„მას ანდრეი ერქვა“: დაკარგული რუსი მამაკაცი შესაძლოა ჩეჩნეთში გეების დევნას ემსხვერპლა

რუსი მამაკაცი, რომელიც ჩეჩნეთში 2017 წელს გაუჩინარდა, შესაძლოა პოლიციამ შეიპყრო, გეების დევნის კამპანიის ფარგლებში. ანგარიშები აჩვენებს, რომ მისი მობილური ტელეფონი რამდენჯერმე შეუერთდა მისი დაკავების სავარაუდო ადგილას მდგარ საკომუნიკაციო ანტენას.

ანდრეი კობიშევმა თავის ოჯახს უთხრა, რომ შინ დაბრუნებას გეგმავდა.

2017 წლის მარტის დასაწყისი იყო. 48 წლის კობიშევი თვეების განმავლობაში ცდილობდა თავის გატანას ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში მასაჟისტად მუშაობით. ეს ძლიერი აღნაგობის, საუბრის სასიამოვნო მანერის მქონე თერაპევტი, გაჭაღარავებული ჟღალი თმით,დროდადრო სხვა სამუშაოებსაც ასრულებდა, ღამეს კი თავის მასაჟის ოთახში ათევდა.

2017 წლის 13 მარტს, დაახლოებით დილის 11 საათზე,კობიშევი შევიდა თავის სამუშაო ადგილას, ქალაქის ცენტრთან მდებარე გოგირდის აბანოში, და ნაჩქარევად ამოიღო რაღაც თავისი ჩანთიდან, - იხსენებს მისი კოლეგა.

„დაბნეული ჩანდაო“, მოგვიანებით ეტყვის ეს კოლეგა გამომძიებლებს და დასძენს, რომ იმ ღამით კობიშევი აბანოში არ დარჩენილა დასაძინებლად.

გროზნოში საცხოვრებლად გადასვლამდე კობიშევი ვოლგოგრადის მხარეში, პატარა სოფელ გონჩარკოვკაში ცხოვრობდა 80 წლის დედასთან ერთად. ნათესავების თქმით, ის იქ ვეტერინარის თანაშემწედ მუშაობდა. მას შემდეგ, რაც მან თავისი სამუშაო ადგილი, გოგირდის აბანო, უკანასკნელად დატოვა, მისი ტელეფონიდან ოჯახში ზარი შევიდა, თუმცა კობიშევი არ რეკავდა.

პირი, რომელმაც დარეკა, ამბობდა, რომ ტელეფონი იპოვა ბარგის თაროზე, გროზნოდან მოსკოვში მიმავალ მატარებელში, და ტელეფონში შენახული ნომერი მას შემდეგ აკრიფა, რაც ტელეფონის მფლობელს ვერ მიაგნო.

მას შემდეგ ორ წელიწადზე მეტი გავიდა. კობიშევი ოფიციალურად დაკარგულად ითვლება. გამომძიებლებმა შარშან შეწყვიტეს გამოძიება, რომელიც, ოფიციალური კლასიფიკაციით, მკვლელობას ეხება - განაცხადეს, ეჭვმიტანილები ვერ ვიპოვეთო.

თუმცა შემდეგ გამოჩნდა სავარაუდო მოწმე, რომელმაც სკანდალური განცხადება გააკეთა - რომ გაუჩინარების შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში კობიშევი დაპატიმრებული ჰყავდათ გროზნოს პოლიციის საკანში, სადაც მას უმოწყალოდ სცემდნენ იმის გამო, რომ, პოლიციის ეჭვით, კობიშევი ჰომოსექსუალი იყო.

ეს სავარაუდო მოწმე მაქსიმ ლაპუნოვია, რუსი გეი მამაკაცი, რომელიც ამჟამად რუსეთს უჩივის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. მისი განცხადება აღრმავებს არსებულ ვარაუდებს და ინფორმაციას, რომ, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, კრემლის მხრიდან მხარდაჭერილი ავტორიტარის, რამზან კადიროვის მიერ მართულ ჩეჩნეთში სექსუალური უმცირესობის ძალადობრივი დევნა და რეპრესიები მიმდინარეობს.

