უკრაინამ 550 მილიონი ევრო შეაგროვა ჩერნობილთან დაკავშირებული პროექტების განსახორციელებლად. კიევში გამართული დონორთა საერთაშორისო კონფერენციის დამთავრებისთანავე ამის შესახებ გამოაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა. კონფერენცია დღეს გაიმართა - ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 25-ე წლისთავზე. დღესვე, უფრო ადრე, ცნობილი გახდა, რომ აშშ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უკრაინას 120-120 მილიონ ევროს გამოუყოფენ. ევროკომისია 110 მილიონ ევროს გაიღებს, ხოლო რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია - 40-40 მილიონ ევროზე მეტს. გუშინ ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ფორუმის მსვლელობაში 740 მილიონი ევროს შეგროვებას იმედოვნებდა.