საფეხბურთო დაძაბულობა ბათუმში: თურქმა კოლეგამ პაატა სალიასაც დაურეკა

აქინ გიურლექი (მარცხნივ) და პაატა სალია (ფოტოკოლაჟი)

თურქეთის იუსტიციის მინისტრი აქინ გიურლექი ქართველ კოლეგას, პაატა სალიას, დაუკავშირდა და ბათუმში დაკავებული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ საუბრის შესახებ ინფორმაცია 26 ნოემბერს გაავრცელა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ამ საუბრის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.

„მიუღებელია ძალადობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც პალესტინელი ხალხის სამართლიან ბრძოლას მხარს უჭერენ“, - დაწერა გიურლექმა სოციალურ ქსელში.

გიურლექის თქმით, მან სალიას უთხრა, რომ დაკავებულთა გათავისუფლების გარდა, თურქეთი მოელის თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვასა და ინციდენტებში მონაწილე პირების მიმართ სამართლებრივი პროცედურების დაუყოვნებლივ დაწყებას. მინისტრმა ასევე გამოთქვა მოლოდინი, რომ ქართული მხარე მიიღებს ზომებს, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

ზარი შინაგან საქმეთა მინისტრთან

ბათუმში მატჩის მიმდინარეობისას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფთჩიმ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილს დაურეკა.

ასევე ნახეთ

მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე

მედიაში საუბრის ნაწილის ვიდეოჩანაწერიც გავრცელდა. კადრებში ჩიფთჩი ჩანს, ისმის თამაზაშვილისა და თარჯიმნის ხმაც. თარჯიმანი ქართველ მინისტრს ეუბნება, რომ თურქეთში განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა კადრებს, რომლებშიც გულშემატკივარს პალესტინის დროშას ართმევენ. ჩიფთჩიმ ქართულ მხარეს სთხოვა, თურქ გულშემატკივრებს კარგად მოჰპყრობოდა.

„სწორედ ამიტომ მყავს იქ პირადად ჩემი მოადგილე მივლენილი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაწყნაროთ და პოლიციური ძალების გამოყენება არ დასჭირდეს“, - ამბობს თამაზაშვილი ჩანაწერში. მინისტრი იქვე დასძენს, რომ გულშემატკივართა ნაწილის აგრესიის სამართავად პოლიცია მინიმალურად საჭირო ძალას იყენებს.

სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის შსს-ზე დაყრდნობით წერს, რომ, თამაზაშვილის თქმით, გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საუბრის ეს ნაწილი არ ისმის.

უეფა თავის განცხადებაში დროშების ჩამორთმევას ცალკე არ ახსენებს. ორგანიზაციის თანახმად, სტადიონზე ჩარევის შესახებ ყველა გადაწყვეტილება ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს და თავადვე განახორციელეს.

ასევე ნახეთ

რატომ დაიწყო დაპირისპირება „ბათუმი არენის“ ტრიბუნაზე? უეფას განმარტება

ზარი საგარეო საქმეთა მინისტრთან

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი მაკა ბოჭორიშვილს ტელეფონით ესაუბრა ბათუმში მატჩის სანახავად ჩასული თურქეთის მოქალაქეების მდგომარეობაზე. ამის შესახებ „ანადოლუ“ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს ცნობით, მატჩის დროს სტადიონზე იმყოფებოდნენ საქართველოში თურქეთის საელჩოსა და ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საუბრის შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

ასევე ნახეთ

თურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში მომხდარზე ესაუბრა - Anadolu

TRT: ბათუმში დაკავებული 16-ვე გულშემატკივარი გაათავისუფლეს

26 ნოემბერს ბათუმში, ევროპის ლიგის მატჩის დაწყებამდე, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება სტადიონისკენ მსვლელობისას დაიწყო. მოგვიანებით დაპირისპირება ტრიბუნაზეც მოხდა და თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა. „ბეშიქთაშმა“ 2:1 გაიმარჯვა.

უეფას ინფორმაციით, პოლიცია ტრიბუნაზე „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის შეტაკების შესაჩერებლად შევიდა.

საქართველოს შსს-მ 27 ნოემბერს, 01:35-ზე გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ ბათუმში სამი პოლიციელი დაშავდა და 16 ადამიანი დააკავეს. უწყებამ უარყო, რომ პოლიციამ ძალა პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენის გამო გამოიყენა.

ასევე ნახეთ

ბათუმში 3 პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი დააკავეს - შსს განმარტებებს აკეთებს

27 ნოემბერს თურქეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა TRT-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში დაკავებული „ბეშიქთაშის“ 16-ვე გულშემატკივარი გაათავისუფლეს. საქართველოს შსს-ს დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ ამ ეტაპზე დამატებითი განმარტება არ გაუვრცელებია.

განახლება: „ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თურქეთის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გამართულ შეხვედრაზე.