ლაპუნოვი ერთადერთი პირია, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ ამ კამპანიის ფარგლებში ის გაიტაცეს და აწამეს. უფლებადამცველების თქმით, ლაპუნოვი დიდ რისკზე მიდის თავისი ამბის გასაჯაროებით, თუმცა ის ფაქტი, რომ ეთნიკური რუსია, მას ოდნავ მაინც უმსუბუქებს მდგომარეობას, ეთნიკურ ჩეჩენ კაცებთან შედარებით, იმ ღრმა სოციალური სტიგმის გამო, რომელსაც ჰომოსექსუალობა ატარებს მათ საზოგადოებაში.

ასევე ნახეთ გეების დევნა ჩეჩნეთში: ეული მოწმის უშედეგო ძალისხმევა

თებერვალში გავრცელებულ განცხადებაში ლაპუნოვმა თქვა, რომ ის და კობიშევი პოლიციას ერთ დაწესებულებაში ჰყავდა დატყვევებული 2017 წლის მარტის თითქმის ორი კვირის განმავლობაში.

ლაპუნოვი ამბობს, რომ კობიშევის ფოტო უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ვებსაიტზე ნახა, როცა ეძებდა ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა გეების საწინააღმდეგო ძალადობრივ კამპანიას ემსხვერპლნენ.

„ის არის. ასი პროცენტით“, - უთხრა ლაპუნოვმა 2 თებერვალს თავის ადვოკატს, ვლადიმირ სმირნოვს, რომელიც რუსეთში მოქმედ ენჯიოს, წამების საწინააღმდეგო კომიტეტს, წარმოადგენს. თავად ლაპუნოვმა რუსეთი დატოვა საჯარო აღიარების შემდეგ, რადგან შიშობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

გროზნოში საცხოვრებლად გადასვლამდე კობიშევი ვოლგოგრადის მხარეში, პატარა სოფელ გონჩარკოვკაში ცხოვრობდა 80 წლის დედასთან ერთად.

ადვოკატმა ვლადიმირ სმირნოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 1 მარტს მან პირადად წარუდგინა ლაპუნოვის განცხადება რუსეთის მთავრობის ადამიანის უფლებების ომბუდსმენს, ტატიანა მოსკალკოვას.

კადიროვი და ჩეჩნეთის სხვა ოფიციალური პირები უარყოფენ გეების დევნის კამპანიას. რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ვერ ნახა მტკიცებულება, რომელიც ლაპუნოვის განცხადებას დაადასტურებდა.

მაგრამ ეუთოს საგანგებო წარმომადგენელმა დეკემბერში თქვა, რომ ლაპუნოვს პირადად ესაუბრა და „შეუძლია დაადასტუროს მისი სანდოობა“.

რადიო თავისუფლების მიერ წარმოებული გამოძიებით გამოჩნდა, რომ კობიშევის გაქრობიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მისი ტელეფონი რამდენჯერმე მიუერთდა საკომუნიკაციო ანძას, რომელიც 300 მეტრის მოშორებით მდებარეობს გროზნოს პოლიციის იმ განყოფილებიდან, სადაც, ლაპუნოვის თქმით, ისინი დაკავებული ჰყავდათ. ზოგ შემთხვევაში ანძასთან კონტაქტი 15 და 18 საათის განმავლობაში გრძელდებოდა უწყვეტად.

ლაპუნოვის განცხადების თაობაზე კობიშევთან დაკავშირება, ცხადია, შეუძლებელი იყო. მაგრამ რადიო თავისუფლებამ გადაწყვიტა მისი სახელი მაინც გამოექვეყნებინა და დაეკავშირებინა ამ ძალადობრივ კამპანიასთან, რომელსაც საერთაშორისო კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა.

ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა მისი ნათესავების მზაობას ღიად ელაპარაკათ ამ საქმეზე, ფაქტს, რომ კობიშევი, უკვე ორ წელიწადზე მეტია, დაკარგულია და იმ პოტენციურ გარღვევას, რომელიც მისმა საქმემ შესაძლოა მოახდინოს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების მასშტაბური და სასტიკი შელახვის პროცესის გამოაშკარავების თვალსაზრისით.

