სუსის უფროსმა ილაპარაკა ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებზე, თუმცა გამოსვლის საჯარო ნაწილში არაფერი უთქვამს რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.
იკვეთება განსხვავებები სუსის 2025 წლის ანგარიშსა და წინა წლების ანგარიშებს შორის.
სუსის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი მესამე თვეა მუშაობს [2026 წლის სექტემბრიდან]. საანგარიშო პერიოდში, 2025 წელს, უწყებამ სამი უფროსი გამოიცვალა:
- გრიგოლ ლილუაშვილი - პოსტი 2025 წლის აპრილში დატოვა [ის ამჟამად მსჯავრდებულია - დიდი ოდენობის ქრთამის აღებისთვის, მათ შორის - ქოლ-ცენტრების მფარველობისთვის]
- ანრი ოხანაშვილი - 2025 წლის აპრილიდან აგვისტომდე;
- მამუკა მდინარაძე - 2025 წლის სექტემბრიდან [ეს პოსტი მან 2026 წლის აპრილში დატოვა, ხოლო აგვისტოში პოლიტიკიდან წავიდა]
თამაზ ბორაშვილი “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სუსის მე-6 უფროსია, 6 წლის ვადით დამტკიცებული. ეს ვადა სამსახურის შექმნის დღიდან [2015 წლის 1 აგვისტო] არცერთ უფროსს არ დაუსრულებია.
ოკუპაცია, ანექსია
“საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპაცია უარყოფითად მოქმედებს უსაფრთხოების გარემოზე, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას”, - თქვა პლენარულ სხდომაზე თამაზ ბორაშვილმა და წაიკითხა სტატისტიკა ადამიანების უკანონო დაკავებისა და ბორდერიზაციის შესახებ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით.
- დაკავება: ცხინვალის რეგიონი - 34, აფხაზეთი - 40
- ბორდერიზაცია : ცხინვალის რეგიონი - 55, აფხაზეთი - 3
ამ შემთხვევის რაოდენობა გაზრდილია წინა წელებთან შედარებით.
სუსის ანგარიშის ტექსტში, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, ოკუპაცია არა „ერთ-ერთ უმთავრეს“, არამედ “ყველაზე დიდ საფრთხედ” არის დასახელებული.
თამაზ ბორაშვილის მოკლე, ზეპირ მიმოხილვაში ვერ მოხვდა ანგარიშის ტექსტის ჩანაწერი, რომ - “საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად” და “პარალელურად ამზადებს საფუძველს, ხელსაყრელ დროს, ანექსიის განსახორციელებლად".
ამ საკითხებს მოკლედ შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით არჩვაძე, რომელმაც, ცოტა ხნით ადრე, 2025 წლის ანგარიში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
ასევე ნახეთ
სუსი: საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებსპარლამენტის ტრიბუნიდან სუსის უფროსს არაფერი უთქვამს ანექსიის რისკებზე. ანგარიშში კი ნახსენებია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, რომელსაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პოლიტიკის განხორციელება დაევალა და რომელიც - “მოსახლეობის განწყობებსა და აღქმებში ანექსიისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებდა”.
სუსის ანგარიშის ტექსტურ ვერსიაში ასევე ნათქვამია, რომ - რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე “ანექსიური პროცესებისადმი კრიტიკულად განწყობილ პირთა მიმართ განაგრძო ზეწოლის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება”.
რაზე ისაუბრეს სხდომის დახურვის შემდეგ?
ოპოზიციური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძე თავს იკავებს სხდომის არასაჯარო ნაწილის დისკუსიების შეფასებისგან, თუმცა გვეუბნება, რომ - თბილისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე არაადეკვატურად რეაგირებს.
„გაოგნებული და გაკვირვებული ვარ... მაშინ როდესაც [ანექსიის] პროცესი დაწყებულია და, მაგალითად - რუსეთს ისტორიული სამაჩაბლოს, ძირძველი ქართული ტერიტორიის - თავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცევა უნდა, ამას ყველა ნათლად ხედავს, ამაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხია - დუმილი, დანაშაულებრივი დუმილი“, - შალვა კერესელიძე რადიო თავისუფლებასთან იხსენებს მისი გუნდის 2026 წელს ინიციირებულ რეზოლუციის პროექტს. ეს დოკუმენტი ანექსიის საერთაშორისო დონეზე დაგმობას ისახავდა მიზნად, მაგრამ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო.
