით დაიმკვიდრა ადგილი თავისუფალ სამყაროში. მან ჩამოირეცხა დიქტატურისა და ოკუპაციის სირცხვილი. მან თავისი ისტორიის ახალი თავი გადაშალა. სწორედ ამას აღვნიშნავთ ერთად 23 ოქტომბერს“, - განაცხადა 2026 წლის 16 ივნისს ახლად არჩეულმა მადიარმა ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას.

იმავე გამოსვლაში უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ორბანმა „1989 წელს გმირთა მოედანზე წარმოთქმული თავისი ცნობილი სიტყვა ხურდაში გადაცვალა“. მადიარმა სამჯერ გაუსვა ხაზი იმას, რომ 1956 წლის რევოლუციონერებმა „სამშობლო აირჩიეს და არა პარტია“ - ამ სიტყვების წარმოთქმისას მადიარი ორბანის პარტიის, „ფიდესის“, საპარლამენტო ფრაქციისკენ იყურებოდა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG