პაკისტანში აფეთქებებს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ პაკისტანიდან მოსული ცნობების თანახმად, ერთ-ერთი სალოცავის გარეთ ორი ბომბის აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანის სიკვდილი და ბევრის დაჭრა მოჰყვა. აფეთქებები პუნჯაბის პროვინციაში, საკჰი სარვარის სალოცავთან მოხდა - სადაც სუფიზმის ათასობით მიმდევარი იყო შეკრებილი, ყოველწლიური ზეიმის აღსანიშნავად. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. პაკისტანში ექსტრემისტებს მსგავსი თავდასხმები აქამდეც მოუწყვიათ. მისტიკოს სუფიებს ფუნდამენტალისტური შეხედულებების მქონე ძალები ერეტიკოსებად მიიჩნევენ.