სუსის 2025 წლის ანგარიშში საერთოდ ვერ მოხვდა ჩორჩანის საგუშაგოს აგების საკითხი - რომლის გამოც პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, მაშინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუსწრებლად ასამართლებენ.
"საოკუპაციო ძალა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას უკავშირებდა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ აღმართულ პოლიციის საგუშაგოს და მის აღებას ითხოვდა”, - ეწერა სუსის 2024 წლის ანგარიშში.
საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა უცვლელია დღემდე. ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების ფონზე, ოკუპირებულ “სამხრეთ ოსეთში” საკითხის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტის იმედი გაუძლიერდათ.
კიდევ რაზე არ ულაპარაკია საჯაროდ?
სუსის უფროსს თავის გამოსვლაში არ ულაპარაკია რუსეთის უცვლელ მოთხოვნებზე, რომ თბილისმა თავის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიაღწიოს შეთანხმებებს - ძალის არგამოყენებისა და ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე; რაც ოკუპირებული რეგიონების აღიარების ტოლფასია.
"საოკუპაციო ძალა აქტიურად ცდილობდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის „მხარედ“ რუსეთის ნაცვლად საოკუპაციო რეჟიმები წარმოეჩინა, რასაც, მათ შორის, ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციისა და „ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერაზე პედალირებით ცდილობდა", - წერია ამ საკითხთან დაკავშირებით ანგარიშის ტექსტში.
ეს მოთხოვნები მუდმივად ისმის რუსეთისგან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა. ამ ფორმატში მოსკოვს ამჟამად მიხაილ გალუზინი წარმოადგენს - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც სულ ახლახან, მინსკში, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა - რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც ამავე დროს - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა. დიალოგის ამ ახალი არხის ამოქმედებამ საქართველოში მწვავე დისკუსიები და ხელისუფლების კრიტიკა გამოიწვია.
ასევე ნახეთ
რუსეთ-საქართველოს დიალოგი მინსკში - ერთი შეხვედრა, ორი შეჯამებასუსის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, “საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ძალა, ერთი მხრივ, საუბრობდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატის მეშვეობით მიღწეულ სტაბილურობაზე, ხოლო მეორე მხრივ ფორმატის დაზიანების მიზნით მის სხვა ლოკაციაზე გადატანას ითხოვდა. რუსეთის ფედერაციის მიზანია, ლოკაციის ცვლილებით მოლაპარაკების ფორმატის ცვლილებას მიაღწიოს”.
სუსის უფროსი, თამაზ ბორაშვილი, პარლამენტის სხდომაზე თავის მოკლე გამოსვლაში, არც ამ საკითხს არ შეხებია და არც უპილოტო საფრენ აპარატებზე ულაპარაკია.
ანგარიშის ტექსტის თანახმად კი, “2025 წლის ბოლოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების ე.წ. საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა”, “ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარეობდა მუშაობა უპილოტო საფრენი აპარატების შექმნაზე”; ხოლო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ “ათეულობით” სამხედრო სწავლების დროს - “აქტიურად გამოიყენებოდა უპილოტო საფრენი აპარატები”.
“შიდა და საგარეო საფრთხეები”, დასავლეთის "ორმაგი სტანდარტი"
“2025 წელს, გასული წლების მსგავსად, საქართველოში ისევ მაღალი იყო გარე და შიდა ძალებისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები. საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული აქტივობები ხორციელდებოდა ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და საინფორმაციო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით”, - თქვა პარლამენტის ტრიბუნიდან თამაზ ბორაშვილმა და დაასახელა მაგალითები - რომელსაც “ქართული ოცნების” ლიდერებიც ხშირად იყენებენ.
როდესაც საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად გამოყენებულ „საინფორმაციო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდებზე“ და „ეროვნული ინტერესების დაზიანებაზე“ ლაპარაკობდა, სუსის უფროსმა მაგალითად BBC-ის 2025 წელს გამოქვეყნებული საგამოძიებო ფილმი ახსენა.
„ჩვენი დროული რეაგირების შედეგად, რაც სწრაფად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად საზოგადოების პროაქტიულ ინფორმირებაში გამოიხატა, თავიდან იქნა აცილებული ის უარყოფითი შედეგები, რაც აღნიშნული დეზინფორმაციული სიუჟეტის მიზანს წარმოადგენდა“, - განაცხადა ბორაშვილმა.