რუსეთის სასამართლოებმა გასულ წელს მხარი დაუჭირეს გამომძიებლების გადაწყვეტილებას არ აღეძრათ ოფიციალური სისხლის სამართლის საქმე ლაპუნოვის განცხადებებზე. ადვოკატ სმირნოვის თქმით, მან შეხვედრისას მოსკალკოვას უთხრა, რომ გამომძიებლებმა ლაპუნოვისა და კობიშევის საქმეები უნდა გააერთიანონ და ასე შეისწავლონ.

მოსკალკოვას პოსტი მრჩევლის ფუნქციებით შემოიფარგლება და შეზღუდული აქვს ბერკეტები გამოძიებაზე გავლენის მოსახდენად საიმისოდ, რომ კონკრეტულ საქმეებსა და საკითხებს მეტი ყურადღება მიექცეს.

მაქსიმ ლაპუნოვი ერთადერთი პირია, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ ამ კამპანიის ფარგლებში ის გაიტაცეს და აწამეს.

„კობიშევის საქმე წარმოადგენს ნამდვილ მკვლელობის საქმეს. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ გვყავს მოწმე, მაქსიმი, რომელმაც ანდრეი მისი უკანასკნელი დღეების განმავლობაში ნახა“, - უთხრა სმირნოვმა რადიო თავისუფლებას და დასძინა: „მაგრამ რუსეთის გამომძიებლები არაფერს აკეთებენ. ისინი არა მხოლოდ მაქსიმ ლაპუნოვის საქმის გამოძიებას აბრკოლებენ, არამედ უარს ამბობენ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმაზე კობიშევის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით“.

ლაპუნოვმა უარი თქვა ინტერვიუზე ამ სტატიისთვის.

„საუბარი არ ყოფილა“

2017 წლის აპრილში რუსეთში გამომავალმა დამოუკიდებელმა გამოცემა„ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ანგარიში, რომელშიც დეტალურად იყო საუბარი ჩეჩნეთის მთავრობის მიერ წინა თვეებში რესპუბლიკაში გეი და ბისექსუალი მამაკაცების დევნის შესახებ. ჩეჩნეთის გეი თემის წარმომადგენელმა რამდენიმე წყარომ შემდეგ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ზეწოლის კამპანია მთელი მასშტაბით 2016 წლის დეკემბერში ამოქმედდა - ერთ თვეში მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთში კობიშევი ჩავიდა.

ფაქტი, რომ კობიშევი ჩეჩნეთში იყო, მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ოჯახისთვის, რომელიც ფიქრობდა, რომ კობიშევი მოსკოვში იყო წასული.

„ის ამბობდა, რომ ჩეჩნეთში მეგობრების მონახულება სურდა, მაგრამ ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა, რომ ის იქ სამუშაოდ წავიდა“, - უთხრა მისმა სიძემ, პიოტრ კრავჩენკომ, რადიო თავისუფლებას.

კობიშევის ნათესავებს შეატყობინეს ლაპუნოვის განცხადება, რომ მან კობიშევი პატიმრობაში ნახა. კობიშევის ოჯახის წევრები ამბობენ, არ ვიცოდით, რომ კობიშევი შეიძლებოდა გეი ყოფილიყოო. მათი თქმით, კობიშევს სიყვარულში არ გაუმართლა - ქალი, რომელიც უყვარდა, ცოლად მის მეგობარს გაჰყვა მას შემდეგ, რაც კობიშევი საბჭოთა ჯარში წავიდა სავალდებულო სამსახურის მოსახდელად.

„ჰომოსექსუალობის შესახებ არასოდეს ყოფილა საუბარი“, - უთხრა მისმა დისშვილმა, სერგეი ტიტოვმა, რადიო თავისუფლებას.

ნაცნობები კობიშევს იხსენებენ მეგობრულ, ცოტა თავდაჭერილ კაცად, რომელიც კოლეგებთან სხვადასხვა თემაზე ლაპარაკობდა ხოლმე ჩაის სმის დროს, როცა სამუშაო არ იყო.

