ბოჭორიშვილი კატარში - რეგიონული უსაფრთხოება, ეკონომიკა და ემირის შესაძლო ვიზიტი საქართველოში

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კატარში გამართა შეხვედრები. კატარელ კოლეგას ის ესაუბრა კატარის ემირის შესაძლო ვიზიტზე საქართველოში.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შემდეგ, 16 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კატარს ეწვია.

მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტსაც იკავებს, შეხვდა კატარის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს.

ამ ვიზიტისას განიხილეს კატარის ემირის შესაძლო ვიზიტი საქართველოში.

შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს ელჩი კატარში, „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ვაკო ავალიანი.

რაზე ისაუბრეს კატარის პრემიერთან შეხვედრაზე

კატარის პრემიერ-მინისტრი 2023 წლის მარტიდან არის შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი. პრემიერობის პარალელურად, ის დღემდე ასრულებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას, - 2016 წლიდან.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები“.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • „საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებზე.
  • მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები“, - წერს საგარეო უწყება.

ასევე ნახეთ

კატარის ფორუმზე ღარიბაშვილს ჰკითხეს, ფრენების აღდგენით მეგობრებს აღიზიანებენ თუ არა

შეხვედრა საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან

16 ნოემბერსვე მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის.

კატარში საგარეო საქმეთა მინისტრისა და საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრის პოზიციები განსხვავებულია.

  • პირველი, - ალ-თანი - პრემიერობასთან ერთად, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრია, მთავარი დიპლომატი, რომელიც განსაზღვრავს და ზედამხედველობს საგარეო პოლიტიკის განხორციელებას;
  • მეორე - ალ-მურაიხი - მინისტრის რანგის თანამდებობის პირი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ზედამხედველობით წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და მოქმედებს მის მიერ განსაზღვრული საერთო პოლიტიკის ფარგლებში.

მაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან. მარჯვნივ: საქართველოს ელჩი კატარში, ვაკო ავალიანი

ალ-მურაიხიმ და მაკა ბოჭორიშვილმა „განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები“, - წერს საგარეო უწყება.

მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებისა და კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

კატარის ემირის შესაძლო ვიზიტი საქართველოში

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებასა და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე“.

„ამ კონტექსტში საუბარი შეეხო კატარის სახელმწიფოს ემირის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატარის ემირი, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი

კატარის სახელმწიფო ემირი 2013 წლიდან არის შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი, - პრემიერ-მინისტრის მსგავსად, ალ-თანების დინასტიის წარმომადგენელი.

  • კატარი უნიტარული კონსტიტუციური მონარქიის მქონე სახელმწიფოა;
  • სახელმწიფოს მეთაური და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი არის ემირი, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი;
  • ის ნიშნავს პრემიერ-მინისტრებსა და მინისტრებს;
  • საქართველოში სწორედ მის შესაძლო ვიზიტზე ესაუბრა ბოჭორიშვილი კატარელ კოლეგას.

„რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელობა“

პრემიერ ალ-თანისთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს „ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები“.

„მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას“, - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სახელმწიფო მინისტრ ალ-მურაიხისთან შეხვედრაზე „ასევე გაიცვალა მოსაზრებები რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და დადასტურდა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა“.

ასევე ნახეთ

მზაობა დიალოგისთვის „უკლებლივ ყველა ქვეყანასთან“ - ყაველაშვილის სიტყვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
  • კატარი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი გავლენიანი სახელმწიფოა, შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი სამხედრო მოკავშირე;
  • მის ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული სამხედრო ბაზა მდებარეობს.
  • ამავე დროს, კატარი ინარჩუნებს ურთიერთობებს ირანთან, - თუმცა 2026 წელს ირანის სარაკეტო დარტყმების შემდეგ რამდენიმე ირანელი ატაშე გააძევა; ამასთან, დოჰაში 2012 წლიდან ფუნქციონირებს ჰამასის პოლიტიკური ოფისი;
  • კატარი მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთთან; არის სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ერთ-ერთი წევრი;
  • პარალელურად, იგი მხარს უჭერს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას და აკრიტიკებს ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ღაზის სექტორში.

ბოჭორიშვილი საამიროებში

კატარში მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტამდე, 13-15 ნოემბერს, ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა.

მან მონაწილეობა მიიღო „სერ ბანი იასის ფორუმში“ და შეხვდა საამიროების ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის.

ასევე ნახეთ

არნახული არაბული ინვესტიცია, 6,6-მილიარდიანი პროექტი, მილიონობით კვ.მ. მიწა და გასაიდუმლოებული კონტრაქტი - რა ვიცით?

„ფორუმის ფარგლებში, დახურულ ფორმატში, გაიმართა დისკუსიები საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებზე“, - წერს სამინისტროს პრესცენტრი.

ასევე ნახეთ

"სტრატეგიული უმნიშვნელობა" მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე თუ სუვერენული კომფორტი - როგორ იწყებს "ქართული ოცნება" 2026 წელს