დრონებით შეტევა იყო მოსკოვზე და რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე

ფოტო არქივიდან. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ აზოვში მდებარე ნავთობბაზას 2024 წლის ივნისშიც დაარტყეს

16 ნოემბერს აფეთქებები იყო რუსეთის დედაქალაქ მოსკოვთან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები იგერიებენ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევას, რომელიც 15-დან 16 ნოემბრის ღამით დაიწყო.

გამთენიისას მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ შუაღამის შემდეგ მოსკოვთან „განადგურებულია“ 57 დრონი და „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ“. კონკრეტული ადგილები და შედეგები სობიანინს არ დაუსახელებია.

უპილოტი საფრენი აპარატებით შეტევის გამო საავტომობილო მოძრაობა შეაჩერეს ქალაქ იაროსლავლიდან მოსკოვის მიმართულებით. ამ რაიონში მდებარეობს იაროსლავლის სამრეწველო ზონა, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაცაა.

რუსეთის სხვა რეგიონები

აფეთქებები იყო როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში. მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის ცნობით, შეტევის შედეგად აზოვში იწვის ნავთობის ბაზა. ამ ობიექტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ადრეც დაარტყეს.

უკრაინული არხი ადგილობრივ მცხოვრებთა ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ აზოვში იწვის გაზის გამანაწილებელი სადგურიც.

დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარეზეც. საჰაერო განგაშის რეჟიმმა მოიცვა ქალაქები: კრასნოდარი, სოჭი, ანაპა და არმავირი.

16 ნოემბერს დილით კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ სევერსკის რაიონში კერძო სახლის ტერიტორიაზე დრონის „ფრაგმენტების ჩამოცვენის“ შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, ამავე რაიონის დაბა ილსკიში კი ხანძარია „ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე".

  • ილსკიში მდებარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა ადრე არაერთხელ დაარტყეს.

უკრაინას რუსეთზე დრონებით მორიგი შეტევის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ

უკრაინამ დაადასტურა ორ კვირაში რუსეთის ათამდე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ტერმინალებია

15 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არმიის მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის მოხსენებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საერთო ჯამში გააჩერეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 55%.

ზელენსკის შეფასებით, ეს არის უკრაინის სამართლიანი პასუხი იმაზე, რომ რუსეთი დეესკალაციაზე უარს ამბობს და უკრაინის ენერგეტიკაზე დარტყმებს აგრძელებს.

რუსეთი, რომელიც თავის ტერიტორიაზე შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, არ ასაჯაროებს მონაცემებს უკრაინის დარტყმებით მიყენებული ზიანის მოცულობის შესახებ.

ასევე ნახეთ

ვოლგოგრადში „ლუკოილის" ქარხანაზე დარტყმის შემდეგ ავტოგასამართ სადგურებთან რიგები დადგა