მაქსიმ ლაპუნოვის ნახაზი, სადაც ნაჩვენებია სარდაფი, სადაც ის, სავარაუდოდ, დატყვევებული ჰყავდა ჩეჩნეთის პოლიციას.

მისი კოლეგის ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 14 მარტს გოგირდის აბანოს მფლობელმა თავისი თანამშრომლები გამოიძახა აბანოს დასასუფთავებლად. წინა დღით კოლეგებმა უკანასკნელად ნახეს, როგორ დატოვა კობიშევმა სამსახური. როცა დალაგების პროცესში მონაწილეობისთვის არ გამოცხადდა, კოლეგამ მას WhatsApp-ით მესიჯი გაუგზავნა და ჰკითხა, სად ხარო.

კოლეგის თქმით, კობიშევმა უპასუხა, რომ მეზობელ დაღესტანში იყო, ქალაქ ხასავიურტში, მეგობრის მოსანახულებლად. „ვუპასუხე, მიხარია, კარგად რომ ხარ-მეთქი“, - უთხრა კოლეგამ გამომძიებლებს და დასძინა: „მას შემდეგ ერთმანეთისთვის აღარაფერი მიგვიწერია და ის აღარც სამსახურში გამოცხადებულა“.

უცნობია, კობიშევი, ბრალოდ, სამსახურს აცდენდა, თუ მის პასუხს სხვა მიზეზები ჰქონდა,მაგრამ მისი ტელეფონი იმ დროს ნამდვილად გროზნოში იყო, რასაც ადასტურებს ამონაწერი, რომელიც საკომუნიკაციო კომპანიამ გამომძიებლებს მიაწოდა.

რამდენიმე დღეში, ლაპუნოვის თქმით, კობიშევი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, ჩეჩნეთის დედაქალაქში.

„მას ანდრეი ერქვა“

ლაპუნოვი ეთნიკური რუსია, ციმბირიდან. გროზნოში გადასვლამდე ის წვეულებების დამგეგმავად და ბუშტებით გამრთობ მსახიობად მუშაობდა. ჩვენებაში, რომელიც მან, მისივე თქმით, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სამ თვეზე ნაკლებ დროში მისცა, დეტალურადაა აღწერილი კაცი, რომელიც ძალიან ჰგავს კობიშევს.

„მას ანდრეი ერქვა. გვარად, მგონი, კოპანინი ან რაღაც მსგავსი იყო“, - ეუბნება ლაპუნოვი რუსეთის გამომძიებლებს თავის ჩვენებაში და დასძენს, რომ ანდრეი ეთნიკური რუსი იყო და 40 წლამდე ასაკის იქნებოდა.

მართალია, გვარი ზუსტად ვერ თქვა, მაგრამ ლაპუნოვის ჩვენებაში არის სხვა დეტალები, რომლებიც ემთხვევა კობიშევის ბიოგრაფიას. მათ შორის ის, რომ ეს კაცი ვოლგოგრადის ოლქიდან იყო და გროზნოში მასაჟისტად მუშაობდა.

ლაპუნოვი ამბობს, რომ ანდრეი „ძალიან იყო ნაცემი“, ხელებსა და ზურგზე ჰქონდა დალურჯებები და სისხლჩაქცევები. ლაპუნოვი ამბობს ასევე, რომ, როგორც მაშინ შეიტყო, ანდრეი იქ მოხვდა იმის გამო, „რომ გეი იყო“.

კაცი, სახელად ანდრეი, მხოლოდ გაკვრით ჩანდა პირველ დეტალურ ჩვენებაში, რომელიც ლაპუნოვმა გროზნოს საკანში თავისი ტყვეობის შესახებ მისცა. მაგრამ მას შემდეგ, რაც კობიშევი ფოტოზე ამოიცნო, ლაპუნოვმა თავის ადვოკატს მეტი დეტალი გაანდო.

ლაპუნოვი ამბობს, რომ ფოტოზე, რომელიც ნახა, კობიშევს ეცვა იგივე მუქი ლურჯი სვიტერი, „ღია, ასიმეტრიული ზოლებით“, რომლითაც ის გროზნოს პოლიციის განყოფილებაში იყო.