BBC-ის ფილმში გამოკვეთილი იყო ვარაუდი, რომ - საქართველოში, 2024 წლის აქციების დაშლის დროს, Bromobenzyl cyanide (CA), იგივე - camite გამოიყენეს.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან - ერთ კვირაში “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გამოძიებამ არ დაადასტურა camite-ის გამოყენება და შსს-ს მიერ გამოყენებული იყო გაზი CS.
ასევე ნახეთ
სუსის განცხადებით, აქციებზე Chlorobenzylidenemalononitrile გამოიყენეს2025 წლის 4 ოქტომბრის “მშვიდობიანი დამხობის” საქმის შესახებ სუსის უფროსმა განაცხადა, რომ - “საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ჯგუფები, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით, ქვეყანაში გეგმავდნენ სამოქალაქო არეულობასა და დესტაბილიზაციას” და სუსმა ეს თავიდან აიცილა. სუსის უფროსმა დაამატა, რომ - დანაშაული დაკავებულთაგან არაერთმა აღიარა.
თამაზ ბორაშვილმა ილაპარაკა საქართველოში იარაღის სამალავების აღმოჩენისა და ე.წ. ჰექსოგენის საქმეზე, რომლის გამოც პატიმრობა მიესაჯა უკრაინის ორ მოქალაქეს. სუსის ყოფილმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ "ჰექსოგენის საქმე" 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციას დაუკავშირა. თამაზ ბორაშვილს ასეთ კავშირზე არაფერი უთქვამს.
ასევე ნახეთ
მდინარაძემ თქვა, რომ უძილაური ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაშია ბრალდებულიილაპარაკა აგენტებზეც.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილ იქნა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებიც საქართველოში ატარებდნენ ოპერატიულ და აგენტურულ შეხვედრებს”, - აღნიშნა თამაზ ბორაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
"2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 15 საქმეზე, ხოლო პასუხისგებაში მიცემულ იქნა 13 პირი" - წერია ანგარიშში.
წინა წლების ანგარიშებისგან განსხვავებით, 2025 წლის ანგარიშში პირდაპირ არის საუბარი "დასავლური ქვეყნებიდან და ინსტიტუტებიდან" მომდინარე დეზინფორმაციულ და "ორმაგი სტანდარტების" შემცველ საინფორმაციო კამპანიაზე; რომელიც, სუსის დასკვნით - ისევ დასავლეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
“ბოლო წლების ტენდენციებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ დასავლური ქვეყნებიდან და ინსტიტუტებიდან მომდინარე დეზინფორმაციულმა და ორმაგი სტანდარტების შემცველმა საინფორმაციო კამპანიამ ხელი შეუწყო როგორც საქართველოში მოქმედ ცალკეულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს, ისე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებს, ეწარმოებინათ ეფექტიანი ანტიდასავლური პროპაგანდა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაეჩინათ ნიჰილიზმი დასავლური ინსტიტუტების მიმართ” - წერია სუსის 2025 წლის ანგარიშში.
ტერმინს "ორმაგი სტანდარტები” “ქართული ოცნების” ხელისუფლება ხშირად იყენებს, უპირატესად - ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლებთან დაპირისპირებისას.
“ისინი [“ქართული ოცნება”] ყოველდღიურად ტელევიზიებით საჯაროდ ზოგს - დიპ სტეიტის წარმომადგენელს უწოდებენ, ზოგს აგენტს და ზოგს კიდევ რას… [სუსის] ანგარიში რომ წავიკითხე, რა თქმა უნდა, იგრძნობა პოლიტიკური გავლენა, იგრძნობა პოლიტიკური დაკვეთაც”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას შალვა კერესელიძე და საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას კორუფციისა და ქოლ-ცენტრების მუშაობის პრობლემებზე. ხაზს უსვამს, რომ, მათ შორის - სწორედ ქოლ-ცენტრების მფარველობის გამო მოხვდა ციხეში სუსის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი. ლულუაშვილი სწორედ 2025 წელს დააკავეს.
ქოლ-ცენტრები არ არის ნახსენები სუსის ბოლო ანგარიშში; ხოლო კორუფციის შესახებ ნათქვამია, რომ "სახელმწიფო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ეროვნული უსაფრთხოების საკითხად განიხილავს".
ტექსტის თანახმად, "2025 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 54 საქმეზე და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 104 პირი ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სამსახურებრივი სიყალბე და სხვა".