უკრაინაში მსხვერპლია რუსული დრონებით მორიგი შეტევის შედეგად

რუსული დრონებით შეტევის შედეგად განადგურებული ავტომობილები. დნიპრო, 2026 წლის 16 ნოემბერი

უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის მორიგ შეტევას, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

16 ნოემბრის დილის მონაცემებით, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ დნიპროსა და ზაპოროჟიეში.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ინფორმაციით, რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ დნიპროში ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

ქალაქში დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. განადგურებულია კერძო ავტომანქანები.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა ქალაქ ზაპოროჟიეში, სადაც დრონებით შეტევა იყო ინფრასტრუქტურის ობიექტზე. ადმინისტრაციას კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.

ასევე ნახეთ

დრონებით მასირებული შეტევა იყო მოსკოვზე და რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე

ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმის შესახებ განაცხადა ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამაც. კონკრეტული ობიექტები არც მას არ დაუსახელებია. უკრაინის კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ის ინფორმაციით, ოდესის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში შეტევა იყო კომპანიის ენერგოობიექტებზე. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 50 ათასზე მეტი ოჯახი.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ენერგოობიექტებზე შეტევა იყო ჩერკასის, ჩერნიგოვის და ნიკოლაევის ოლქებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 16 ნოემბერს დილით გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკრაინაში დაარტყეს ენერგეტიკის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რომლებსაც შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის იყენებენ. რუსეთი, როგორც წესი, არაფერს ამბობს მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობაში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზიანზე.

ასევე ნახეთ

უკრაინამ „ყირიმის ხიდს" დაარტყა - დე ფაქტო ხელისუფლება

158/1336

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 16 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 158 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 131-ის მოგერიება და დრონებით პირდაპირი დარტყმა 19 ადგილზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასული ღამის განმავლობაში ბევრად მასშტაბური შეტევა იყო რუსეთის 15 რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმზე.

16 ნოემბერს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 1336 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ეს სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი აპარატების რაოდენობას.

  • რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ დაწერა, რომ ეს იყო 2026 წლის დასაწყისიდან ყველაზე მასირებული შეტევა 20 სექტემბრის შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ უკრაინის 1951 დრონი და 8 რაკეტა.

რუსეთის რეგიონებიდან ორის, როსტოვის ოლქის და კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დრონებით შეტევამ ხანძრები გამოიწვია სამრეწველო ობიექტებზე. კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებიათ. უკრაინული და რუსული მედიასაშუალებების ცნობით, ამ ობიექტებს შორისაა ნავთობის ბაზა როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში.

ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის, სერგეი აქსინოვის ინფორმაციით, უკრაინის ძალებმა დაარტყეს „ყირიმის ხიდს“.

ასევე ნახეთ

სიბიჰა: რუსეთის ახალი ულტიმატუმი ძველი მოთხოვნაა, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში შეჭრის წინ ჰქონდა