ლაპუნოვი იხსენებს, რომ გაიგო, როგორ ეუბნებოდა კობიშევი პოლიციელს, ცოლი და შვილი მყავსო, რაც, როგორც მაშინვე იეჭვა, სიცრუე იყო, ნათქვამითავისი სექსუალური ორიენტაციის დასამალად. კობიშევს ოჯახი არ ჰყავდა.

ლაპუნოვი ამბობს, რომ კობიშევის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მეტად მძიმდებოდა, „ის თითქმის არაფერს ჭამდა და სვამდა, რატომ, არ ვიცი“, - იხსენებს ის და დასძენს, რომ კობიშევმა ამ პერიოდში ძალიან დაიკლო წონაში.

ლაპუნოვის თქმით, როცა ის ბოლოს გაათავისუფლეს, 2017 წლის 28 მარტს, კობიშევი ისევ პოლიციის განყოფილებაში დარჩა.

საკომუნიკაციო ანძა

ომბუდსმენი მოსკალკოვა აცხადებდა, რომ ლაპუნოვის განცხადება მისი გატაცებისა და წამების შესახებ იმსახურებდა ოფიციალური გამოძიების დაწყებას, თუმცა რუსეთის მთავრობამ თქვა, რომ მტკიცებულებები ვერ მოიპოვა.

რადიო თავისუფლებამ ჩაატარა გამოძიება - მან კობიშევის სატელეფონო მონაცემები გააანალიზა და აღმოაჩინა, რომ მისი ტელეფონი, სულ მცირე, გროზნოს იმ პოლიციის განყოფილების სიახლოვეს იყო, სადაც, ლაპუნოვის თქმით, ისინი დაკავებული ჰყავდათ. სატელეფონო ამონაწერი ემთხვევა დროის მონაკვეთსაც, რომელსაც ლაპუნოვი ასახელებს.

მის გაქრობამდე, კობიშევის ტელეფონი გროზნოს მასშტაბით სხვადასხვა ანძას უერთდება - ყველაზე ხშირად მას, რომელიც მის სამუშაო და საცხოვრებელ ადგილთან, გოგირდის აბანოსთან,მდებარეობს.

2017 წლის 14 მარტს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც, მისი კოლეგის თქმით, კობიშევი აბანოს დასალაგებლად არ გამოცხადდა - მისმა ტელეფონმა თითქმის ექსკლუზიურად დაიწყო მიერთება გვარდეისკაიას ქუჩაზე მდებარე ანძასთან, რომელიც 300 მეტრითაა დაშორებული რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩეჩნეთის დანაყოფსა და პოლიციის განყოფილებას, სადაც, ლაპუნოვის თქმით, მას და კობიშევს ამყოფებდნენ.

კობიშევის ტელეფონიდან გამავალი ზარები და ტექსტური მესიჯები წყდება მას შემდეგ, რაც 2017 წლის 14 მარტს მისი ტელეფონი გვარდეისკაიას ანძას უერთდება. მომდევნო დღეებში ამ ტელეფონიდან გადის მხოლოდ ერთი ზარი, 2017 წლის 15 მარტს, დღის 12:17 საათზე. ორ საათში აკრეფილი ნომრიდან საპასუხო ზარი შემოდის.

უცნობია, რაზე ისაუბრეს ამ ორი ზარის დროს. რადიო თავისუფლებამ სცადა აკრეფილ ნომერთან დაკავშირება, მაგრამ მას არავინ უპასუხა.

ლაპუნოვი და სხვა გეი მამაკაცები ამბობენ, რომ ჩეჩნეთის პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ მათ აიძულებდნენ გეი ნაცნობებთან დაერეკათ და ისინი პოლიციის მარწუხებში შეეტყუებინათ.

2017 წლის 16 მარტიდან ხუთი დღის განმავლობაში კობიშევის ნომერი არც ერთ ანძას აღარ უერთდება. შემდეგ კი კონტაქტში შედის ანძასთან, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ გროზნოს საავადმყოფოსთან მდებარეობს. ჩეჩნეთის ჯანდაცვის რეგიონალური სამინისტროს თანამშრომლებმა გამომძიებლებს უთხრეს, რომ მათ ობიექტებში კობიშევის შესვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ამ ანძასთან მიერთების შემდეგ კობიშევის ნომერზე შედის ტექსტური შეტყობინებები, მათ შორის ნათესავებისგან, თუმცა პასუხი არ იგზავნება.

