სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში შეჯამებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური პრაქტიკა გაერთიანების თავისუფლებით დაცული სფეროსა და მისი მართლზომიერი შეზღუდვის თაობაზე.
"დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს შესაბამისი სტანდარტების განხილვის გზით, გამოკვეთოს ის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები, რაც სასამართლოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ წარმოდგენილი სარჩელის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახალხო დამცველის განმარტებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ვერ დაეფუძნება მხოლოდ მათ განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს, ხელისუფლების კრიტიკას ან ცალკეულ განცხადებებს, მისი მოსაზრებით, ამისთვის აუცილებელია საკმარისი მტკიცებულებები, რომ პარტია რეალურ და საკმარისად მყისიერ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ წყობას.
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ გაერთიანების თავისუფლება მხოლოდ პარტიის შექმნის უფლებას არ გულისხმობს. ის უკვე შექმნილი პარტიების თავისუფალ პოლიტიკურ საქმიანობასაც იცავს.
პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ზომა გავლენას ახდენს არა მხოლოდ გაერთიანების თავისუფლებაზე, არამედ მთლიანად დემოკრატიულ პროცესზეც.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილია კონკრეტული მაგალითები ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან და განმარტებულია, თუ როგორ განსხვავდება პარტიების აკრძალვის შემთხვევები ერთმანეთისგან.
სახალხო დამცველს მოჰყავს როგორც ისეთი საქმეები, რომლებშიც ევროპულმა სასამართლომ პარტიების აკრძალვით გაერთიანების თავისუფლების დარღვევა დაადგინა, ისე შემთხვევები, როდესაც აკრძალვა გამართლებულად მიიჩნია.
სრულად სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ნახვა შეგიძილათ აქ.
რას ითხოვს „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება“ ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიციის ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობა.