სირიაში ათასობით დემონსტრანტმა რეფორმები მოითხოვა

აქტივისტების და თვითმხილველების თანახმად, სირიის არაერთ ქალაქში ათასობით ადამიანი გავიდა დღეს ქუჩაში. ქალაქ დარააში, ამავე ცნობით, ათი ათასი ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში. მონაწილეები გაჰყვიროდენენ ლოზუნგს - „თავისუფლება-თავისუფლება“. დარაა საპროტესტო მოძრაობის ცენტრად იქცა. იუწყებიან, რომ დემონსტრაციები დაიწყო ჩრდილო-დასავლეთის სოფელ ბაიდაში და დოუმაში, დამასკოს მახლობლად. თვითმხილველები არ ამხელენ თავიანთ ვინაობას, რადგან მთავრობის რეპრესიას უფრთხიან. სირიის უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, ბოლო თვის საპროტესტო გამოსვლების მანძილზე 200-ზე მეტი ადამიანი დაიხოცა. ხუთშაბათს სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა ახალი კაბინეტი დაასახელა და ასობით დაკავებულის განთავისუფლების განკარგულება გასცა ვითარების განმუხტვის მიზნით.