როგორც მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას თქვა, „სასამართლო ვერ მიიჩნევს ამ ტექსტს კულტურულ, საგანმანათლებლო ან თუნდაც სოციალურ საკითხებზე [სიმღერად]„.
შსს-ს მტკიცებით, პოლიტიკოსმა, სხვა დემონსტრანტებთან ერთად, საღამოს, დაახლოებით 10 საათისთვის იმღერა „ოლე ოლა“, რომელიც შსს-ვე პოზიციით, მიემართება არა საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ პარტია „ქართულ ოცნებას“, არამედ მათ ამომრჩეველს და მხარდამჭერებს.
რა ხდებოდა სასამართლოს სხდომაზე
„ქოცი არ არის ხელისუფალი?“ - იკითხა სასამართლო სხდომაზე ანა ყურაშვილის ადვოკატმა ვიქტორ კვიტატიანმა.
მის ამ შეკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა მარიამ კერესელიძემ თქვა, რომ სასამართლო არ არის პოლიტიკური განცხადებების ადგილი.
ამ კითხვამდე ანა ყურაშვილის ადვოკატმა სასამართლოს უთხრა, რომ მტკიცებულებად წარდგენილ უხმო კადრებში, რომლებიც საკრებულოს სიახლოვეს გარე სათვალთვალო კამერების მიერ არის გადაღებული, არ დასტურდება, რომ ანა ყურაშვილი აქციაზე რაიმეს მღეროდა.
ამ საქმეში მტკიცებულებად წარმოდგენილი გარე კამერების ჩანაწერები უხმოა. ხმა აქვს პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერებს. თუმცა დაცვის მხარის პოზიციით, ამ კადრებში ანას სიმღერის ფაქტი არ დასტურდება.
ორ დღეზე სულ 9 ვიდეოა წარმოდგენილი: პირველ დღეს ორი ვიდეო გარე კამერების მიერ არის გადაღებული, ორი - პოლიციელების სამხრე კამერებით და ერთი - ტელეფონით; მეორე დღეს ტელეფონის ჩანაწერი არ არის და სამხრე და გარე კამერების გადაღებული ორ-ორი კადრია თანდართული.
„მტკიცებულებებით არ დასტურდება ანას მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტი, თუნდაც რომ დავუშვათ, რომ ეს სიმღერა სამართალდარღვევაა. მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სიმღერაც არ შეიძლება სამართალდარღვევად შეფასდეს - სიმღერა, რომელიც გაჩნდა 2024 წლის საპროტესტო აქციებისას, მიემართება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას. არც სიმართლეს და არც ლოგიკას არ შეესაბამება ის, რომ ეს სიმღერა ამომრჩეველს მიემართებოდეს. წარმოუდგენელია აქცია იმართებოდეს არა ხელისუფლების, არამედ ხელისუფლების მხარდამჭერების წინააღმდეგ”, - უთხრა სასამართლოს ვიქტორ კვიტატიანმა და იქვე აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია ანას სტატუსი, პოლიტიკური პარტიის წევრობა. მისი თქმით, პოლიტიკური სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის არეალი უფრო ფართოა და საერთაშორისო პრაქტიკის, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, ღირებულებითი კონფლიქტი წესრიგის დაცვისა და პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების დაცვას შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.
ანა ყურაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს საჯარო სივრცეში.
„ოლე ოლა“ არის სიმღერა, რომელიც შეიცავს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ გინებას [„ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“]. დემონსტრაციებზე და პროტესტის მხარდამჭერების მხრიდან 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ის ხშირად ჟღერდება - ამ დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლამდე აღარ დააყენებდნენ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, რამაც ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია.
„როგორ და რა მეთოდით დაადგინეთ, რომ ანა ყურაშვილი მღეროდა ამ სიმღერას და არა, მაგალითად, “ხმალი ავლესოთ ქართველებოს?“- იკითხა ანა ყურაშვილის ადვოკატმა.
„საქმის მასალებში ვიზუალურად ჩანს“, - იყო პასუხი.
იმის მოსაყოლად, რაც კადრებში არ ჩანს, შსს-მ მოწმის სახით სასამართლოში წარმოადგინა პოლიციელები, ლაშა ჭიჭინაძე და ოთარ დევდარიანი.
ლაშა ჭიჭინაძემ სასამართლოში თქვა, რომ მის სამხრე კამერას არ დაუფიქსირებია ანას მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტი.
ოთარ დევდარიანის გამოკითხვამდე მოსამართლეს შესვენების გამოცხადებამ მოუწია - მის ნაცვლად შსს-ს სხვა პოლიციელი ჰყავდა გამოძახებული. გამოძახებული პოლიციელი სასამართლოში სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი მოვიდა.
