აჰმადინეჟადი: ჩავესი იესოსა და ფარულ იმამთან ერთად დაბრუნდება

მაჰმუდ აჰმადინეჟადი და უგო ჩავესი

ვენესუელის პრეზიდენტის, უგო ჩავესის სიკვდილს მსოფლიოს ბევრი კუთხიდან მოჰყვა სამძიმრის წერილები, მაგრამ მათ შორის, ალბათ, ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ექსცენტრიკული, როგორიც ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის ტექსტი იყო.

აჰმადინეჟადმა ჩავესის მეორედ მოსვლა იწინასწარმეტყველა. თან, მისი ვერსიით, დედამიწაზე დაბრუნებისას ჩავესი არ იქნება მარტო:

„ეჭვი არ მეპარება, რომ ჩავესი დაბრუნდება იესო ქრისტესა და ფარულ იმამ მაჰდისთან ერთად, რათა მსოფლიოს მშვიდობა და სამართალი მოუტანოს“, - დაწერა აჰმადინეჟადმა თავის პირად ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ემოციურ წერილში. მაჰდი შიიტი მუსლიმებისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს - ბევრს სწამს, რომ ის კაცობრიობის გადასარჩენად დაბრუნდება.
აჰმადინეჟადმა, რომელსაც ჩავესთან საჯარო ახლო მეგობრობა აკავშირებდა, თავის გარდაცვლილ მოკავშირეს ხოტბა შეასხა - დაწერა, ჩავესი „ვენესუელის ხალხს ემსახურებოდა და ადამიანურ და რევოლუციურ ფასეულობებს იცავდაო“.

ჩავესის ხსოვნის პატივსაცემად ირანში გლოვის დღე გამოცხადდა. ირანის მედიის თანახმად, შესაძლოა აჰმადინეჟადი ჩავესის დაკრძალვის ცერემონიაზეც ჩავიდეს, რომელიც 8 მარტს არის დანიშნული.
ეჭვი არ მეპარება, რომ ჩავესი დაბრუნდება იესო ქრისტესა და ფარულ იმამ მაჰდისთან ერთად, რათა მსოფლიოს მშვიდობა და სამართალი მოუტანოს...
მაჰმუდ აჰმადინეჟადი

თავის წერილში აჰმადინეჟადმა გაიზირა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლად მადუროს მიერ გამოთქმული ვარაუდები, რომ ჩავესს კიბოს დაავადება რაღაც გზებით მისმა მტრებმა შეჰყარეს.

სამძიმრის წერილში აჰმადინეჟადი ჩავესს „წამებულს“ უწოდებს და წერს, ის „საეჭვო დაავადებას“ ემსხვერპლაო.

ჩავესი, რომელიც ვენესუელას 14 წლის განმავლობაში ედგა სათავეში, წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო კონტექსტში. ბევრი მას გმირად აღიქვამდა იმ სოციალისტური პროგრამების გამო, რომლებიც ღარიბების დასახმარებლად იყო გამიზნული, ისევე როგორც იმ მწვავედ კრიტიკული პოზიციის გამო, რომელსაც ჩავესი აშშ-ის მიმართ იკავებდა. თუმცა ჩავესს ბევრი ოპონენტიც ჰყავდა, რომლებიც ყურადღებას ამახვილებდნენ მისი მმართველობის პირობებში ადამიანის უფლებების ხელაღებით უგულებელყოფასა და მის ხელში ძალაუფლების დრამატულ კონცენტრაციაზე.

ირანში 58 წლის ჩავესი ძალიან პოპულარული ფიგურა იყო. ლიდერების საჯარო მეგობრობის გარდა, ირანს და ვენესუელას ეკონომიკური კავშირებიც გამოარჩევს. ბოლო წლების განმავლობაში თეირანსა და კარაკასს შორის მილიარდობით დოლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში. თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ჩავესი ირანში 13-ჯერ ჩავიდა, აჰმადინეჟადი კი 5-ჯერ ეწვია ვენესუელას 2005 წლის შემდეგ.