იმავე დღეს, მოგვიანებით, ტელეფონი უკავშირდება ანძებს, რომლებიც მდებარეობს გროზნოსა და მოსკოვს შორის მდებარე რკინიგზის გასწვრივ, მერე კონტაქტი წყდება. შემდეგ ჯერზე გააქტიურებისას ტელეფონი ვორონეჟშია, დაახლოებით, 1000 კილომეტრის მოშორებით, თუმცა თავად კობიშევი არსად ჩანს.

მგზავრი-მოჩვენება

ლაპუნოვის მონათხრობის თანახმად, კობიშევი კვლავაც პოლიციის განყოფილებაში იყო მაშინ, როცა მისი ტელეფონი ვორონეჟში აღმოჩნდა. იქ ის უცხო კაცმა იპოვა, კობიშევის ოჯახს დაუკავშირდა და ტელეფონი გაუგზავნა.

კობიშევის მატარებელში ყოფნა არ დასტურდება, თუმცა, საქმის მასალების თანახმად,ვიღაცამ მისი პასპორტი გამოიყენა საიმისოდ, რომ მატარებლით ეს კონკრეტული რეისი განეხორციელებინა.

მოგვიანებით კობიშევის პასპორტის გამოყენებით კიდევ ერთი შესყიდვა განხორციელდა. 2017 წლის 18 ივლისს გროზნოდან 500 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ სალსკში,გამოძიების თანახმად, ვიღაცამ იყიდა და 25 წუთის შემდეგ დააბრუნა ვოლგოგრადში მიმავალი მატარებლის ბილეთი.

შესყიდვის შესახებ ვიდეოკამერებიდან მასალის ამოღება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა.

მსგავსება ზელიმხან ბაკაევის საქმესთან

ჩეჩენი პოპმომღერლის, ზელიმხან ბაკაევის, საქმეშიც მსგავსი უცნაური მოვლენები იყო მის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ის 2017 წლის აგვისტოში გაუჩინარდა. ერთ თვეში მას შემდეგ, რაც ბაკაევი გროზნოდან დაიკარგა, იუტუბზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ის ამბობდა, რომ გერმანიაშია და კარგ დროს ატარებს. ვიდეო, რომელიც გადაღებული იყო ბინაში, ჩამოშვებული ფარდებით, მყისიერად აჩვენა ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიამ, როგორც მტკიცებულება, რომ ბაკაევი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მაგრამ მტკიცებულება, რომ ის მართლაც გერმანიაში იყო, არ არსებობს.

მოგვიანებით ლგბტ თემის უფლებების დამცველებმა განაცხადეს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია ბაკაევის დაკავების შესახებ, ანტიგეი კამპანიის ფარგლებში. შემდეგ კადიროვმა მიანიშნა, რომ ბაკაევი შეიძლება ოჯახის წევრებმა მოკლეს და რომ მტკიცებულება მის დაკარგვაში პოლიციის მონაწილეობის შესახებ არ არსებობდა. ეს ჩეჩნეთის ოფიციალური პირის მხრიდან პირველი საჯარო მინიშნება იყო იმაზე, რომ მომღერალი შესაძლოა მკვდარი იყოს.

ბაკაევი კვლავაც დაკარგულია.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩმა“(HRW) გასულ თვეში განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ჩეჩნეთში პოლიციამ რეპრესიების ახალი ტალღა განახორციელა: უკანონოდ დააპატიმრა კაცები, რომლებიც, პოლიციის ეჭვით, გეები იყვნენ. ორგანიზაციის თქმით, ამ კაცებს სცემდნენ.

კადიროვის პრესმდივანმა ამას „სიცრუე“ უწოდა.

ერთ-ერთმა სავარაუდო მსხვერპლმა თქვა, რომ პოლიციამ მისი ჰომოსექსუალობის შესახებ მის ოჯახს შეატყობინა და ნათესავები „ირიბად“ შეაგულიანა, რომ ეს მამაკაცი მოეკლათ.