„მეტეხი იდგა რუხი, პიტალო“
გალაკტიონი
თბილისი მარტო ის არ არის, რაც ადამიანს შეუქმნია, აუშენებია ან გადაუკეთებია. თბილისი პირველ რიგში უნიკალური ლანდშაფტია!
გეოლოგიურ ეპოქაში, რომელსაც მეცნიერები კაინოზოურის დასაწყისს უწოდებენ, ჩამოყალიბდა თბილისის დღევანდელი რელიეფი და პირველ რიგში ის მთები, რომლებიც გარს აკრავს ქალაქს და რომელთა შესახებაც დემნა შენგელაია წერდა, „ტფილისის ირგვლივ წვანან ზურგგაცვეთილი აქლემები: მთაწმინდა, შავნაბადა, თელეთი, თაბორი, კოჯორი, მახათა და ლოტკინის გორა“.
ცხადია, თბილისი ასევე არის მტკვარი და ერთ დროს მასში მიმოფანტული კუნძულები, რომელთა გაქრობას ვერ ივიწყებს ქალაქი და ფანტომური ტკივილების სახით დღემდე სტანჯავს მას.
თბილისი ასევე არის მეტეხის პლატო, რომელიც თავისი ფერითა და მდინარესთან ფიზიკური კავშირით, გვაფიქრებინებს, რომ მტკვრის გაგრძელება, ანდა სულაც მისი მყარი აგრეგატული მდგომარეობაა!
შეუძლებელია თუნდაც ერთი დღე დარჩე თბილისში და ვერ შეამჩნიო მდინარე, მდინარიდან ამოზრდილი კლდე და კლდის ქიმზე გამწკრივებული სახლები თვალწარმტაცი აივნებით, ლოჯიებითა და ტერასებით.
მეტეხის კლდეს მეცნიერულად „არეულშრეებრივი კონგლომერატები“ ჰქვია და მისი ნათლია კავკასიის ცნობილი მკვლევარი, გერმანელი გეოლოგი ვილჰელმ ჰერმან აბიხია. აკადემიკოს ალექსანდრე ჯანელიძის მიხედვით, მეტეხის ტაძრის ქვემოთ, ფლატეზე, კონგლომერატების სისქე 20-30 მეტრია. ცალკეული ლოდების სიგრძე კი 10-20 მეტრი, ხოლო სიგანე – 1-2 მეტრი. ერთიმეორეს ენაცვლება ტუფის, ტუფოგენური ქვიშაქვებისა და თიხა-კარბონატული შედგენილობის დანალექი ქანის შრეები... მაგრამ მეტეხის პლატო და მტკვარზე დაშვებული მისი ვერტიკალური კედელი მხოლოდ ქიმიური და ფიზიკური პარამეტრების გამო როდია მნიშვნელოვანი. მეტეხის კლდე, როგორც მსოფლიო მასშტაბის უნიკალური ძეგლი, „წითელ წიგნშია“ შეტანილი და მას იცავს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“, თუმცა საკითხავია – იცავს კი?
4-5 წელია კლდის შუა ნაწილში რამდენიმე ადგილზე მშენებლობა მიმდინარეობს, რასაც, არც მეტი არც ნაკლები, თბილისის ლანდშაფტის ყველაზე გამორჩეული ძეგლი ეწირება: მშენებლები ახალი შენობების სიმაღლეს კლდის ხარჯზე ზრდიან. თუ კარგად დააკვირდებით, ერთ ადგილზე კლდე ფაქტობრივად მტკვრამდეა ჩაჭრილი და მისი ნაწილი წითელი აგურითაა ამოშენებული. ცხადია, ასეთი ნგრევაც ვანდალიზმია და შენებაც!
ქალაქის ამ უძველესი უბნის განაშენიანება და პლატოს გეომეტრია მშენებლებს თავისუფალი მოქმედების საშუალებას არ უტევებს. ლანდშაფტთან ჰარმონიული შერწყმის ნიმუშად აკადემიკოს ვახტანგ ბერიძეს მოტანილი აქვს კლდის თხემზე აგენებული მეტეხის ეკლესია. აი, რას წერს თბილისის არქიტექტურის გამორჩეული მკვლევარი 1969 წელს გამოცემულ „თბილისის მეტეხის ტაძარში“:
რაც შეეხება კლდის ხელყოფას. ზემოთ ნახსენებ წიგნში ვახტანგ ბერიძე ჩივის გორგასლის ძეგლის დადგმის (1967 წ.) შედეგად კლდის ნაწილის დაზიანების გამო:
„... დაანგრიეს გვიანდელი ხანის სახლები [ეკლესიის] ეზოს ჩრდილო-დასავლეთით, რათა ქალაქიდან გახსნილიყო ხედი ძეგლზე. ეზოს შემოავლეს ბაზალტის თლილი კვადრებით მოპირკეთებული კედელი, მოედანი გაასწორეს და მოკირწყლეს, სამწუხაროდ აღნიშნული სამუშაოების წარმოების დროს დაინგრა კლდის ნაწილი, განსაკუთრებით მისი ჩრდილო-დასავლეთი კუთხე, რომელიც ადრე ხიდის თავს აღწევდა, მოისპო კლდეს მიშენებული, ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, აბო თბილელის სენაკიც და ზოგი სხვა ნაგებობის ნაშთიც. ახლად აგებული რუხი ფერის, ყრუ, ჩრდილოეთის მხრიდან საკმაოდ მაღალი კედელი არღვევს კლდისა და ტაძრის ჰარმონიული შერწყმის სურათს.“
თუმცა, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მეტეხის პლატო იმდენად დაზიანდა, რომ სანაცვლოდ არათუ ერთი ვახტანგ გორგასლის, არამედ ყველა ქართველი მეფის ძეგლი დაიდგემებოდა.
„... სამუშაოების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ეს არის მანძილი მეტეხის პლატოს კლდოვან ბჭემდე, მთავარ პორტალამდე, საიდანაც ნგრევა უნდა დაიწყოს და გვირაბგამყვანები თავიანთ ჩვეულებრივ სტიქიაში მოხვდებიან. მაშინ უფრო ფართოდ გამოიყენებენ სამთო ტექნიკას, კლდეს ნაკუწებად აქცევენ და ისე გამოზიდავენ.“
მეორე ის, რომ გარედანაც მიდგნენ და ლამის მდინარის ზედაპირის პარალელური წიბო აქციეს უშნო ტეხილად, რამაც არაერთი ბზარი გააჩინა კლდის სხეულზე და მისი ჩამოშლის ალბათობაც ერთი–ორად გაზარდა.
P.S. ადრე, როცა თბილისს იპყრობდნენ, მეტეხის ციხეს ქვასა და ჭურვებს უშენდნენ ხოლმე, თუმცა თავად კლდის დანგრევა და ამგვარად ციხის სამუდამოდ მოშლა, აზრად არავის მოსვლია. როგორ მოხდა ისე, რომ ქართველმა სახელმწიფო მოხელეებმა და მშენებლებმა, თავიანთი დეველოპერული ვნებებით, თემურ-ლენგისა და აღა-მაჰმად ხანის ბოროტი გენია დაჩრდილეს?!