მომღერალ სოფო ბათილაშვილის საქმის მსგავსად, ანა ყურაშვილის საქმეშიც სასამართლოში მტკიცებულებად შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტებმა წარადგინეს 12 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტი, რომლითაც სასამართლოს დარწმუნებას ეცადნენ, როგორი მიუღებელია საზოგადოებისთვის სიმღერა "ოლე ოლა".
ასევე ნახეთ
„ოლე ოლას“ ფეისბუკში ატვირთვის გამო მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3000 ლარით დააჯარიმეს„არაერთი მიმართვა ფიქსირდება ამ სიმღერასთან დაკავშირებულ დაპირისპირებებზე“, - უთხრა სასამართლოს მარიამ კერესელიძემ ამ
ჯერზეც.
შემდეგ კი განმარტა, რომ ეს შეტყობინებები იმ დღეებთან არ არის დაკავშირებული, რომელ დღეებშიც სიმღერაზე შეადგინა შსს-მ ანა ყურაშვილის ოქმები.
დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამარლე კობა ჩაგუნავამ აქტივისტი ანა ბდეიანიც 3 ათასი ლარით დააჯარიმა საკრებულოსთან „ოლე-ოლას" სიმღერის საბაბით.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მიიჩნევს, რომ საკრებულოსთან „ოლე-ოლას” სიმღერის დროს ბდეიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რითაც საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვა.
დისკრედიტაცია და თავდასხმები „ოლე ოლას“ სიმღერის გამო
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გასაპროტესტებლად ინტერპრეტირებული „ოლა ოლას“ შესრულებაზე სახელისუფლებო პარტიაში მწვავედ რეაგირებენ, პროსახელისუფლებო მედია კი მომღერლების დისკრედიტაციას ეწევა.
მიმდინარე წლის სექტემბერში სახელისუფლებო პარტიის ლიდერები და მათთან აფილირებული ტელევიზიები მუსიკოს KORDZ-ის წინააღმდეგ მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც შეიტყვეს, რომ დანიის კულტურის ინსტიტუტის ორგანიზებით გორში გაიმართებოდა კონცერტი/ფესტივალი, რომლის მონაწილეც ალექსანდრე კორძაია უნდა ყოფილიყო.
ფესტივალი 26 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სამი დღით ადრე, 23 სექტემბერს, ღონისძიების გაუქმების შესახებ გახდა ცნობილი. ორგანიზატორებმა „კამარა ფესტივალის“ გაუქმების მიზეზად დაასახელეს „უსაფრთხოების“ საკითხი.
ასევე ნახეთ
გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა - „უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“ასევე ნახეთ
KORDZ-ის დედა: ეს ხდებოდა ფაშიზმის დროს და ეს ხდება ახლა საქართველოში- რამდენიმე თვით ადრე, 2026 წლის 9 ივლისს, მას თავს დაესხნენ.
- უფრო ადრე, 2025 წლის 4 მარტს, თავს დაესხნენ საპროტესტო აქციების მონაწილე დავით გაბუნიას, რომელიც ვანო თარხნიშვილთან ერთად უკრავს ბენდში „გამოუვალი მდგომარეობა.
როგორ მუშაობს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო
სასამართლოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღე რამდენიმე პროცესი ტარდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარდგენილ საქმეებზე. ამ სხდომებზე, რომლებიც ხანდახან სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, შსს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების, და არა მხოლოდ მათ, საჯარო შეურაცხყოფას ედავება.
პირველი ივნისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ახალი სამმართველოს ინსპექტორები, როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, უკვე არაერთი ადამიანია დაჯარიმებული 2000-დან 4000 ლარამდე.
ის კომენტარები, რომელთა გამოც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოქალაქეებს სავარაუდო სამართალდამრღვევებად მიიჩნევს და მათი საქმეები სასამართლოში მიაქვს, სოციალურ ქსელებში რჩება და ყველასთვის ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში, თუკი თავად პოსტის ან კომენტარის ავტორი არ გადაწყვეტს, რომ ის წაშალოს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს კომენტარებისა თუ პოსტების წაშლის ვალდებულებას და შესაბამისად, ვერავინ, მათ შორის ვერც მოსამართლე ვერ დაავალდებულებს დაჯარიმებულ მოქალაქეებს, წაშალონ ის კომენტარები, რომლებსაც შსს წვრილმან ხულიგნობად ან პოლიტიკოსის შეურაცხყოფად, გადაკიდებად და საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევად მიიჩნევს.
შსს მოქალაქეებს ორი მუხლით ედავება: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლი - სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და 166-ე მუხლი - წვრილმანი ხულიგნობა - საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. ეს მუხლები, ჯამში, 1500-დან 6000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.