ოთარ ანგურიძე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე

Your browser doesn’t support HTML5

13 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ოთარ ანგურიძე, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე და მის პარამეტრებზე. ოთარ ანგურიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებისგან ის არ ელოდა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს, ის 12 მილიარდ 440 მილიონი ლარით განისაზღვრა და მილიარდით აჭარბებს მიმდინარე წლისას. რაც თვალშისაცემია, გაზრდილია ხარჯები ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებებით. ოთარ ანგურიძის შეფასებით, ინფრასტრუქტურის განსავითარებლად ბევრია გასაკეთებელი და ასეთი ხარჯები ეკონომიკის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი პირობაა. ანალიტიკოსმა ილაპარაკა განათლების ხარჯების ნაწილზეც და გამოთქვა სურვილი - განათლების სამინისტრომ მეტი ყურადღება დაუთმოს ახალგაზრდების მაღალტექნოლოგიურ იდეებს და წაახალისოს ისინი. "მომავალი წლის ბიუჯეტი არის მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის გაგრძელება", - ამბობს ოთარ ანგურიძე. ის მომავალი წლის გამოწვევებს შორის ასახელებს ბიუჯეტის დაგეგმვას კურსით - 1აშშ დოლარი=2,5 ლარს, რადგან ხედავს, რომ ამ ნიშნულზე კურსის დაჭერისთვის ზრუნვა ადრე უნდა დაწყებულიყო. საქართველოს ეკონომიკისთვის სავარაუდო რისკებს შორის ოთარ ანგურიძე ასახელებს რეგიონის ქვეყნების პოლიტიკურ არასტაბილურობას, რამაც შეიძლება საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების (აზერბაიჯანი, თურქეთი) ეკონომიკაზე მოახდინოს ზეგავლენა.