„დისკრედიტაციის კამპანიაა“. ანონიმური გვერდები და პროსახელისუფლებო მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ

რაზმაძე ადრეც გამხდარა ანონიმური გვერდების, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და პოლიტიკოსების სამიზნე.

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ანონიმური გვერდები ავრცელებენ ვიდეოებსა და პოსტებს, რომლებშიც, ბლოგერ თორნიკე რაზმაძის თქმით, ნარკოტიკებით ვაჭრობას აბრალებენ.

ამავე პერიოდში პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა რაზმაძეს დაუკავშირეს ფეისბუკგვერდი, რომელმაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ძველი კადრები ახალ ამბად წარმოაჩინა და მსხვერპლის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

თორნიკე რაზმაძე ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტია. ის პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელებში ვიდეოებით ეხმაურება. მისი ვიდეოები ასეულობით ათას ნახვას აგროვებს.

რაზმაძე ადრეც გამხდარა ანონიმური გვერდების, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და პოლიტიკოსების სამიზნე. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის ბოლო დღეებში თავის შესახებ გავრცელებულ პოსტებს „დისკრედიტაციის კამპანიას“ უწოდებს.

ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდება ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოებში

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო, რომელშიც რაზმაძეს ნარკოტიკებით ვაჭრობას მიაწერენ.

„ეს თავიდან სერიოზულად არც აღვიქვი, ჩავთვალე, რომ ვიღაცებმა იხუმრეს უბრალოდ“, – ამბობს ბლოგერი.

მალევე გავრცელდა მეორე ვიდეოც, რომელშიც თითქოს რაზმაძე სადარბაზოში შედის და მრიცხველთან იხრება. ვიდეოს ახლავს წარწერა: „არვარო ხო ბარგინგაო თორნიკე აზმაძემ?“ (სტილი დაცულია). ბლოგერის თქმით, მაყურებელთა ნაწილმა შესაძლოა ვერ შეამჩნიოს, რომ კადრები ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი.

23 ნოემბერს სოციალურ ქსელში რაზმაძის ტელეფონის ნომერიც გამოაქვეყნეს. პოსტის ავტორი ამტკიცებდა, თითქოს ამ ნომერზე დარეკვით მარიხუანის ყიდვა შეიძლებოდა. კიდევ ერთ ვიდეოში მომხმარებელი ჩივის, თითქოს რაზმაძისგან ნარკოტიკი იყიდა, მაგრამ ვერ იპოვა.

თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ მიმართული პოსტების ნაწილი

რაზმაძის წინააღმდეგ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამოყენებაზე წერს ფაქტების გადამოწმების პლატფორმა „მითების დეტექტორიც“.

როგორ დაუკავშირეს რაზმაძეს „პირველი ამბები“?

22 ნოემბერს ფეისბუკგვერდმა „პირველმა ამბებმა“ გამოაქვეყნა 2021 წელს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის კადრები. პოსტის ავტორს არ მიუთითებია, რომ ვიდეო ხუთი წლის წინ იყო გადაღებული. ის ამტკიცებდა, თითქოს ნანგრევებში ასობით ადამიანი მოყვა, 30 კი დაიღუპა.

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა დაწერეს, რომ ცრუ ინფორმაცია „თორნიკე რაზმაძესთან დაკავშირებულმა“ გვერდმა გაავრცელა. ამ კავშირის დასასაბუთებლად ისინი მიუთითებდნენ, რომ „პირველი ამბები“ მანამდე რაზმაძის ვიდეოებს აქვეყნებდა.

რაზმაძე ამბობს, რომ პოსტი მას არ გამოუქვეყნებია. ვკითხეთ, ხომ არ ფიქრობს, რომ გვერდი საგანგებოდ მისი დისკრედიტაციისთვის შექმნეს. ბლოგერის თქმით, ასეთი ეჭვი არ აქვს, რადგან გვერდი დიდი ხნის წინ შეიქმნა და მისი ვიდეოების გარდა, სხვა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ვიდეოებსაც რეგულარულად აქვეყნებდა.

ამ დროისთვის „პირველი ამბები“ ფეისბუკზე აღარ იძებნება. მიზეზი უცნობია.

ასევე ნახეთ

„რუსთავი 2“ „მეტას“ ფულს უხდის იმ პოსტების ხილვადობის გასაზრდელად, რომლებითაც ირწმუნება, რომ ოპოზიცია ტრაგედიით მანიპულირებს

რა თქვა შსს-მ?

„პირველი ამბების“ პოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყებამ უარყო ცნობა, თითქოს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ახლახან ჩამოინგრა. სამინისტროს შეფასებით, პოსტი „საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება“.

შსს-ს განცხადებით, „პირველ ამბებს“ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ადრეც არაერთხელ გაუვრცელებია.

სამინისტროს განცხადებაში თორნიკე რაზმაძე ნახსენები არ არის.

რას უკავშირებს რაზმაძე კამპანიას?

რაზმაძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ კამპანიას მას შემდეგ ელოდა, რაც მარგარიტა სიმონიანის მისამართით გინების გამო მის მიმართ საქმის წარმოება დაიწყეს. მოგვიანებით სასამართლომ ის დააჯარიმა.

ასევე ნახეთ

აქტივისტი თორნიკე რაზმაძე 3 ათასი ლარით დააჯარიმეს - მისი თქმით, ფეისბუკ-კომენტარი მარგარიტა სიმონიანს შეეხებოდა

რაზმაძე კამპანიას ბოლო ორ დღეში გამოქვეყნებულ თავის ვიდეოებსაც უკავშირებს. მისი თქმით, ამ ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთ მათგანში ბლოგერმა ბარბარე რაფალიანცის საქმე გაიხსენა. რაზმაძის თქმით, ამ მაგალითით აჩვენა, როგორ იყენებდნენ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის ისინი, ვინც ახლა იმავეს ოპოზიციას აბრალებენ. ბლოგერმა ვიდეოში პროსახელისუფლებო არხებზე მომუშავე იუმორისტებიც ახსენა. მისი თქმით, ამ პროპაგანდაში ისინიც მონაწილეობენ.

„ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, ზუსტად მოხვდა მიზანში, ვიღაცეები გაბრაზდნენ“, – ამბობს რაზმაძე.

ბლოგერი ამ ეტაპზე არ ელის, რომ „პირველი ამბების“ პოსტს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„რეალურად გამოძიება რომ წავიდეს და ამოიღონ იმ გვერდის მონაცემები და ასე შემდეგ, აღმოჩნდება, რომ მე არ დამიდია ის პოსტი და არ აწყობთ“, – გვეუბნება ის.

ასევე ნახეთ

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრება

თავად რაზმაძე კონსულტაციებს გადის იმის გასარკვევად, რა სამართლებრივი გზით შეუძლია უპასუხოს პოსტებს, რომლებშიც ნარკოტიკებით ვაჭრობას აბრალებენ. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე სურს გაიგოს, რამდენად შესაძლებელია ანონიმური პოსტების ავტორთა ვინაობის დადგენა.