სამთავრობო ანგარიშის კვირა, რომელიც გოლით დასრულდა

პარლამენტის სხდომათა დარბაზი

ორშაბათს პარლამენტში ეგრეთ წოდებული სამთავრობო ანგარიშის კვირეული დაიწყო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გახსნა. მან დეპუტატებს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების 10-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა.

ამის შემდეგ კვირეული ყოველდღე მსგავსი სცენარით მიდიოდა - პარლამენტარების წინაშე წარდგებოდნენ მინისტრები, რომლებიც საკუთარი მუშაობის შედეგებზე ლაპარაკობდნენ - ამას მოჰყვებოდა დებატები, რომლის დროსაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მინისტრებს აკრიტიკებდნენ, შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის წევრები აკრიტიკებდნენ ოპოზიციის კრიტიკას. განსაკუთრებით მწვავე დებატები პარლამენტში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის გამოსვლას მოჰყვა.

კობა სუბელიანი პარლამენტის წინაშე სლაიდშოუს თანხლებით გამოვიდა. მინისტრი დეპუტატებს აჩვენებდა, თუ როგორ გამოიყურებოდა დევნილთა საცხოვრებელი ადგილები რეაბილიტაციამდე და როგორ გამოიყურება შენობები რეაბილიტაციის შემდეგ. სუბელიანის გამოსვლის მთავარ აქცენტს ასევე წარმოადგენდა დევნილებისთვის საკუთრების უფლების მინიჭების პროცესი.

მინისტრის გამოსვლას ”არაადეკვატურობისა და ცინიზმის ზეიმი” უწოდა ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა.

ოპოზიციონერებს კი ჯერ გოკა გაბაშვილმა უპასუხა და ოპოზიციის კრიტიკას ”ამაზრზენი და ამორალური პერსონალური თავდასხმები” უწოდა, აკაკი მინაშვილმა კი თქვა, რომ ”ოპონენტებს პრობლემები აქვთ შუბლის ძარღვთან“. ამასობაში, გარეთ, პარლამენტის შენობასთან, ”დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის” და კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც სუბელიანის გამოსვლას აპროტესტებდნენ. დევნილმა გულნარა სალიამ მინისტრს სიცრუეში დასდო ბრალი.

სამთავრობო კვირეულის დაწყებასთან ერთად უნდა გაგრძელებულიყო ოპოზიციური „რვიანისა“ და ხელისუფლების წარმომადგენელთა მოლაპარაკებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით - უნდა დაწყებულიყო დებატების ფაზა. თუმცა 23 მარტს დანიშნული შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოუცხადებლობის გამო არ გაიმართა. ოპოზიციურმა „რვიანმა“ ხელისუფლება დროის გაჭიანურებასა და მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მოლაპარაკებები შეჩერდა, თუმცა ის ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური ნაბიჯების გადადგმისთანავე გაგრძელდება.

გასულ კვირას ასევე დიდი ყურადღება ეთმობოდა მშენებლობების საკითხს საქართველოში. კვირის დასაწყისში ასოციაციამ ”მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე” პრესკონფერენცია გამართა, სადაც ითქვა, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში თბილისში წარმოებულ მშენებლობებზე დარღვეულია ტექნიკური პარამეტრები, არ არის გათვალისწინებული შენობების სეისმომდგრადობა, ასევე არ არსებობს სამშენებლო სტანდარტები და კვალიფიციური საზედამხედველო სამსახური, რომელიც დასკვნას წარმოადგენს, დაინტერესებული სპეციალისტებისთვის კი მიმდინარე მშენებლობების ხარისხის შემოწმება ხელმიუწვდომელია. ასოციაციის ხელმძღვანელმა ანზორ საკანდელიძემ უხარისხო საშენ მასალაზეც გაამახვილა ყურადღება.

6200 კაცი კი იმას ჩივის, რომ ფული გადაიხადეს, ბინა კი არ შეხვდათ - არც ხარისხიანი და არც უხარისხო. ”ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებული კლიენტების ნაწილი დასახმარებლად მიმართავს მედიას, ჩივის სასამართლოში, პასუხს სთხოვს კომპანია ”დექსუსს”, რომელმაც 2010 წელს კომპანიის მართვა გადაიბარა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს - წამოწყებული მშენებლობების დიდი ნაწილი კვლავაც გაჩერებულია, დაზარალებულების დიდი უმრავლესობა ვერც ჩადებულ ფულს იბრუნებს და ვერც ბინას. ”დექსუსი” მათ მხოლოდ ახალ კონტრაქტებზე ხელმოწერის შემდეგ ჰპირდება მშენებლობის დასრულებას, ახალ კონტრაქტებს კი დაზარალებულები კაბალურს უწოდებენ. მათ შორისაა მამუკა მელქაძე, რომლისთვისაც ბინა 2011 წლის მარტში უნდა ჩაებარებინათ, თუმცა მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და საძირკველიც კი არ არის ჩასხმული:

”ითხოვენ დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდას, რაც სამართლიანი არ არის, რადგან ჩვენ კონტრაქტი შპს-სთან გვქონდა გაფორმებული, რომელიც თავად არის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელი. ჩვენ არ ვართ ვალდებულები გადავიხადოთ დამატებით. გარდა ამისა, კონტრაქტში დევს იპოთეკის პუნქტი, კომპანია იღებს უფლებას ნებისმიერ დროს დატვირთოს ჩვენი ბინები იპოთეკით. მართალია, თანხის სრულად გადახდისა და ბინის ჩაბარების შემთხვევაში იპოთეკა მოიხსნება, მაგრამ არ გაქვს არანაირი გარანტია, რომ ეს კომპანია დაასრულებს მშენებლობას და გამოისყიდის ამ ბინას იპოთეკიდან.”

კვირის ბოლოს კი საზოგადოების ყურადღება პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან და ზოგადად პრობლემებიდან ფეხბურთზე გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს მართავდა ხორვატიის ნაკრებთან. თამაშს ბოლომდე ისეთი პირი უჩანდა, რომ მატჩი უგოლოდ დასრულდებოდა. თუმცა ბოლო წუთზე ვითარება შეიცვალა და კობიაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ გულშემატკივრები რუსთაველის გამზირს მოედვნენ - მანქანები გვიან ღამემდე სიხარულის სიგნალს აძლევდნენ, გულშემატკივრები კი სკანდირებდნენ - საქართველომ გაიტანა გოლი და მოვიგეთ ერთით ნოლი.