რუსეთმა ჩერნომორსკს დაარტყა: დაშავებულია 6 ადამიანი, დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა

რუსეთის ფედერაციის მიერ ოდესის ოლქის ქალაქ ჩერნომორსკზე განხორციელებული დარტყმების შედეგი - 2026 წლის 15 ნოემბერი.

15 ნოემბერს, ღამით, რუსეთის არმიამ იერიში მიიტანა ოდესის ოლქის ქალაქ ჩერნომორსკზე - ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იტყობინება.

ოფიციალური ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

„დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვნად დაზიანდა ოთხსართულიანი ადმინისტრაციული შენობა. ცეცხლი გაუჩნდა ორ ავტომობილს. აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა დააზიანეს გაზის მილი; დაზიანებულია მეზობელი საცხოვრებელი სახლების ფასადები და ფანჯრები“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების სამსახური ასევე იტყობინება, რომ ერთ-ერთ ბინაში ჩაიკეტა დაშავებული მამაკაცი, რომლის გადასარჩენადაც მაშველების ჩართვა გახდა საჭირო.

14 ნოემბერს, საღამოს, რუსეთმა ისევ დაარტყა ზაპოროჟიეს ვოზნესენკის რაიონს. 15 ნოემბერს, ოლქის ხელმძღვანელმა, მიხაილო სემიკინმა განაცხადა, რომ დაშავებულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. დაშავებულთა შორის არის 2 წლის ბავშვიც.

ზაპოროჟიეს რუსეთის არმიამ 14 ნოემბერს რამდენჯერმე დაარტყა.

გაჩნდა ხანძარი, დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფანჯრები, ეზოში გაჩერებული ავტომობილები.

რუსეთმა ზაპოროჟიეს 14 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარშიც დაარტყა, როდესაც, სულ მცირე, 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - სამი ბავშვი.

ასევე ნახეთ

შაბათს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რაიონზე მიიტანა იერიში, არიან დაშავებულები

ხშირია ცნობები, რომ რუსეთის არმია, სხვადასხვა სახის შეიარაღებით - დრონებით, რაკეტებითა თუ მართვადი საავიაციო ბომბებით - თავს ესხმის უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ქვეყნის ყველა რეგიონში. შედეგად, იღუპებიან მშვიდობიანი ადამიანები.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო პარტნიორები ამ ტიპის დარტყმებს ომის დანაშაულებად აფასებენ და მათ მიზანმიმართულ ხასიათს უსვამენ ხაზს.

რუსეთის ხელმძღვანელობა ასეთ ბრალდებებს უარყოფს.